LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არასდროს დამავიწყდება ნანი ბრეგვაძის კომენტარი, ეს ერთ-ერთი ყველაზე საამაყო სიტყვებია, რაც ჩემთან მიმართებაში მომისმენია“ – სალომე ბაკურაძე

14
სალომე-ბაკურაძე

18 ივლისს რადიო „არ დაიდარდოს“ და ლაშა რამიშვილის გადაცემას „საღამოს რადიო შოუ“ მომღერალი სალომე ბაკურაძე სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერების „კრიმანჭული“ და „ეს ზამთარი დაილევა“ პრემიერა შედგა. გადაცემის სტუმარმა მუსიკალური ალბომი და ახალი ნამუშევრებიც დააანონსა.

სალომე, კოვიდპანდემიის გამო მთელი 2 წელი ყველანი ჩაკეტილები ვიყავით. ამ დროის განმავლობაში რა მოხდა და რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში?

ეს პერიოდი ყველასთვის რთული იყო და არც ჩემთვის ყოფილა გამონაკლისი. ძალიან დაფეთებული და დაშინებული ვიყავი, რომ ოჯახის წევრებისთვის არ მიმეტანა, თუმცა კოვიდი  პირველს მაინც მე „დამეჯახა“. ცოტა ხასიათზე კი მქონდა შემოტევა, მაგრამ ყველაფერი რიგზე იყო, მაგრად ვიდექი. გამოვდგებოდი ხოლმე აივანზე და გამწარებული ვმღეროდი (იცინის). ორივე სიმღერა, რაც დღეს მოგიტანეთ, ამ პანდემიის დროსაა ჩაწერილი. ერთ-ერთ სიმღერაზე, „აღარ გიცდი“ ვიდეოც კი მაქვს გადაღებული. ამ პერიოდის განმავლობაში კი ბევრი დრო იყო იმისთვის, რომ რაღაცაზე დაფიქრებულიყავი, საკუთარ თავზე გემუშავა და ა.შ. , მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ფაქტორი უხასიათობა იყო. ჩვენი პროფესია კი მოგეხსენებათ, რომ კარგი ხასიათის, განწყობის და ხალხის მოთხოვნილებების პროპორციულია. არც ხალხს ჰქონდა სიმღერის და გართობის მოთხოვნილება, რადგან სხვა ბევრი პრობლემა იყო ქვეყანაში.

ყველაზე მეტად რა გენატრებოდა, რეგულაციების მოხსნის შემდეგ ყველაზე მეტად სად გინდოდა წასვლა?

ყველაზე მეტად ხალხისთვის სიმღერა და სცენასთან ახლოს მყოფი ადამიანები მენატრებოდა, შენს სიმღერებს რომ მღერიან და ძალიან მაგრად ერთობიან. მუდამ შიშის შეგრძნებაში ყოფნა არ მინდოდა, მსურდა, ეს სტრესი და ნერვიულობა მოხსნილიყო და მის გარეშე გაგვეგრძელებინა ცხოვრება.

2018 წელს ძალიან ნათელი ნაბიჯი გქონდა, შექმენი ძალიან წარმატებული პროექტი „ეს სიმღერა“, მომიყევი ამ სიმღერის შექმნის ისტორია,

მაიკო კაჭკაჭიშვილის ეკუთვნის ამ სიმღერის იდეაც და ყველაფერიც, ამიტომ არ შემიძლია, პირველ რიგში, მადლობით არ დავიწყო. მაიკომ დამირეკა და მითხრა, სიმღერა დავწერე, რომლის ტექსტიც, მელოდიაც და ყველაფერი აბსოლუტურად შენიაო და მეტსაც გეტყვი, შენი და ლაშასიაო და პირდაპირ ვხედავ და მესმის როგორ მღერი და როგორ უმღერი ლაშასო. როდესაც ეს სიმღერა გადმომიგზავნა და მოვისმინე, იმ წამსვე დამავიწყდა, რომ მაიკომ დაწერა, მეგონა, ჩემი დაწერილი იყო. ნამდვილად გულიანად ვმღერი ამ სიმღერას, რადგან ასე მომარგო კომპოზიტორმა. ბორიკო შხიანმა კიდევ უფრო სხვა ელფერი შესძინა ამ ნამუშევარს თავისი არანჟირებით.

როგორ შეიქმნა სიმღერა „კრიმანჭული“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება?

ეს სიმღერა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემს შემოქმედებაში, რადგან იქ შესრულდა ამ სიმღერის პირველადი ვერსია და ერთ-ერთი პირველი წარმატება „ნუცას სკოლაში“ ამ ნამუშევარმა მომიტანა. ეს იყო ჩემი ძალიან ეფექტური გამოჩენა ამ პროექტში, რომელიც დღემდე ახსოვთ. ჩემი შემოქმედებიდან სიმღერებს თუ ახსენებენ ხოლმე, აუცილებლად „კესარიას“ და „კრიმანჭულს“.

როგორია სამომავლო გეგმები?

საიმიჯოდ და იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაფიქსირდე, როგორც მომღერალი, აუცილებლად მიმაჩნია ალბომის ქონა.  ჩემმა სიმღერებმა კი უკვე მიაღწია იმ რაოდენობას, რომ შემიძლია ერთი ალბომი შევკრა. გარდა ამისა, 1-2 ახალი სიმღერაც მაქვს გეგმაში, თუმცა შეიძლება ამ სიმღერებს არც დაველოდო და ისე შევკრა ალბომი სექტემბრისთვის.

დღეს კიდევ ერთი სიმღერის, „ეს ზამთარი დაილევა“ პრემიერა გვაქვს. ვისაუბროთ ამ ნამუშევარზე,

ეს სიმღერა ჩემთვის და მთელი საქართველოსთვის სათაყვანებელ მაესტროს, ალექსანდრე ბასილაიას ეკუთვნის. ეს სიმღერა „ჯეოსტარის“ პირველ ტურზე ვიმღერე, ოღონდ მაშინ ჩვეულებრივი, კლასიკური ვარიანტი შევასრულე. მაშინ, ნანი ბრეგვაძე იყო „ჯეოსტარის“ ჟიურის წევრი და არასდროს დამავიწყდება მისი კომენტარი, ასე თქვა, როგორ შევაფასო, როგორც კონკურსანტი, როგორც პროფესიონალი ისე დგას სცენაზეო, ეს ერთ-ერთი ყველაზე საამაყო სიტყვებია, რაც ჩემთან მიმართებაში მომისმენია. ამ სიმღერას ახალი სული შთაბერა ჯგუფმა „რეზო და ბავშვები“, მართლა წარმოუდგენელი ვერსია შექმნეს. არასდროს წარმომედგინა, თუ შეიძლებოდა, რომ ეს სიმღერა სამხიარულოდ და საცეკვაოდ ყოფილიყო. ცოცხლად სადაც კი შევასრულე ეს სიმღერა, ყველგან მოწონება დაიმსახურა, ყველა ცეკვავს და ერთობა. უდიდესი მადლობა „რეზო და ბავშვებს“ და დიდი პატივისცემა ალექსანდრე ბასილაიას.

 

სალომე ბაკურაძე – ეს ზამთარიც გაილევა
მუსიკა კინოფილმიდან “ჩიორა”
კომპოზიტორი: ალექსანდრე ბასილაია
ტექსტი: მორის ფოცხიშვილი

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

სალომე ბაკურაძე. გადაცემა “საღამოს რადიო შოუ”. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები