მიხეილ ჩინჩალაძემ და ლევან მურუსიძემ მოსამართლის თანამდებობები უნდა დატოვონ, აღნიშნული ცვლილებების გარეშე მართლმსაჯულების სისტემის განვითარებისა და დამოუკიდებლობის გამყარების პერსპექტივა რთულად წარმოსადგენია, – ამის შესახებ ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ საბჭოს დღევანდელი შემადგენლობის პირობებში სასამართლო სისტემის გაჯანსაღების რესურსი არ არსებობს.
„გავლენიანი ჯგუფი მუდმივად ებრძვის ნებისმიერ განსხვავებულ აზრს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მთლიანად სასამართლო სისტემაში. წლების მანძილზე ნელ-ნელა სისტემიდან განიდევნენ (მათთვის თანამდებობაზე გადანიშვნაზე უარის თქმით ან მათ წინააღმდეგ დისციპლინური მექანიზმის ამოქმედების გზით) ისეთი მოსამართლეები, რომლებიც სისტემისადმი კრიტიკული პოზიციებით გამოირჩეოდნენ;
გავლენიანი ჯგუფის წევრები სარგებლობენ ხელისუფლების გარკვეული შტოების და პარლამენტარების ნაწილის მხარდაჭერით;
გავლენიანი ჯგუფის უმრავლესობა წარსულში განხილული არაერთი პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გამო საზოგადოების ფართო წრეებში ცუდი რეპუტაციით სარგებლობს. მაგალითად, ლევან მურუსიძე, რომელიც უვადოდ გამწესდა თანამდებობაზე, მონაწილეობდა სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის საქმეებში. ამ საქმეებზე არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებიც, სადაც, ერთ შემთხვევაში, სასამართლოს მხრიდან მართლმსაჯულების პროცესი მკვეთრად არის გაკრიტიკებული, ხოლო, მეორე შემთხვევაში, სახელმწიფო თავად აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტს. სწორედ მსგავსი რეპუტაციის მოსამართლეების დანიშვნა შეიძლება დასახელდეს ერთ-ერთ მიზეზად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წელია, სოციოლოგიური გამოკითხვებით, სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობა მუდმივად ეცემა“, – მიაჩნიათ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
მათივე ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა უნდა განახლდეს და არამოსამართლე წევრები პარლამენტმა მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით უნდა დანიშნოს.
„ეს დამოუკიდებელი წევრების შერჩევის ერთადერთი გარანტიაა. საბჭოს განახლებული შემადგენლობის დამტკიცებამდე, უნდა შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირების საკითხი. კანდიდატთა სია განახლებულმა საბჭომ უნდა წარადგინოს პარლამენტში“, – ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს არასამთავრობო ორგანიზაციები “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო (OSGF) და ადამიანის უფლებათა ცენტრი აწერენ.