„ყველა პროექტი განხორციელდება, უბრალოდ დროში გადაიწევს” – ამის შესახებ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით საუბრისას თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
“კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მიუხედავად ამ რთული ვითარებისა, ჩვენ არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ შეგვიჩერებია. ჩვენ ვსაუბრობდით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. წლევანდელი წელი არის განსაკუთრებული იმ პროექტების თვალსაზრისით, რაც უნდა გაკეთდეს თბილისისთვის“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, გარკვეული გადახედვები მოუწევთ.
„ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა პროექტი, რაზეც ვსაუბრობდით, არ განხორციელდება. პირიქით, ყველა პროექტი განხორციელდება, უბრალოდ დღევანდელი პრიორიტეტებიდან გამომდინარე, დროში რაღაცეები გადაიწევს და ამაზე დამატებით ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდით.
არც ერთ პროექტზე სამუშაოები არ გაგვიჩერებია. შეიძლება ვერ მიმდინარეობდა იმ ტემპით, როგორც ეს უნდა ყოფილიყო, მაგრამ გვაქვს რადიკალურად განსხვავებული გარემოება, შესაბამისად, ყველა პროექტზე მიმდინარეობდა მუშაობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ასევე აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული კასკადისა და შადრევნების რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე შპს „ელემსისთან“ ხელშეკრულება გააფორმა.
„ეს არის გამარჯვებული კომპანია, რომელიც მოამზადებს არსებული კასკადის საპროექტო დოკუმენტაციას, რომელიც ზაფხულის ბოლოსთვის უნდა იყოს წარმოდგენილი. აღნიშნული შესყიდვის ფარგლებში დამუშავდება კასკადისა და შადრევნების როგორც არქიტექტურული, ასევე საინჟინრო პროექტები. მნიშვნელოვანია, რომ პროექტირების შედეგად ობიექტის პირვანდელი სახე შენარჩუნდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.
პროექტის ფარგლებში კასკადისა და შადრევნების წყლით უზრუნველყოფის სხვადასხვა ალტერნატივა იქნება განხილული.