ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ „ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის“ კლინიკური დირექტორი, ემბრიოლოგი, ონკოფერტილობის ასოციაციის პრეზიდენტი – ნინო მუსერიძე სტუმრობდა, რომელმაც ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, უშვილობასა და ინვიტრო განაყოფიერებაზე ისაუბრა.
უნაყოფობა – ეს არის დიაგნოზი, დროებითი მდგომარეობა, პრობლემა რომელიც აუცილებლად საჭიროებს ჩარევას თუ დღევანდელი ტექნოლოგიებიდან და მედიცინის მაღალი მასშტაბების განვითარებიდან გამომდინარე, საერთოდ არ უნდა განვიხილოთ, როგორც დიაგნოზი და უნდა მივიღოთ, როგორც მდგომარეობა, რომელიც აუცილებლად ექვემდებარება გამოსწორებას?
კარგი იქნებოდა, ასე რომ იყოს. შეიძლება ვთქვათ, რომ ზოგ შემთხვევაში, ეს არის მდგომარეობა, ზოგ შემთხვევაში, ფსიქოლოგიური მომენტი, ზოგ შემთხვევაში კი, შეიძლება, იყოს გენეტიკურად განპირობებული პრობლემები. ჩვენ შეიძლება, გვქონდეს გენების მტარებლობა და დაავადების გამოვლინება.
ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ სწორი პასუხი, ეს დიაგნოზია ჩვენთვის თუ ეს არის მდგომარეობა.
ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, რომ ეს მოსახლეობის ძალიან დიდი პროცენტია, 15 %-ია მხოლოდ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საყურადღებოა და ყველა ადამიანისთვის, ინდივიდუალურად ძალიან დიდი ტკივილია.
პრობლემის არსებობის შემთხვევაში, სად გადის ზღვარი დაცდასა და დაგვიანებას შორის, როდის უნდა მივმართოთ ექიმს დაუყოვნებლივ?
ხშირია, როდესაც წყვილი დაგვიანებით მოდის სპეციალისტთან, რადგან კი, შეიძლება, ის მივიდა ექიმთან, მაგრამ არ მივიდა მიზანმიმართულად იქ, სადაც უნდა მისულიყო.
რეპროდუქტოლოგია ეს არის სფერო, რომელშიც მუშაობენ გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგები და რეპროდუქტოლოგია ეს არის ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ეს არ არის მხოლოდ მეან-გინეკოლოგია.
ასეთი ინსტიტუტი საქართველოში პირველი „ჟორდანიას ინსტიტუტი“ იყო. წარმოიდგინეთ, მთელს მსოფლიოში დღეს დაიწყეს საუბარი რეპროდუქტოლოგიაზე, მეან-გინეკოლოგიის შემდგომ რეზიდენტურის კურსებზე, გადამზადების კურსებზე, მაგრამ საქართველოში ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული ცენტრი არსებობდა და ეს იყო „ჟორდანიას ინსტიტუტი“. საქართველოში ძალიან ბევრი რამ პირველად სწორედ „ჟორდანიას ინსტიტუტში“ გაკეთდა, ისევე, როგორც ინ-ვიტრო განაყოფიერება და მე ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ ინსტიტუტის წარმომადგენელი ვარ.
მეან-გინეკოლოგთან მისვლის დროს, საყურადღებოა, თუ რამდენი წლის ვართ, დავუშვათ, ვარ 20 წლის, გავთხოვდი, ერთი წლის განმავლობაში მაქვს სქესობრივი ურთიერთობა და არ ვრჩები ორსულად, ეს არ არის კატასტროფა, ეს არ არის პათოლოგია და ეს აბსოლუტური ნორმაა, მაგრამ თუ ჩვენ დავგეგმეთ ორსულობა, გვინდა, რომ დავორსულდეთ, მაგრამ გავიდა ერთი წელი, წელიწად ნახევარი, ორი წელი და ორსულობა არ დგება, აუცილებლად უნდა მივმართოთ რეპროდუქტოლოგს.
იცით, პრობლემა რაში მდგომარეობს?! ძირითადად, რატომღაც ძალიან ხშირად არის ხოლმე კვლევები ჩატარებული ინფექციურ აგენტებზე, დანიშნულია უამრავი მკურნალობა, მაგრამ უნაყოფობის ძირითადი მიზეზები, რაც სულ ოთხია, არ არის ხოლმე გამოკვლეული. აღნიშნული მიზეზებია – დისჰორმონალური ფონი, როგორც ქალის, ისე მამაკაცის, სიმსუქნე, წონა, ასევე წონის დეფიციტი.
ყველა იმ პიკს, რომელიც უნდა მოხდეს ჩვენს ორგანიზმში, რომ მოხდეს ნორმალური ოვულაციის პერიოდი, რომ გამოვიდეს კვერცხუჯრედი, იყოს ნორმალური სპერმატოგენეზი, ამას ყველაფერს ენდოკრინოლოგიური სისტემა განაგებს. აქედან გამომდინარე, ნამდვილად აუცილებლად უნდა გაიტესტოს ენდოკრინოლოგიური პანელი, როგორც მამაკაცის, ისე ქალბატონის. მნიშვნელოვანია, რომ წყვილი მივიდეს ექიმთან, რადგან ძალიან ხშირად, მხოლოდ ქალი მიდის სპეციალისტთან, მიმდინარეობს მისი ძალიან ხანგრძლივად მკურნალობა და სინამდვილეში მამაკაცს სპერმოგრამაც კი არ აქვს გაკეთებული. შესაძლებელია, ქალთან არანაირი პრობლემა არ იყოს და მამაკაცს ჰქონდეს ძალიან ბევრი პათოლოგია, შესაბამისად, ისინი აუცილებლად ყოველთვის ერთად უნდა მივიდნენ ექიმთან.
