LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არც ერთ ქვეყანას სურს აღიაროს, რომ პოლიტიკური პატიმრები ჰყავს“ – ვინ არის პოლიტპატიმარი? 

181
15527-prisons_news-768x512

პოლიტიკური პატიმრები – თანამედროვე რეალობაში და მით უფრო საქართველოში, ეს თემა საყოველთაო განხილვის საგანია: არსებობენ თუ არა ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნის მქონე პატიმრები ან/და პოლიტიკური მოტივებით დევნილი პირები, ამასთან, როგორ იღებენ ამ სტატუსს მოქალაქეები, თუმცა მნიშვნელოვანია, რას ამბობს ამ მხრივ თავად საქართველოს კანონმდებლობა და როგორც განსაზღვრავს საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები პოლიტპატიმრის სტატუსს.

როგორც ამ თემის დეტალების მოძიებისას გავარკვიეთ, პოლიტიკური პატიმრის უნივერსალური განსაზღვრება არ არსებობს და ამასთან ერთად, პოლიტპატიმრებისა თუ პოლიტიკური ნიშნით დევნილთა საკითხზე, არც საქართველოს კანონმდებლობა ამბობს რამეს.

საგულისხმოა, რომ დაახლოებით იგივე პრინციპებით ხელმძღვანელობს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციებიც, რომელთა მიერაც პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა და არა სავალდებულო სამართლებრივ ნორმად აღიარებული.

შესაბამისად, პოლიტპატიმრის სტატუსი უფრო მეტად პოლიტიკური ტერმინია, ვიდრე – სამართლებრივი. არც საქართველოს და არც ერთ ქვეყანას მსოფლიოში სავალდებულო ნორმატიული აქტი, რომელიც პოლიტპატიმრის სტატუსს განსაზღვრავს, არ აქვს.

 

„პოლიტპატიმრის ტერმინი არასწორადაა აღქმული“ – რა კრიტერიუმებით განისაზღვრება სტატუსი?

 

საკითხის ირგვლივ უფრო მეტი ინფორმაციისთვის, „ფორტუნასთან“ სამართლის სპეციალისტმა და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ, ამირან გიგუაშვილმა ისაუბრა. როგორც მან გვითხრა, არსებობს გაეროს რეკომენდაციები და ასევე ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელიც განსაზღვრავს იმ მტკიცებულებებს, რომლითაც შეიძლება პირის მიმართ პოლიტიკური დევნის თუ უკანონო მართლმსაჯულების განხორციელების კრიტერიუმების განსაზღვრა, თუმცა მისივე ინფორმაციით, ეს არა სავალდებულო, არამედ სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტია.

მისივე თქმით, ევროსაბჭოს აღნიშნული რეზოლუცია 2012 წელს, საქართველოში პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების სტატუსით გათავისუფლების და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი გახდა, როცა პარლამენტმა, შესაბამისი დადგენილება მიიღო. როგორც გიგუაშვილმა გვითხრა, სწორედ მაშინ, რამდენიმე ასეულ ადამიანს საქართველოში პოლიტიკური პატიმრისა და პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიენიჭა.

„ამაზეც შეგვიძლია ვიდავოთ, რამდენად სრულფასოვანი იყო ეს გადაწყვეტილება. ძალიან სადავო საკითხია, გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიოში ერთგვაროვანი, ზუსტი დეფინიცია არ არსებობს და ზღვარი პოლიტიკასა და სამართალს შორის ძალიან მყიფედ გადის, ამიტომაც ხშირად, სპეკულაციებსა და არასწორ ინტერპრეტაციებს აქვს ხოლმე ადგილი.

თუმცა, ეს არ არის მთავარი, მთავარი არის ის, რომ რაზეც მსოფლიოში ყველა შეთანხმებულია, სამართლის სპეციალისტი თუ უფლებადამცველი, არის ის, რომ პოლიტპატიმრის სტატუსი ავტომატურად პირის უდანაშაულობას არ ნიშნავს.

ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანი შეიძლება დამნაშავე იყოს და მას მიენიჭოს პოლიტპატიმრის სტატუსი, სწორედ იმიტომ, რომ მისი დამნაშავეობის სტატუსი ხელისუფლებამ პოლიტიკური მართლმსაჯულებისთვის გამოიყენა.“– ამბობს „ფორტუნასთან“ საუბრისას ამირან გიგუაშვილი.

