2 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მსახიოებები რატი ონელი და ია სუხიტაშვილი სტუმრობდნენ, რომლებმაც ისაუბრეს ,,კანის კინოფესტივალის” მთავარ სექციაში მოხვედრის ემოციებზე.
კანის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა ცნობილია და ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის სრულმეტრაჟიან ფილმს – „დასაწყისი“ კინოფესტივალის მთავარ სექციაში აჩვენებენ. დეა კულუმბეგაშვილის ფილმი კანის კინოფესტივალზე მესამედ მოხვდა.დეა კულუმბეგაშვილის ფილმში მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი და რატი ონელი ასრულებენ. სცენარის ავტორები არიან დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი. ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით გადაიღეს.
– როგორი ემოცია დაგეუფლათ, როდესაც გაიგეთ, რომ ,,კანის კინოფესტივალის” მთავარ სექციაში მოხვდით?
ია სუხიტაშვილი:
იმდენად უჩვეულო გარემოში ვიყავი, არც ვიცოდი, რა ხდებოდა ჩვენს თავს. კახას დავურეკე და გამოვკითხე ყველა დეტალი. არც ვიცი, რა სიტყვები შევურჩიო იმ ემოციას, რომელიც განვიცადე, დამამშვიდებელიც კი მივიღე დედის რეკომენდაციით. საკმაოდ რთული და საინტერესო გზა გავიარეთ და პირველივე ჯერზე ასეთი ამბავი ძალიან მოულოდნელი იყო. ამ ფილმში ძალიან დიდი შრომა ჩაიდო.
– მოგვიყევით რა ხდებოდა ფილმის გადაღებისას?
რატი ონელი:
რთული იქნება ყველა დეტალში შესვლა. სცენარზე იმდენი ხანი ვიმუშავეთ, რომ თავდაპირველი ფორმა რაც იყო, იმისგან არაფერი არ დარჩა. ჩვენი მიზანი იყო რეალურად შექმნილი დაგვენგრია და მის ადგილას რამდენიმეჯერ ახალი ფორმა გადაგვეღო. უამრავი ლოკაციები ვნახეთ, დეას ლაგოდეხი თავიდანვე უნდოდა, თუმცა, ბევრჯერ შეიცვალა აზრი. ძალიან გადაღლილები ვიყავით, ვფიქრობდი, რომ ტვინი გადამეწვა და ვერაფერს შევძლებდი. საბოლოო ვერსია, რაც იყო ფაქტიურად ყველაფერი დეას შექმნილია.
– გადაღების რომელიმე ერთი მომენტი, რომ გაიხსენოთ?
ია სუხიტაშვილი:
მინდა ვთქვა, რომ კახას ყოველთვის ვაფასებდი, როგორც მსახიობს და მასზე ბევრი შემიძლია ვისაუბრო. მასთან ერთად როდესაც სცენებს ვიღებდით, ვათენებდით, მეორე დღეს რაც იყო გადასაღები იმ დღესვე ვიღებდით. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მას, რომ არის ასეთი საოცნებო და მაგარი პარტნიორი. ეს პერიოდი ყოველთვის კარგად გამახსენდება, რადგან კარგი გუნდი ვართ.
– ია, ფუფუნებაა დეასთან მუშაობა?
პირდაპირ ვიტყვი, რომ ესაა ძალიან დიდი ფუფუნება. არ მაქვს უფლება ფილმის შინაარსზე ვისაუბრო და არც მინდა რამის თქმა, რადგან ბევრად სჯობს ეკრანზე ყველამ თავისი თვალით ნახოს. არის ზოგჯერ როლი, როდესაც კითხულობ სცენარს და გახსენდება მსგავსი ისტორია, ეს გმირი კი არავის არ ჰგავდა. დეამ ზედმიწევნით გათვალა ეს ყველაფერი, ამიტომ დიდი ფუფუნება იყო ორთვენახევარი მასთან ერთად ხელჩაკიდებული სიარული.
რატი ონელი:
საჯაროდ მინდა იას ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა, რადგან ასეთი დონის მსახიობთან მუშაობა უნდა იყოს ურთულესი, რადგან მე არ ვარ პროფესიით მსახიობი. იამ შემიქმნა ისეთი გარემო, რომ არ მქონია არანაირი კომპლექსი, რომ ის არის თავისი თაობის საუკეთესო მსახიობი. მეც მომცა ამის უფლება, რომ თანაბრად ვყოფილიყავი მის გვერდით.
– გაგიჭირდათ თუ არა თვითიზოლაციის დღეები?
ია სუხიტაშვილი:
გამიჭირდა, რადგან არ მახსოვს ასეთი დიდი დოზით სახლში ვყოფილიყავი. ამ ყველაფერს დაემატა რეგულაციები. მივხვდი, რომ სახლში ყოფნა მიყვარს მაშინ, როდესაც პარალელურად ვმუშაობ. დავკავდი ლუკას განათლებით, ვიბარებდი გაკვეთილებს, განსაკუთრებით აქტიურად ვიყავი ჩართული ინგლისურში.
რატი ონელი:
თვითიზოლაციის პერიოდში დავიწყე ჩემი სცენარის აქტიურად წერა. ვფიქრობ, რომ ეს პერიოდი ძალიან გამომადგა, რადგან დავისვენე.