როდესაც ვსაუბრობთ ქალისა და მამაკაცის ჯანმრთელობაზე, აუცილებლად უნდა გაგვახსენდეს მილები, უმთავრესი ადგილი, სადაც განაყოფიერება ხდება. შესაბამისად, არსებობს მექანიკური ტიპის უშვილობაც და სწორედ ეს გახლავთ მესამე მიზეზი.
რაც შეეხება მეოთხე მიზეზს, შესაძლებელია არც ქალს და არც მამაკაცს პრობლემა არ ჰქონდეთ, მაგრამ ერთად შვილის გაჩენის პრობლემა მაინც იყოს, ეს შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური ან იყოს რაიმე სხვა ტიპის დაზიანება. ჩვენ ამას ვხვდებით, როცა ვიწყებთ საუბარს ინ-ვიტრო განაყოფიერებაზე ან ვატარებთ უფრო ღრმა კვლევებს. წარმოიდგინეთ, ერთი ფოლიკულის მომწიფებისთვის 10-15 ანტრალური ფოლიკული იღუპება და იმ მომწიფებას ეწირება ეს რაოდენობა.
შესაძლებელია, თანდაყოლილად არ გვქონდეს 400 და გვქონდეს 200 ფოლიკული, ასევე უფრო ადრე დაგვეწყოს მომწიფების ასაკი და უფრო მალე გავხარჯოთ ისინი. ასევე, ძალიან ხშირად არის ხოლმე პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი, რომლის დროსაც, პირიქით, მეტი რაოდენობის ფოლიკულებია და ეს ადამიანები უფრო გვიან პერიოდში აჩენენ შვილებს, რადგან პირიქით, გადამეტებული რაოდენობით აქვს ეს ანტიმიულერის ჰორმონიც, ორგანიზმში არის ჰორმონალური დისბალანსიც და მათ ხშირად აწუხებთ ანოვულატორული ციკლი.
აუცილებელია, დროულად მიმართოთ რეპროდუქტოლოგს, რომ იცოდეთ რა დიაგნოზი გაქვთ, საერთოდ არსებობს თუ არა პრობლემა და შემდგომ, მარტივად დაგეგმოთ ორსულობა.
დღეს, ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოდის ჩემთან და მეუბნება, რომ ფერტილობის გადავადება უნდა და ამაში არანაირი პრობლემა არ არის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ შეიძლება, 24 წლის ასაკშიც გვქონდეს ძალიან დაბალი რეზერვი და 43 წლის ასაკში გვქონდეს ძალიან კარგი რეზერვი. აქედან გამომდინარე, ასაკი არ არის იმის განმაპირობებლი გვჭირდება თუ არა ექიმთან მისვლა.
არასოდეს არ უნდა დავიტვირთოთ ფსიქოლოგიურად, რადგან ყველაფერს თავისი გამოსავალი აქვს, უბრალოდ, მთავარია, ექიმს მივმართოთ.

არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ქალბატონთან ან მამაკაცთან გვაქვს ბევრი იმ ტიპის პრობლემა, რომელიც რეალურად უშვილობას იწვევს, მაგრამ ორსულობა მაინც დგება, მაშინ, როცა რიგ შემთხვევებში, ზოგიერთ ქალბატონთან პატარა პრობლემაც კი შეძლება, რომ უშვილობის მიზეზი გახდეს, რატომ ხდება ასე?
კარგი იქნებოდა, ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი მქონოდა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ზოგადად, მედიცინაში 2 X 2 ოთხი არასდროს არ არის.
ძალიან ხშირად, მოდის პაციენტი და პრაქტიკულად, არცერთი პრობლემა არ ჩანს, არც ერთი პრობლემა არ არის გამოკვეთილი, მაგრამ საბოლოოდ, აღმოჩნდება, რომ ძალიან ბევრი პრობლემაა.
ჩვენ არ გვიხსენებია ენდომეტრიოზის დიაგნოზი და ძალიან ხშირად მესამე, მეოთხე ხარისხის ენდომეტრიოზი არის უნაყოფობის მიზეზი. ძალიან ხშირად, მე როგორც ემბრიოლოგს ენდომეტრიოზის მქონე პაციენტებში გამიკეთებია IVF-იც და X მეთოდიც და იცით, ხშირად, IVF-ით შეიძლება, რომ ვერ მიიღოთ ემბრიონი და X-ის მეთოდით მიიღოთ.
ხშირად არის, რომ სწორედ ენდომეტრიოზი არის უნაყოფობის მიზეზი, მაგრამ ამ დაავადების მკურნალობა, პრაქტიკულად, არ არის არც ლაპარასკოპია, არც კოაგულაცია, ენდომეტრიული სისტემის მოკვეთა, ძირითადად, ითვლება, რომ ორსულობა არის ამის მკურნალობა. შესაბამისად, უმჯობესია, რომ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ენდომეტრიოზი, დროულად მივაღწიოთ ორსულობას. შემდგომ, ისინი უკვე ძალიან კარგად აჩენენ შვილებს, რადგან დაავადება აღარ განიცდის პროგრესს.
