LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არჩევანი შემდეგია: ან ეროვნული დროშა, ან – ლგბტ დროშა“ – გურამ მაჭარაშვილი

164
გურამ მაჭარაშვილი

„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტზე საუბრისას, პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ „არჩევანი შემდეგია: ან ეროვნული დროშა, ან – ლგბტ დროშა“.

მაჭარაშვილის განცხადებით, „თუკი რადიკალები არ დათანხმებიან საკონსტიტუციო ცვლილებებს, ნიშნავს, რომ ხელში ლგბტ დროშას დაიკავებენ“.

„საზოგადოებას და, მათ შორის, ოპოზიციას შევთავაზეთ, რომ ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ იმ პრინციპების გათვალისწინებით, რაც, ოჯახის ინსტიტუტთან დაკავშირებით, კონსტიტუციაში გვაქვს ჩაწერილი: რომ ოჯახი შედგება ქალისა და მამაკაცის ერთობისგან. ამ ღირებულების დაცვის გაგრძელება იქნება, მათ შორის, არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის კუთხით, ის, რომ ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდა აიკრძალება.

რადიკალებს ახლა უკვე პირდაპირ მოუწევთ იმის აღიარება, თანახმა არიან თუ არა იმ პრინციპების დაცვასა და გაგრძელებაზე, რომ მაგალითად, ოჯახი მხოლოდ ქალისა და კაცის ერთობაა, თუ როგორც ადრე მოაწერეს ხელი, რომ თურმე კონსტიტუციაში ასევე უნდა ჩაგვეწერა – სხვა პირებსაც, რომელიც არატრადიციული ცხოვრებით ცხოვრობენ, შეეძლოთ ოჯახის შექმნაო, ისევ ამის მომხრე იქნებიან. თუკი არ დათანხმებიან საკონსტიტუციო ცვლილებებს, ნიშნავს, რომ ხელში ლგბტ დროშას დაიკავებენ.

კანონპროექტის ინიციატორებს ერთი თვე ვალდებულება გვაქვს, რომ საქართველოს მასშტაბით ვიაროთ და ამ კონსტიტუციურ პროექტს პროპაგანდა გავუწიოთ, რადგან კონსტიტუციაში რა ცვლილებაც შედის, ეს საზოგადოებას კარგად უნდა ავუხსნათ. საზოგადოების წინაშე ვამბობთ, რომ კანონპროექტი ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით აუცილებლად დაინიცირდება, რომლის მიღების შესაძლებლობაც უმრავლესობას ოპოზიციის გარეშეც გვაქვს. საკონსტიტუციო პროექტი კი, სადაც უკვე ჩადებულია ოჯახის განმარტება, რომ ის შედგება ქალისა და მამაკაცის ერთობისგან, იმიტომ გვჭირდება, რომ ის კიდევ ერთხელ გამყარდეს და სამომავლოდ, რიგითი ან თუნდაც ორგანული კანონით, ვერავინ შეძლოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ დააწესოს ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ან რაიმე საპირისპირო, ვიდრე ოჯახის განმარტებაა. კიდევ ერთხელ დავინახავთ, ოპოზიცია ამაზე უარს იტყვის თუ – არა. მოკლედ, არჩევანია ასეთია: ან ეროვნული დროშა, ან – ლგბტ დროშა; ჯერი ახლა უკვე ოპოზიციაზეა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პოპულარულები