“არც ერთ საკითხში არც საქართველო ახდენს ზეწოლას თურქეთზე და არც თურქეთი საქართველოზე,” – ეს განცხადება თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ, იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა არაოფიციალურად გავრცელებულ ონფორმაციას, თითქოს, საქართველოს პარლამენტმა 12 აგვისტოს – დიდგორობის დღესასწაულის, უქმე დღედ გამოცხადების შესახებ კანონპროექტი, თურქეთის საელჩოს მოთხოვნით, შეაჩერა.
„აღვნიშნავ, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული მეგობრობა გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ყველა საკითხი ძალიან გულახდილად და დაუფარავად განვიხილოთ ერთმანეთში, მაგრამ არასდროს არც ერთ საკითხში არც საქართველო ახდენს ზეწოლას თურქეთზე და არც თურქეთი – საქართველოზე. უამრავ სხვადასხვა დამოუკიდებელ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარებს საქართველოს სხვადასხვა უწყებასთან, როგორც საელჩოს, ასევე სახელმწიფოებრივ დონეებზე და ეს საუბრები და კონსულტაციები არის ძალიან მჭიდრო და ღია. ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება, მაგრამ ყველა ქვეყანა თავის თავთან დაკავშირებით მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.