ენდომეტრიოზი სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის, მაგრამ პროგრესირებადი დაავადებაა. ძალიან ხშირ შემთხვევაში, აქვს კლინიკური გამოვლინება, ტკივილის სინდრომი, იწვევს მილის პრობლემას, საკვერცხის პრობლემას. ამ შემთხვევაში, ხშირად არის დაბალი რეზერვი. ასეთ პაციენტებს ვურჩევ, რომ უფრო სწრაფად მიმართონ რეპროდუქტოლოგს და გააჩინონ ბავშვი, რადგან ამის მერე, ჩემმა ბევრმა პაციენტმა თვითონ გააჩინა ბავშვი, ყოველგვარი ჩარევის გარეშე, რადგან პირველ რიგში, ფსიქოლოგიური მომენტი გადადის მეორე პლანზე, რადგან პაციენტს უკვე ჰყავს საყვარელი შვილი, რომელზედაც ზრუნავს. მეორე, ის, რომ 9 თვის განმავლობაში არის ამენორია, ის, რომ მიმდინარეობს ორსულობა, ის, რომ ძუძუთი კვებაზე გყავს შვილი, ამით ვახერხებთ იმას, რომ შეიძლება, ენდომეტრიოზმა უკან დაიხიოს.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქალბატონებზე 30 წელს ზევით და როცა აქ გამოხატულად არის უშვილობა, პირველადი რჩევა ინვიტრო განაყოფიერებაა თუ რაღაც პერიოდი ვიცდით, ვმკურნალობთ და შემდეგ, ვთავაზობთ მას ამ ყველაფერს, ანუ რაც მალე გაკეთდება ინვიტრო განაყოფიერება, უკეთესია?
30-ს არა, უფრო 35+ წელს ავიღებდი საზომად.
ძალიან ხშირად, ჩვენმა პაციენტებმაც იციან, რომ თუ აქვთ დაბალი რეზერვი და გააჩენენ პირველ შვილს, მოხდება რეზერვის გადავადება, მაგრამ ჯობია, რომ უფრო დროულად გავაჩინოთ. მაგალითად, ერთ-ერთმა პაციენტმა, რომელიც ბუნებრივად დაორსულდა და რომელსაც ვუთხარით, რომ იქნებ, იჩქაროთ მეორე-მესამე შვილის გაჩენა, რადგან ჯობია, რომ დროულად გააჩინოთ, სამწუხაროდ, 7 წელი არ დააპირა და შემდგომ დააპირა. 7 წელი ძალიან ბევრია, როდესაც ჩვენ 33 – 34 წლის ვართ, როდესაც დაბალი რეზერვი გვაქვს. კი, ჩვენ ბუნებრივად ვორსულდებით, არ არის აქ არაფერი სასწაული, მაგრამ როდესაც ვაჩენთ შვილს და ვახდენთ ჩვენი ფერტილობის გადავადებას და არ გვაქვს ამხელა რეზერვი, ჩათვალეთ, რომ 35 წლის შემდგომ, ეს ანტიმიულერი ნახევრდება და შემდგომ უკვე, ყოველწლიურად ხდება მისი დაკლება. როდესაც 30 – 35 წლამდე ვართ, ამ შემთხვევაში, სამ წელიწადში ერთხელ შეიძლება შეიცვალოს ის, თან აქ სხვადასხვანაირად არის, არის იმის მიხედვით, გვაქვს თუ არა რაიმე პათოლოგია, წონის დეფიციტი, სიმსუქნე… ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, გვაქვს თუ არა რაიმე პრობლემა. როდესაც 40+ ვართ, ეს მონაცემი ყოველ თვეში შეიძლება შეიცვალოს, ამიტომ პაციენტებს ყოველთვის ვეუბნები, 40+ როცა არის, ჩათვალეთ, რომ ერთი თვე ერთი წელი არის-მეთქი. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ყოველი ადამიანისთვის ასეა, ჩვენ ვსაუბრობთ იმ 15 %-ზე რომელსაც ეს პრობლემა, უნაყოფობა აწუხებს.
ექიმს აუცილებლად დროულად უნდა მივმართოთ. ზოგადად, მე ვთვლი, რომ წყვილმა ყოველთვის უნდა იცოდეს, თუ რა დრო აქვს იმისთვის, რომ შვილი გააჩინოს და ქალმა ყოველთვის უნდა იფიქროს საკუთარ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. რატომ ვამბობ ქალს?! ხშირად მეუბნებიან, თქვენ ქალებს გვაკნინებთო, არავის არ ვაკნინებ, უბრალოდ, ნახეთ, ძალიან ხშირად არის ხოლმე მამაკაცის მიერი უშვილობა, პრაქტიკულად, 40% ერთია, 40% მეორე, ანუ აბსოლუტურად თანაბარია, მაგრამ მამაკაცის უშვილობის გამო, ქალმა საკუთარი რეპროდუქციული ფუნქცია არ უნდა დაკარგოს, რადგან წარმოიდგინეთ, მამაკაცს ერთიცალი სპერმატოზოიდიც რომ ჰქონდეს, ჩვენ შეგვიძლია, რომ განაყოფიერება გავაკეთოთ. თუ ერთი ცალი სპერმატოზოიდი არსებობს, ესე იგი კრიპტოზოოსპერმიაა და რეალურად შეგვიძლია, ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, PRP თერაპია, ეგზოსომების გადანერგვა, რაც კიდევ 10-20 % -ით ზრდის ორსულობის დადგომის ალბათობას. რატომ უნდა ველოდოთ იმას, რომ ნორმა გახდეს და ბუნებრივად დავორსულდეთ?! ველოდოთ ერთი წელი, 6 თვე, 2 წელი, მაგრამ არა 20 წელი.

თუ გადაწყვეტთ, რომ არ გვინდა ინვიტრო განაყოფიერება, მაშინ გაყინეთ თქვენი კვერცხუჯრედი, რადგან შემდგომ, მოდის ძალიან ბევრი ქალბატონი, რომელსაც მამაკაცის უშვილობის გამო აღარ აქვს კვერცხუჯრედი და ისინი აჩენენ საკუთარი მეუღლის შვილებს. ძალიან დიდი ბედნიერებაა, არ ვამბობ არაფერს, ჩემთვის საერთოდ არ ნიშნავს, რომ კვერცხუჯრედი არის რაიმე, შვილის გაჩენა არ არის მხოლოდ კვერცხუჯრედი და ემბრიონი, შვილის გაჩენა არის – მე მივეცი სიცოცხლე ახალ სიცოცხლეს, მაგრამ რატომ, როცა გვაქვს საშუალება, გვაქვს ჩვენი ბიოლოგიური მასალა და იმის გამო, რომ ოდესღაც არ გვინდოდა ინვიტრო განაყოფიერება, რომ რაღაც სტიგმაა და გვინდა, ბუნებრივად დავორსულდეთ, რატომ უნდა ველოდოთ 20 წელი ?! ჩვენ იმაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენს შვილებსაც უნდათ, რომ ახალგაზრდა მშობლები ჰყავდეთ, ამიტომ ვიფიქროთ, არა მხოლოდ საკუთარ თავზე, იმაზე, თუ რა გვინდა, არამედ იმაზე, თუ რა შეგვიძლია. ერთმანეთი არ უნდა დაძაბოთ და არ უნდა ჩააგდოთ ისეთ მდგომარეობაში, რომ არ მინდა ინვიტრო განაყოფიერება და ამიტომ უნდა დავიცადოთ, რადგან, შემდეგ ექიმსაც არ აქვს გამოსავალი.
რამდენიმე წლის წინ, ჩვენთან მოსული იყო ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა ენდომეტრიოზი, უკვე დაბალი იყო რეზერვიც, საკვერცხეზე ჰქონდა ძალიან ბევრი ცისტა და ჩვენმა ერთმა ექიმმა უთხრა, გაიკეთეთ ინვიტრო განაყოფიერება და ყველაფერი გამოგივათ, ყველაფერი კარგად გექნებათ და მერე, თქვენ თვითონაც გააჩენთ შვილსო. მაშინ, ამ ქალბატონმა თქვა, რომ ინვიტრო განაყოფიერება არ უნდოდა. 2 წლის მერე კი, ძალიან ბევრი ვიწვალეთ იმისთვის, რომ ამ ქალბატონთან ორსულობა დამდგარიყო. არ შეიძლება საკუთარი ჯანმრთელობის, ფსიქოლოგიური მდგომარეობის ხარჯზე ასე მოქცევა, მარტო იმიტომ, რომ რაღაც დამხმარე ტექნოლოგია არ გვინდა. ჩვენ როდესაც სტენტირება ან შუნტირება გვჭირდება, ხომ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არ მინდა… რატომ შეიძლება, რომ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგია თუ გჭირდება, არ გაიკეთო, მხოლოდ იმიტომ, რომ არ გინდა. ეს არის ჩვეულებრივი, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგია. ჩვენ, ემბრიოლოგები ვქმნით მხოლოდ უჯრედებს, თქვენ აძლევთ სულს, ანუ ამაში არაფერი ხელოვნური არ არის, ეს არის მეუღლეების, პარტნიორების ბიოლოგიური მასალა, სპერმატოზოიდი და კვერცხუჯრედი, რომლებიც უბრალოდ ლაბორატორიულ პირობებში ხვდებიან ერთმანეთს. წარმოიდგინეთ, ისეთი წყვილებიც არსებობს, რომლებიც ვერასდროს შეხვდებოდნენ ერთმანეთს და ჩვენ მათ ვახვედრებთ და ვქმნით ემბრიონს, რომელიც გენეტიკურად რომ ჯანმრთელია, ისიც კი იცით. შემდეგ ის, ისევ საკუთარ დედასთან ხვდება, მხოლოდ რაღაც პერიოდის გამოტოვებით, თუ გენეტიკურს ვაკეთებთ, ერთი თვის.
რას ნიშნავს კარგი ხარისხის ემბრიონი და რაზეა დამოკიდებული მისი ხარისხი, ასაკზე?
არა მარტო ასაკზე, ძალიან ბევრი კრიტერიუმი არსებობს.
როდესაც აზოოსპერმიის დიაგნოზია, პრაქტიკულად, ბუნებაში ამ პაციენტს შვილი არ უნდა ეყოლოს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენ ბუნების წინააღმდეგ მივდივართ და მისგან, სათესლე ჯირკვლიდან ვიღებთ ბიოლოგიურ მასალას, სპერმატოზოიდს და მაინც ვქმნით ემბრიონს. ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად გენეტიკურად ჯანმრთელია ეს ემბრიონი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიკვლევთ ამ პაციენტებს გენეტიკურად, ვაკეთებთ ციტოგენეტიკას, ასევე მუტაციების მტარებლობის კლინიკას, ხანდახან სრული გენეტიკური ხის გამოკვლევა გვჭირდება.
