სპორტული ჟურნალისტი დავით ერაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს ყველაზე დიდ მარცხს, რაც ცხოვრებაში ჰქონია:
„მარცხს რაც შეეხება, ვერ ვინელებ კოვიდის პერიოდს, როდესაც ჩემი ძმა გადავიყვანე საავადმყოფოში. მწერდა, რომ იქ არ იყო შესაბამისი პირობები. ვნანობ, რომ მეტად არ ვიხმაურე და სხვა საავადმყოფოში არ გადავიყვანე. ეს ჩემი ყველაზე დიდი მარცხია ცხოვრებაში. იქ გარდაიცვალა. კოვიდი აღარ ჰქონდა, მაგრამ ფილტვი იყო დაზიანებული. სამწუხაროდ, მხოლოდ ორ საავადმყოფოს ჰქონდა, ძლიერი სასუნთქი აპარატი (ეს მერე გავიგე), რომელიც ფილტვის ხელოვნურ ამუშავებას უზრუნველყოფდა. ეს კონკრეტული საავადმყოფი, სადაც ჩემი ძმა გვყავდა, ასეთი არ აღმოჩნდა. მეგონა, შიშები ალაპარაკებდა, როდესაც მეუბნებოდა, რთული სიტუაციააო. ვტუქსავდი, დამშვიდდი, შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება-მეთქი. გვიან მივხვდი, რომ ეს მისი შიშები კი არა, სამწუხაროდ, რეალობა იყო, რომლის წინაშეც ქვეყანა იდგა. ძალიან რთულია ამაზე ფიქრი.
არასდროს დამავიწყდება ის განცდები, როდესაც მისი გარდაცვალების შესახებ გავიგე. ორმეტრიანი კაცი შავი ცელოფნით რომ გამომიყვანეს, მე საერთოდ გავფუჭდი. მითხრეს, იმ მომენტში გაჭაღარავდიო. ეს იყო ყველაზე დიდი მარცხი, რომელსაც დღემდე ვერ ვპატიობ ჩემს თავს. ესე იგი, მეტად უნდა მეხმაურა და რამე მექნა, მაგრამ არ ვიცი, რას შევძლებდი…“