მისივე განმარტებით, პოლიტიკური მართლმსაჯულება შეიძლება გამოიხატოს იმაში, რომ მაგალითად, პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაგვიანებით დაიწყოს ან მაშინ, როცა ეს ხელისუფლებას აწყობს.

ამასთან, როგორც ამირან გიგუაშვილმა გვითხრა, შესაძლებელია იყოს საპირისპირო შემთხვევაც: როცა პირი შესაძლოა დამნაშავე არ იყოს, მაგრამ პოლიტპატიმრის სტატუსს იყენებდეს.

„როგორც ვთქვი, ორივე შემთხვევა შესაძლებელია. პოლიტიკური პატიმრობა ან პოლიტიკური ნიშნით დევნა, არ გულისხმობს პირის უდანაშაულობას. პირი შეიძლება იყოს დამნაშავე, მაგრამ ხელისუფლება მის ამ დამნაშავეობას თავისი ინტერესებისთვის იყენებდეს.

მაგალითად იმისთვის, რომ შექმნას გარკვეული პოლიტიკური ფონი ან აღნიშნულ პირზე ზემოქმედებისა და იძულების წესით, მოახერხოს მისთვის სხვა საინტერესო საკითხების გადაწყვეტა. ანუ, პოლიტიკური ნიშნით დევნა ან მართლმსაჯულება, პირის უდანაშაულობას არ ნიშნავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია, რაზეც მთელი მსოფლიოს უფლებადამცველები, „Amnesty International“ იქნება ეს, თუ სხვა ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია, თანხმდება“, – აღნიშნა გიგუაშვილმა.

იურისტი მიიჩნევს, რომ ჩვენს საზოგადოებაში პოლიტპატიმრის სტატუსი არასწორადაა აღქმული, რადგან მისი თქმით, ყველა, ვისზეც შეიძლება აწყობდეს რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს თქვას, რომ არის პოლიტიკური პატიმარი ან პოლიტიკური ნიშნით დევნილი, საზოგადოებისთვის ეს ავტომატურ უდანაშაულობად აღიქმება. როგორც გიგუაშვილი ამბობს, ეს პოლიტსტატუსზე აბსოლუტურად მცდარი წარმოდგენაა.

 

ვინ არის პოლიტპატიმარი? 

 

დასმულ კითხვაზე, კერძოდ რას ამბობს ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელიც პოლიტპატიმრების სტატუსთან დაკავშირებით, გარკვეულ სარეკომენდაციო ხასიათის კრიტერიუმებს მოიცავს, იურისტმა გვიპასუხა:

„რა თქმა უნდა, აქ არის მთელი რიგი კრიტერიუმები, როდესაც მაგალითად, პირი პოლიტიკურად აქტიური იყო და ამის შემდეგ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო; ან როდესაც ოჯახის წევრები პოლიტიკურად აქტიურები და საზოგადოებრივ ცხოვრებაში არიან ჩართულები და ამის მიხედვით პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება ხდება;

ან როდესაც სასამართლო სისტემის ან სამართალდამცველი ორგანოების მიერ, პირის უფლებებში გაუმართლებელი ჩარევა ხდება, ასევე მკაცრი სასჯელის გამოყენება, ან საპატიმრო სასჯელის გამოყენება, როცა ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და ამავდროულად არსებობს პოლიტიკური მოტივები.

ანუ, ეს არის მთელი რიგი სხვადასხვა კრიტერიუმები, რომელიც როგორც უკვე გითხარით, ევროსაბჭოს რეზოლუციით არსებობს და რომელიც 2012 წელს, საფუძვლად დაედო საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებას, საქართველოში პოლიტიკური პატიმრებისა და პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირების მიმართ.“– განმარტა ამირან გიგუაშვილმა.

იურისტს პრაქტიკაში არსებული საქმეებისა და შესაძლო პოლიტპატიმრების საკითხის ირგვლივ პრეცედენტების შეფასებაც ვთხოვეთ. მან მაგალითად 2012 წელი გაიხსენა, როცა პარლამენტის დადგენილებით, 200-ზე მეტი მოქალაქე საქართველოში პოლიტიკურ პატიმრად და პოლიტიკური ნიშნით დევნილად პირად იქნა მიჩნეული.