ჩვენ გვაქვს მამაკაცის და ქალის ფერტილობის პანელი, რომელიც შეგვიძლია, რომ გავიკეთოთ და ვიცოდეთ, რომ ვართ გენეტიკურად ფერტილურები, გვაქვს კარგი რეზერვი და ა.შ. დღევანდელ დღეს ყველაფერი შეგვიძლია კვლევების საშუალებით.
რას ნიშნავს კარგი ხარისხის ემბრიონი, ეს არის მორფოლოგია. ჩვენ შეიძლება, ძალიან კარგად გამოვიყურებოდეთ, მაგრამ ძალიან ბევრი ცუდი გენეტიკის ან დაავადების მატარებლები ვიყოთ, ასევეა ემბრიონი. როდესაც ემბრიონს ვქმნით, აქ არის აგებულება, რამდენად სწორად იყოფა, რამდენად დროში სწორად იყოფა, რამდენად არ აქვს ფრაგმენტაცია. ფრაგმენტაცია ეს არის რაღაც მორფოლოგიური დარღვევის გამო არსებული დაზიანებები. ჩვენ ინვიტრო განაყოფიერებაში ვიღებთ უფრო ბევრ ემბრიონს, თუმცა ბევრი ემბრიონი არ ნიშნავს აუცილებლად საუკეთესოს. ჩვენ ხშირად გვსმენია, ბევრი ემბრიონიდან ვერცერთი მივიდა მეხუთე დღემდე და ა.შ.
შეიძლება, იყვნენ ქალი და მამაკაცი, რომლებთანაც განაყოფიერება საერთოდ არ დგება, ანუ კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი ხვდება ერთმანეთს, მაგრამ განაყოფიერება არ ხდება და ჩვენ ვახერხებთ იმას, რომ ეს განაყოფიერება მოხდეს.
არიან წყვილები, რომლებიც არასდროს ყოფილან ორსულად და არიან წყვილები, რომელთაც ბევრჯერ ჰქონდათ თვითნებითი შეწყვეტილი ორსულობა. მინდა გითხრათ, შეწყვეტილი ორსულობაც უნაყოფობაა. ძალიან ბევრი ამბობს – „მე რად მინდა რეპროდუქტოლოგი, მე ვრჩები ორსულად“, მაგრამ შეწყვეტილ ორსულობასაც აქვს მიზეზი და 95-98 %-ში ეს არის გენეტიკური აბერაციები ემბრიონში, როდესაც მეშვიდე-მერვე კვირაზე ხდება ორსულობის შეწყვეტა. მაგალითად, 7 შეწყვეტილი ორსულობა ჰქონდა წყვილს, რომელიც 25 წლის იყო. ასეთ დროს, აუცილებლად ვეუბნებით გაიკეთონ სკრინინგი, ხომ არ აქვთ მუტაციების მტარებლობა, ხომ არ აქვთ ერთნაირი დაავადებები და შემდგომ, ემბრიონსაც ვიკვლევთ ქრომოსომულად.
წყვილს, ამდენი შეწყვეტილი ორსულობით, ყოველთვის ჰგონია, რომ შეწყვეტილი ორსულობის გამოსავალი სუროგაციაა, მაგრამ არანაირად… თუ ემბრიონი გამოდის არაჯანმრთელი, ვერც სუროგატი დედა ვერ მიიტანს მას ბოლომდე. აქედან გამომდინარე, აქ პრობლემა ემბრიონშია.
აღნიშნულ წყვილთან მივიღეთ 25 კვერცხუჯრედი, საიდანაც განვითარდა 12 ემბრიონი, ძალიან ლამაზი, მორფოლოგიურად საუკეთესო, მაგრამ მხოლოდ ერთადერთი ემბრიონი იყო გენეტიკურად ჯანმრთელი. მათ გააჩინეს გოგონა. მათ ჰქონდათ გენეტიკური მტარებლობა მუტაციისა, ჰქონდათ ერთნაირი მუტაცია და ამის შედეგად არ ჩნდებოდა ბავშვი.
ერთხელ, იყო ერთი ქალბატონი, რომლის მეუღლესაც რამდენიმე გენის მუტაცია ჰქონდა და მე მას ვუთხარი, რა ბედნიერი ყოფილხართ, რომ დღეს ჯანმრთელი შვილი გყავთ-მეთქი. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ბუნება გვიცავს იმისგან, რომ არაჯანმრთელი ბავშვები არ გავაჩინოთ.
ჩვენ როდესაც ვქმნით ემბრიონს, ხშირად გვყავს წყვილი, რომელთანაც ჯანმრთელი ემბრიონი პრაქტიკულად არ იქმნება. აქედან გამომდინარე, ბევრს ვწვალობთ და ჩვენ უფრო მეტი შანსი გვაქვს, რომ მივიღოთ იქ ემბრიონი, რადგან წარმოიდგინეთ, შავი და თეთრი რომ შეაერთოთ, ჭრელის რამდენი ვარიაცია იქნება და ეს არის გენეტიკა ეს არის ის, რასაც შესაძლებლობას ვაძლევთ, რომ რაიმე ვარიაციით ჯანმრთელი მივიღოთ.
