„ვიზალიბერალიზაციას არანაირი შეზღუდვა არ ემუქრება, ყველა იმ პირს, ვისაც დიპლომატიური პასპორტი აქვს, ჩვეულებრივი პასპორტიც აქვს და ევროკავშირის სახელმწიფოებში შესვლა ჩვეულებრივად იქნება შესაძლებელი“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა, „რუსთავი 2“ ეთერში, გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა.
კახიანის თქმით, „რა თქმა უნდა, ეს არ არის სასიამოვნო, მაგრამ ფაქტობრივად ეს არაფერს არ ცვლის“.
„რაც შეეხება ამ გადაწყვეტილებას, მთავარი არის რა – მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვეულებრივად ვისმენდით მუქარებს – ვიზალიბერალიზაცია შეიზღუდება, შეიძლება შეჩერდეს და ამის გარშემო ხდებოდა საზოგადოების დაძაბვა. რასაც ჩვენ ვამბობდით, თურმე ვყოფილვართ მართლები და ვიზალიბერალიზაციას არანაირი შეზღუდვა არ ემუქრება, ჩვენი მოქალაქეები ჩვეულებრივად გააგრძელებენ ევროკავშირში უვიზოდ სიარულს.
რეალურად ვნახეთ, რომ არანაირი სანქციები აქამდე არ განხორციელებულა თუ არ ჩავთვლით იმას, რომ საუბარი იყო მოლაპარაკების ეტაპზე არ გადაგვიყვანენ. ფინანსური სანქციები ვერ მოხერხდა, აქედან გამომდინარე, მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ რაღაც აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო და ამ შემთხვევაში მოიფიქრეს დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვაზე. რა თქმა უნდა, ეს არ არის სასიამოვნო, მაგრამ ფაქტობრივად ეს არაფერს არ ცვლის.
ყველა იმ პირს, ვისაც დიპლომატიური პასპორტი აქვს, ჩვეულებრივი პასპორტიც აქვს და ევროკავშირის სახელმწიფოებში შესვლა ჩვეულებრივად იქნება შესაძლებელი. მაგრამ, როგორც ჩანს ამას სხვა დატვირთვა ჰქონდა, მაგალითად ის, რომ პოლიტიკურად რაღაც გადაწყვეტილება მიღებულიყო. იმასაც ვიტყვი, რომ არავინ იცის მართლა მოხდება თუ არა ამ გადაწყვეტილების აღსრულება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.