28 დეკემბერს, საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 თვის თავზე, საქართველოს ქალაქებში „ერთობის ჯაჭვი“ იმართება. ცოცხალ ჯაჭვში მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით 15:00 საათზე ჩადგნენ.
„ერთობის ჯაჭვში“ მონაწილეობას იღებენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.
მსახიობი თორნიკე გოგრიჭიანი აცხადებს, რომ ახალი არჩევნები არის ყველაზე მშვიდობიანი და ლეგიტიმური გამოსავალი ამ პროცესიდან. ამასთან, თორნიკე გოგრიჭიანი უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.
„სიმართლე ასეთი ცხადი და გადამდები ძალიან დიდი ხანია არ ყოფილა. მათთვისაც კი, ვინც ცდილობს, რომ ეს არ შეიმჩნიოს. ეს ჯაჭვიც და მთელი ერთთვიანი ტალღა მარტო ამას ცხადყოფს და შეუძლებელია ამ ტალღამ გაძლოს რაღაც ნამდვილის გარეშე. ეს ხალხი გააგრძელებს სიმართლისთვის ბრძოლას. მე მინდა, რომ დიდი და ძლიერი დასასრული ჰქონდეს ამას. ახალი არჩევნები არის ყველაზე მშვიდობიანი და ლეგიტიმური გამოსავალი და უნდა გათავისუფლდნენ დაკავებულები“, – ამბობს თორნიკე გოგრიჭიანი.
მსახიობი ვანიკო თარხნიშვილი აცხადებს, რომ „ქართველი ხალხი არასდროს დანებდება და იქამდე იბრძოლებს, სანამ საბოლოოდ არ გაიმარჯვებს“.
„არასდროს არ დავნებდებით, სანამ არ გავიმარჯვებთ ბოლომდე. ამას აჩვენებს ერთიანობაც. იმედიანად ვართ“, – ამბობს ვანიკო თარხნიშვილი.
ზაარბრიუკენის ხიდზე, სადაც მოქალაქეებმა ერთობის ჯაჭვი გააკეთეს, გიორგი ცხადაძეც იმყოფება – მსახიობი აცხადებს, რომ ასეთი ერთიანი ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი არასდროს ყოფილა. მომღერალი ამბობს, რომ მოქალაქეებზეა დამოკიდებული, როგორი მომავალი ექნება საქართველოს.
„როგორსაც ვხედავთ, რეალურად ასეთი ერთიანი ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი არასდროს ყოფილა. ყველა პროფესიის ადამიანი ცოცხალ ჯაჭვშია. ახლა იწერება ჩვენი ქვეყნის მომავალი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ვიდგეთ ერთად ყველანაირი აზრის გათვალისწინებით. დღეს გაქვს შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი შევცვალოთ და ამაზეა დამოკიდებული, როგორი მომავალი ექნება ჩვენს ქვეყანას“, – ამბობს გიორგი ცხადაძე.
„დადექით გარეთ, გადავარჩინოთ საქართველო“ – ამის შესახებ ზაარბრიუკენის ხიდზე მდგომმა ყოფილმა მოდელმა, კრისტი ყიფშიძემ „პირველებთან“ განაცხადა.