ძალიან რთულია შეწყვეტილი ორსულობა, ეს კიდევ უფრო რთულია, ვიდრე როცა არ ორსულდება ქალი.
ზოგადად, როდესაც ექიმთან მოდის პაციენტი, მან ყოველთვის უნდა იცოდეს, რისი შანსი აქვს, რა მკურნალობის მეთოდები არსებობს და რომელ მეთოდს ჯობია, რომ მიმართოს. ეს ყველაფერი პაციენტს უნდა უთხრას ექიმმა. ჩვენ პაციენტს აბსოლუტურად ყველაფერს ვეუბნებით, რა შანსი აქვს, რისი გამოყენება უნდა… ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ მხოლოდ ჩვენი გადაწყვეტილება მოვახსენოთ და ვუთხრათ, რომ ასე უნდა გავაკეთოთ და დამთავრდა. პაციენტმა უნდა იცოდეს საკუთარი პრობლემა.
ხანდახან არის ხოლმე კომუნიკაციის პრობლემა, რადგან მოდის პაციენტი და მან საერთოდ არ იცის, რა, რატომ და რისთვის აქვს გაკეთებული და რა არის უნაყოფობის მიზეზი.
ემბრიონს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ერთ-ერთი უდიდესი.
მინდა გითხრათ, რომ ინვიტრო განაყოფიერება ეს არის გუნდური მუშაობა, ეს არ არის ერთი ადამიანი, ერთი ექიმი, ერთი ემბრიოლოგი, ეს არის გუნდი, რომელიც ერთად მუშაობს, რადიოლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, რევმატოლოგი, ონკოლოგი, რადგან დღეს ძალიან ბევრია ონკოლოგიური პაციენტი, ვისაც მერე შვილი უნდა გავაჩენინოთ, რისთვისაც ძალიან ბევრი პროტოკოლი არსებობს.
ინვიტრო განაყოფიერებაშიც არ არის ერთი რაღაც პროტოკოლი, რომელსაც მივყვებით და აუცილებლად ყველასთან გამოვა, ეს აბსოლუტურად ინდივიდუალურია. ძალიან ხშირად, როდესაც ბევრი ციკლია პაციენტთან გაკეთებული, შენ შეიძლება, იპოვო ის დეტალი, რაც წინამორბედს გამორჩა. ძალიან ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი და ამაზე ერთად ფიქრობს გუნდი. მერე, ვწყვეტთ, თუ რა პროტოკოლით მივდივართ პაციენტთან, გვჭირდება თუ არა გენეტიკური კვლევა, შემდგომ რა ხდება და ა.შ.
დღევანდელ დღეს, ემბრიონის გენეტიკური კვლევა რადგან არსებობს, პრაქტიკულად 10-დან 6 პირველივე ცდაზე ორსულდება. ადრე, როდესაც ინვიტრო განაყოფიერებაში ვიწყებდი მუშაობას, % 25-45 იყო, დღეს, გენეტიკური კვლევებით მივაღწიეთ იმას, რომ არის 60 და დღევანდელ დღეს იმდენად სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიები, რომ ვფიქრობ, მალე კიდევ უფრო მაღალ პროცენტს მივაღწევთ.
უსაფრთხოა თუ არა გენეტიკური ტესტი ემბრიონისთვის?
ნამდვილად უსაფრთხოა. ადრე, ეს მექანიკურად კეთდებოდა და შესაძლებელი იყო, რაღაც პროცენტით, რომ დაზიანება გამოეწვია, მაგრამ დღევანდელ დღეს, ჩვენ გვაქვს ლაზერი, რომელიც აბსოლუტურად უსაფრთხოა და ემბრიონი, პრაქტიკულად, არ ზიანდება. რა თქმა უნდა, ემბრიოლოგის კვალიფიკაციასაც აუცილებლად აქვს მნიშვნელობა, მაგრამ არცერთი ემბრიოლოგი არ გააკეთებს იმას, რისი გაკეთებაც არ იცის.
დღევანდელ დღეს, მაგალითად, 500 ბიოფსია გვაქვს ხოლმე. მე მყავს ბავშვები, რომელთაც არ ჰქონდათ ადრე ბიოფსია, ადრე გაყინული ემბრიონები იყვნენ და შემდეგ, გამოვყინეთ, გავაკეთეთ ბიოფსია და ისევ გავყინეთ. რომ გავიგეთ, ჯანმრთელები არიან, ისინი დაიბადნენ. ასე, რომ ეს არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს, თუ ემბრიონი კარგი ხარისხის, ჯანმრთელია.
დღეს, გამოყინვა-გაყინვა აბსოლუტურად უსაფრთხოა, იქიდან გამომდინარე, რომ კეთდება ვიტრიფიკაცია. ეს არის მეთოდი, რომელმაც მოგვცა საშუალება, რომ პრაქტიკულად, აღარ გვქონდეს ჰიპერსტიმულაციები. ადრე, როდესაც ქალი ორსულდებოდა, ხანდახან, იმ ციკლში, ფრეშ გადატანები როცა ხდებოდა, შეიძლებოდა, ჰიპერსტიმულაცია მომხდარიყო და ასეთი პაციენტები ცოტა გართულებულები იყვნენ.
დღევანდელ დღეს, 95 %-ში გენეტიკური კვლევებით გადადის ემბრიონები. გარდა ამისა, ჩვენ დაახლოებით 472 გენის მუტაციას ვიკვლევთ, რადგან ძალიან ბევრი მტარებლობა არსებობს.
სხვათა შორის, ახლა, ვაკეთებთ სტატისტიკას, თუ რა გენეტიკური დაავადებების მტარებლობა აქვს ქართველ პოპულაციას, რადგან რატომღაც, ჩვენთან არ იყო ასეთი კვლევები. დღევანდელ დღეს, დაახლოებით, 3000-ზე მეტი წყვილი გვყავს გამოკვლეული გენეტიკურად. პირველ ადგილზე პერიოდული დაავადება გამოვლინდა, მეორეზე – ცისტური ფიბროზის გენი.
როდესაც ვსაუბრობთ გენეტიკაზე, ყველა ამბობს – „ჩემს ოჯახში არასდროს არაფერი ყოფილა“, კი, შეიძლება, არ იყოს, მაგრამ შეიძლება, თქვენ იყოთ პირველი. ტრანსლოკაცია ეს ისეთი რამ არის, რომელსაც თვითონ ემბრიონი იღებს.
ჩვენ გვყავდა წყვილი, რომელთაც სამჯერ ჰქონდათ არა წარუმატებელი ორსულობა, არამედ დაიბადნენ ბავშვები და შემდეგ, გარდაიცვალნენ. შემდგომ, მოხდა გადატანა და პირველივე გადატანაზე დაორსულდა პაციენტი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს 472 გენი გამოვიკვლიეთ, ისევ რაღაც პათოლოგიით აღმოჩნდა ნაყოფი. შემდეგ, ჩვენ უკვე აბორტული მასალა გამოვიკვლიეთ გენზე და ამ აბორტულ მასალაში აღმოვაჩინეთ ის გენი, რომელიც მათ ჰქონდათ და ეს იყო კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემით არსებული გენი. დღეს, მათ უკვე გააჩინეს შვილი, რადგან იმ დანარჩენ ემბრიონებში ჩვენ ის გენი მოვძებნეთ და ჯანმრთელი ემბრიონი გადავიტანეთ. დღევანდელ დღეს ყველაფერი შესაძლებელია. მათ ფანტასტიკური, ჯანმრთელი ბავშვი ჰყავთ. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია იმ კვლევების დანერგვა, რომელიც დღევანდელ დღეს არსებობს.
დღეს, ჩვენ აბსოლუტურად ყველა კვლევის გაკეთება შეგვიძლია. წარმოიდგინეთ, ხელოვნური ინტელექტი არჩევს სპერმატოზოიდს, თუ როგორ გამოიყურება, რა მორფოლოგია აქვს. არ შეიძლება, ჩემმა თვალმა ისევე დაინახოს მიკროსკოპში, როგორც თუნდაც, ხელოვნური ინტელექტი დაინახავს, თუმცა არ შეიძლება, რომ ხელოვნური ინტელექტი შევუშვათ ყველგან და 100 %-ით იყოს. შენ უნდა იცოდე ამ ხელოვნური ინტელექტის მართვა. ჩვენ მას ასევე ვამეცადინებთ.
ჩვენ ვმუშაობთ ემბრიოლოგებთან, რომლებიც ისრაელიდან ჩამოდიან ხოლმე ჩვენთან და სხვათა შორის, მათ ჩვენთან პირველად ნახეს ეს პროგრამა, თვითონ არ აქვთ. პროგრამა „ერიკა“ მორფოლოგიით, მისი მოძრაობით და ყველაფრით არჩევს სპერმატოზოიდს და მათ თქვეს, ვინ ამეცადინა ასე კარგად ეს პროგრამაო, თუმცა ის სრულად ნამდვილად ვერ შეცვლის ექიმს და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რა დოზით დავუშვათ AI, მაგრამ ის ძალიან კარგად გვეხმარება დიაგნოსტიკაშიც, არჩევანშიც.
თაიმლაბსს, რომელიც გვაქვს და რომლის მეშვეობითაც ყოველ წამს ვაკვირდებით ემბრიონის განვითარებას, მასაც აქვს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც სრულად განაგებს და ხედავს, თუ როგორ ვითარდება ემბრიონი მასში და შემდგომ გვეუბნება, რომელი უფრო სწორად განვითარდა, რომელი უფრო სწორად იყოფოდა, რომელი უნდა ავარჩიოთ იმისთვის, რომ გენეტიკური კვლევა გავაკეთოთ.

მიუხედავად იმისა, რომ ემბრიონი შეიძლება, იყოს აბსოლუტურად ულამაზესი, უჯანმრთელესი და საუკეთესო ხარისხის, შეიძლება, მას ჰქონდეს რომელიმე ქრომოსომული პათოლოგია, ამიტომ არასდროს ჩავთვალოთ, რომ რაში გვჭირდება გენეტიკა, თუ გვითხრეს რომ ემბრიონი ფანტასტიკური ხარისხისაა. შესაძლებელია, გენეტიკურად არაჯანმრთელი იყოს ფანტასტიკური ხარისხის ემბრიონი და პირიქით, გენეტიკურად ჯანმრთელი იყოს არასწორი მორფოლოგიის ემბრიონი.