„მიმდინარე სიტუაციაზე რომ არ ვისაუბროთ, დავბრუნდეთ წარსულში: 2012 წელს, თუ არ ვცდები დაახლოებით 200-ზე მეტი ადამიანი საქართველოში პოლიტიკურ პატიმრად და პოლიტიკური ნიშნით დევნილად პირად იქნა მიჩნეული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის 250 თუ პირობითად, 260 ადამიანი ავტომატურად უდანაშაულო იყო და შესაბამისად, ისინი უდანაშაულოდ იყვნენ მსჯავრდებულები.

ზოგიერთი მათგანი და დიახაც, უმეტესობა იყო დამნაშავე, მაგრამ მათ მიმართ, იმ დროს, ხელისუფლებამ მათივე დამნაშავეობა არასათანადო მოპყრობის თვალსაზრისით გამოიყენა: ანუ, განუსაზღვრა იმაზე მკაცრი სასჯელი, ვიდრე შესაძლოა მოცემული დანაშაულისთვის ყოფილიყო განსაზღვრული, მათ ოჯახებზე მოახდინა ზეწოლა, ჩამოართვა ქონება და ა.შ.

მეტი თვალსაჩინოებისთვის: შესაძლოა პირი არის მაგალითად, ნარკოდამოკიდებული, მაგრამ ხელისუფლება აღნიშნული პირის მიმართ მოქმედებას და სისხლის სამართლებრივ დევნას მას შემდეგ იწყებს, როცა ამ პირის ოჯახის წევრი მაგალითად, რომელიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერი გახდება.

აი ამ მოცემულობაში, მიუხედავად იმისა, რომ ის ადამიანი შესაძლოა ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენი პირია, მაგრამ ხელისუფლება მის მიმართ ზედმეტად მკაცრს მოპყრობას იმის გამო იჩენს, რომ მის ოჯახს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდა. შესაბამისად, პირი დამნაშავე არაა, მაგრამ იგი უნდა დაისაჯოს მხოლოდ და მხოლოდ მისი ოჯახის პოლიტიკური აქტივობის გამო“, – დასძინა „ფორტუნასთან“ საუბრისას ამირან გიგუაშვილმა.

 

„არც ერთ ქვეყანას სურს აღიაროს, რომ პოლიტიკური პატიმრები ჰყავს

 

რა არის ის ძირითად მიზეზი, რის გამოც მსოფლიო თანამეგობრობა, პოლიტიკური ნიშნით პატიმრობასთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდა? – როგორც ამ შეკითხვის საპასუხოდ, იურისტმა გვითხრა, არც ერთ ქვეყანას არ სურს აღიაროს, რომ მის ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური პატიმრების პრობლემა და რომ მართლმსაჯულება გამოყენებულია პოლიტიკური ნიშნით დევნისა და დასჯისთვის.

„ძალიან საინტერესოა, რომ მსოფლიო თანამეგობრობის წევრები უამრავ რამეზე შეთანხმდნენ, მაგალითად: ქალთა მიმართ ძალადობის კონვენციასთან დაკავშირებით; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსთან დაკავშირებით და არსებობს ძირითადი ნორმატიული აქტები, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ პოლიტიკური ნიშნით პატიმრობასთან დაკავშირებით და რატომ?

იმიტომ, რომ არც ერთ ქვეყანას არ სურს აღიაროს, რომ მის ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური პატიმრების პრობლემა და რომ მართლმსაჯულება გამოყენებულია პოლიტიკური ნიშნით დევნისა და დასჯისთვის. ამიტომაც, ყველა ქვეყანა არ ცნობს ამ პრობლემას, როგორც სამართლებრივ პრობლემას და აღნიშნულ საკითხებს მხოლოდ დეკლარაციულ დონეზე აღიარებენ, სწორედ ესაა მთავარი პრობლემა.

თქვენ სწორად მიგაჩნიათ, რომ უკეთესია არსებობდეს მკაცრი ჩარჩო, რომელშიც მოქცეული პირი მოტივირებულ მსჯავრდებულ პირად ან დევნილად მიიჩნეოდა, ამაში ძალიან ბევრი სამართლის სპეციალისტიც დაგეთანხმებოდათ, მაგრამ როგორც უკვე აღნიშნეთ, არც საქართველოში და არც დანარჩენ მსოფლიოში, არც ერთი ქვეყანა, ამ ეტაპზე, ამგვარ სამართლებრივ ჩარჩოს არ აღიარებს, იმიტომ, რომ არ აღიარებს, რომ მის ქვეყანაში არის პოლიტიკური ნიშნით მართლმსაჯულების პრობლემა,“ – განუცხადა „ფორტუნას“ ამირან გიგუაშვილმა.

magti 5g