“მიუხედავად იმისა, რომ დახურული სივრცეებისგან განსხვავებით, ღია ბაზრობები ვირუსის გავრცელების შედარებით დაბალ რისკებთანაა დაკავშირებული, კითხვის ნიშნებს აჩენს ბაზრობების დახურვის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება. ამგვარი არათანმიმდევრული მიდგომებით გარემოვაჭრეთა არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება ამძაფრებს უსამართლობის განცდას და მოქალაქეებს სოციალური პროტესტისკენ უბიძგებს.” – ამ განცხადებით ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ღია ბაზრობების მოვაჭრეების პროტესტს ეხმიანება და სახელმწიფოს მათი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს:
◾ ღია ბაზრობების ადმინისტრაციებისა და მოვაჭრეთა მონაწილეობით იმსჯელოს მიღებული გადაწყვეტილების მართებულობაზე და მიიღოს ყველა ზომა მათი ეკონომიკური საქმიანობის თუნდაც დროებითი აღდგენის შესაძლებლობებზე;
◾ ღია ბაზრობებზე დასაქმებული პირების მძიმე სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით გაამარტივოს ერთჯერადი დახმარებების გაცემის პროცედურა და ის ხელმისაწვდომი გახადოს თვითდასაქმებულთა დიდი ჯგუფებისთვის.
ორგანიზაცია ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს მიმართავს:
◾ ჩაერთოს მოვაჭრეებს, ღია ბაზრობების ადმინისტრაციებს და მთავრობას შორის გამართულ მოლაპარაკებებში და მუნიციპალური სამსახურების მობილიზების მეშვეობით უზრუნველყოს დაწესებული რეგულაციების აღსრულების მხარდაჭერა.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ მიმართვაშია აღნიშნული, კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები განსაკუთრებით მძიმედ აისახა ბაზრობებზე დასაქმებულ ადამიანებზე, რომელთა შემოსავლის ერთადერთ წყაროს, ხშირად ყოველდღიური ნავაჭრი შეადგენს. სოციალური დახმარებების ბუნდოვანი პოლიტიკა კი მოვაჭრეების დიდ ნაწილს სრულიად დაუცველს ტოვებს არსებული ეკონომიკური კრიზისის წინაშე.
“მთავრობის განმარტებით, ღია ტიპის ბაზრებზე მომხმარებელთა რაოდენობის გაკონტროლებას მოვაჭრეები და ტერიტორიის ადმინისტრაცია ვერ შეძლებს. თუმცა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მთავრობას არ გაუთვალისწინებია მოვაჭრეთა განცხადებები და მზადყოფნა, საქმიანობის გაგრძელებისას დაიცვან უსაფრთხოების ყველა პირობა და აკონტროლონ ტერიტორიაზე მყიდველთა მობილობა. გაუთვალისწინებელი რჩება ბაზრობების სპეციფიკაც, რომელიც ღია სივრცის გათვალისწინებით ვირუსის გავრცელების ნაკლები საფრთხისა და რისკის მატარებელ ობიექტებს წარმოადგენენ. ამასთან, ეს გადაწყვეტილება ზრდის დახურულ მაღაზიებში მოქალაქეების მობილობის ინტენსივობას რასაც თავისმხრივ ვირუსის გავრცელების რისკები უკავშირდება”. – ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.
EMC-ში ასევე აცხადებენ, რომ ერთჯერადი, არასაკმარისი 300-ლარიანი დახმარების მიღების საკითხიც, დასაქმების ადგილების მფლობელების მიერ სახელმწიფოსათვის წარდგენილ ინფორმაციაზეა დამოკიდებული, ეს კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დახმარების მიღების რეალურ შესაძლებლობას:
“მნიშვნელოვანია, რომ ღია ბაზრობებზე დასაქმებულებისათვის, რომელთა უმრავლესობა თვითდასაქმებულებს წარმოადგენენ, ვირუსის გავრცელების მეორე ტალღის ფარგლებში გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარების, როგორც ოდენობა, ისე მისი მიღების კრიტერიუმები ბუნდოვანია. სახელმწიფოს არ აქვს კონკრეტული მონაცემი თვითდასაქმებული ადამიანების რაოდენობის და მათი საჭიროებების თაობაზე.” – აღნიშნულია EMC-ის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.