ერთი რამ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ გენეტიკურ კვლევაზე, რომელსაც ემბრიონს ვუკეთებთ, ეს არის ქრომოსომული გენეტიკური კვლევა, იქ არ არის ის დაავადებები, რომლებზეც ჩვენ შეიძლება, რომ ვისაუბროთ, ამიტომ ის ტესტები, რომელიც ორსულობაში კეთდება, აუცილებლად უნდა გავიკეთოთ, მიუხედავად იმისა, რომ გენეტიკურად, ქრომოსომულად გამოკვლეული ემბრიონი გადავიტანეთ. რეალურად, რატომ ვაკეთებთ ამას?! იმიტომ, რომ 80%-ში ვერ მივიღებთ ორსულობას თუ გენეტიკურად ჯანმრთელი არ არის ემბრიონი, ქალი ან არ დაორსულდება ან ბოლომდე ვერ მიიყვანს ორსულობას.
წარუმატებელი ინვიტრო განაყოფიერების შემდეგ, რამდენჯერ შეიძლება ვცადოთ და გავიმეოროთ ეს ყველაფერი?
მე ვფიქრობ, რომ არასდროს არ უნდა დანებდეს არავინ. მე არ მყავს ისეთი პაციენტი, რომელსაც ვეუბნები – „თქვენ არასდროს გეყოლებათ შვილი“. არ შეიძლება ასეთი რამ, რადგან არსებობს ყველანაირი მეთოდი, სუროგაცია დონაციით ხომ მაინც შეგიძლიათ მიაღწიოთ ამას. შესაბამისად, გააჩნია დამხმარე ტექნოლოგიები რა დონეზეა თქვენს შემთხვევაში გამოსაყენებელი.
გვყავდა პაციენტი, რომელსაც მეცხრე გადატანა ჰქონდა, არა მარტო ჩვენთან, არამედ სხვა კლინიკაშიც და მას არაფრის აღარ სჯეროდა და როცა პაციენტს არაფრის არ სჯერა, ეს ძალიან რთულია, მაგრამ იცით რა, იმუნოლოგიური უშვილობის თემაც არსებობს, შეიძლება, ენდომეტრიუმის მხრივ იყოს დარღვეული რეცეფცია, შეიძლება, არ ვიცოდეთ ინპლანტაციური ფანჯარა, მოკლედ, ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს და ჩვენც ვერ შევძლებთ, რომ ყველაფერი ერთად გავუკეთოთ პაციენტს, რადგან ეს წარმოუდგენლად ძვირად ღირებული გამოდის, მაგრამ ისინი, ვინც ამ რთულ გზას გადიან, ამბობენ, ნეტა, ყველაფერი თავიდანვე გაგვეკეთებინაო. არ არსებობს ამის მარტივი არითმეტიკა.
ვთვლი, რომ არასდროს იმაზე მეტი არ უნდა გააკეთო, ვიდრე ეს პაციენტს სჭირდება, რადგან მე მყავს პაციენტები, რომლებიც პირველივე გადატანაზე დაორსულდნენ და მათ არ სჭირდებათ არც ის ჰისტეროსკოპია, არც ქერიერ სკრინინგი და არც იმ იმუნოლოგიური ფაქტორების კვლევა, რომელთაც იმ პაციენტებთან ვაკეთებთ, რომელთაც უკვე ბევრი მცდელობა ჰქონდათ.
ვთვლი, რომ არასდროს არ უნდა დანებდეთ, რადგან ეს არის თემა, რომელსაც მე ვთვლი, რომ არასდროს არ აქვს ცუდი გამოსავალი. ბავშვი უნდა გავაჩინოთ და უნდა გავაჩინოთ ნებისმიერ შემთხვევაში.
აქ ძალიან დიდი როლი აქვს ფსიქოლოგიურ მომენტსაც. ყველაზე მთავარი არის, პაციენტმა დაინახოს, რომ ექიმი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ის დაორსულდეს.
როდესაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ არაფერი ისეთი არ არის, რომ არ დადგეს ორსულობა, ჩვენ უკვე ვიკვლევთ იმუნოლოგიას, რაც უკვე პრაქტიკულად ისეთი რამ არის, რასაც შენ შეიძლება, ვერ ხედავდე… ანაფილაქსიური შოკი, ანტისხეულები, რომელიც ებრძვის ამ ემბრიონს, მილიონი რამ შეიძლება იყოს. ეს არის ის სფერო, რომელშიც, პრაქტიკულად, ჩვენც ახვეული გვაქვს თვალები და ხელების ფათურით მივდივართ.
შეიძლება იყოს პლაცებო, უბრალოდ, ფსიქოლოგიური მომენტი, რომ ენდობი ადამიანს და მისი გჯერა.
ისეთმა პაციენტებმა, ვინც არ დაყარეს ფარ-ხმალი და უბრალოდ გვენდვნენ, მიზანს ყველამ მიაღწიეს.
აბსოლუტურად გასაგებია, რომ ფსიქოლოგიურმა ფაქტორმა შეიძლება იმოქმედოს ბუნებრივად მიღებულ ორსულობაზე, რადგან გამომდინარე იქიდან, რომ ემოცია მოქმედებს სხეულის ყველა ნაწილზე, შეიძლება, რეპროდუქციული ციკლიც გამოვიდეს წყობილებიდან, მაგრამ შესაძლოა, რომ სტრესმა, კორტიზოლმა ინვიტრო განაყოფიერებაც დაბლოკოს?
სტრესის ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია, სტრესი იწვევს, ალბათ, ყველაფერს, სტრესი არის ის, რაც გვბლოკავს, შფოთვას, ყველანაირ დეპრესიას იწვევს.