LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევანის წელიწადი: როგორი იყო 2024

127
არჩევანის წელიწადი როგორი იყო 2024

2024 წელს ბევრი მოვლენა მოხდა, რამაც კარდინალურად შეცვალა უამრავი ადამიანის ცხოვრება და ბედი. იყო კატასტროფები, პროტესტები, გამოჩნდა ახალი ტექნიკური მიღწევები…
ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას: ეს იყო უაღრესად დატვირთული და რთული წელიწადი.

სამყაროს მთავარი ყურადღება კვლავ უკრაინისკენ არის მიპყრობილი, სადაც სამი წელიწადია გრძელდება სრულმასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან და ამ ომში ჩართულია მთელი დასავლეთი.

წელს თავიდან იფეთქა კონფლიქტმა ღაზის სექტორში და მივიღეთ ახალი ომი ახლო აღმოსავლეთში, თუმცა ამ მხრივ იმედისმომცემი კონტურები გამოჩნდა და ვითარება დასტაბილურებისკენ მიდის.

იყო რხევები ევროპაში – მოძლიერდნენ ულტრამემარჯვენეები და გარკვეული კრიზისული ვითარება შეიქმნა ჯერ საფრანგეთში, ბოლოს კი გერმანიაში, რამაც მოქმედი კანცლერის წასვლა განაპირობა.

2024 წელს ევროპამ მკაფიოდ გადაუხვია მარჯვნივ. ევროპულმა არჩევნებმა, ისევე როგორც საფრანგეთში, პორტუგალიაში, ბელგიასა და ავსტრიაში, აჩვენა, რომ წელს პოლიტიკური ლანდშაფტი მარჯვნივ გადაიხარა. ეს დინამიკა ზოგად ტენდენციას ემყარება.
ამომრჩევლებს ასევე მიაჩნიათ, რომ მიგრაციული ნაკადები ძალიან მაღალია.

მემარჯვენეებმა და ულტრა მემარჯვენეებმა არაერთი ეროვნული არჩევნები მოიგეს. ავსტრიაში, სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებში პირველი ადგილი დაიკავა ჰერბერტ კიკლმა (FPÖ).
ბელგიაში კონსერვატიული ფლამანდური პარტია N-VA პირველი იყო ივნისის საპარლამენტო არჩევნებში, რასაც მოჰყვა ულტრამემარჯვენე ფლამანდური პარტია Vlaams Belang.
პორტუგალიის პარლამენტიც მარჯვნივ გადაიხარა. მემარჯვენე-ცენტრისტულმა ოპოზიციამ, ლუის მონტენეგროს მეთაურობით, გაიმარჯვა მარტის საპარლამენტო არჩევნებში.

საფრანგეთში, ნაციონალურმა გაერთიანებამ (RN) გაიმარჯვა ევროპულ არჩევნებში. ულტრამემარჯვენე პარტიამ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურშიც პირველი ადგილი დაიკავა. თუმცა, რესპუბლიკურმა ფრონტმა მეორე ტურში აჯობა და ხელისუფლებაში მოსვლის საშუალება არ მისცა.

მემარჯვენე-ცენტრისტულმა ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) მიაღწია გარღვევას 2024 წლის ივნისში გამართულ ევროპულ არჩევნებში და მოიპოვა ევროპარლამენტის 720 ადგილიდან 188. მას მოსდევს სოციალ-დემოკრატები და ულტრამემარჯვენე ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის“, შესაბამისად 136 და 84 ადგილით.


2024 წელი იყო არჩევნების წელიწადი: უამრავი მნიშვნელოვანი არჩევნები გაიმართა – ევროკომისიის არჩევნები, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ბოლოსკენ მოლდოვას არჩევნები და რეფერენდუმი, არჩევნები რუმინეთში, რომელსაც ასევე უნდა ეჩვენებინა რუსული თუ ევროპული მიმართულება, და რაც მთავარია – არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც გამარჯვება დონალდ ტრამპმა მოიპოვა და ამ გადაწყვეტილებამ გარკვეული სიფრთხილეც გამოიწვია: ჯერ ზუსტად ვერავინ იტყვის პრაქტიკაში რას შეცვლის ტრამპი, რამდენად გააგრძელებს კურსს, რაზე იტყვის უარს და რას დაუჭერს მხარს. აშშ-ს პოზიციას კი უდავოდ უმნიშვნელოვანესი როლი და ფუნქცია აქვს მსოფლიო გეოპოლიტიკისთვის.

და ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, ლამის ფუნდამენტური არჩევნები. საქართველოში ხელისუფლება მმართველმა ძალამ შეინარჩუნა, თუმცა ეს საკითხი ჯერ არ დასრულებულა, შეიძლება ითქვას, რომ ამ წუთებშიც გრძელდება და არავინ უწყის რა და როგორ დამთავრება: საზოგადოების დიდი ნაწილი გაყალბებული არჩევნების და ევროპიდან წამოსული ზეწოლის ფონზე ხელახალ არჩევნებს ითხოვს.

გარდა რთული საომარი პოლიტიკური ვითარებისა, 2024 წელი ასევე იყო ოლიმპიური წელიწადი, როდესაც პარიზმა სიახლე შესთავაზა სამყაროს და გახსნის ცერემონია ხმელეთის ნაცვლად ისტორიაში პირველად წყალზე, მდინარე სენაზე მოაწყო.
გარდა ამისა, ეს იყო ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის წელიწადი, როდესაც ჩვენმა, საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად მიიღო მონაწილეობა ამ დიდ ფორუმში და საყოველთაო ევროპული აღიარება მოიპოვა, როგორც მინდორზე თამაშით, ასევე მოედანს მიღმა ხალხის განწყობითა და გულშემატკივრების მხარდაჭერის გამო. საქართველო ამ მხრივ ევროპის ნაწილი გახდა.

თუმცა ამის შემდეგ საქართველოს ევროპული ორიენტაციის დამტკიცება უწევს: დაპირისპირებამ პიკს დეკემბერში მიაღწია და დიდი ალბათობით 2024 წლის ეს ამბები მემკვიდრეობით 2025 წელსაც გადაეცემა – საქართველოს ცალსახად უნდა ევროპა, მაგრამ ევროპისკენ მიმავალი გზა პოლარიზებული, რთული, ხიფათიანი, წინააღმდეგობებით აღსავსეა… თუმცა ამავე დროს იმედიანიც!


2024-ის მთავარი ამბები მოკლედ

იანვარი

1 იანვარი – მთიანი ყარაბაღის საბოლოო ინტეგრაცია აზერბაიჯანში. არცახის რესპუბლიკის გაუქმება.

ეგვიპტის, ირანის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, საუდის არაბეთისა და ეთიოპიის შესვლა BRICS-ში.

12 იანვარი – შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა განახორციელეს საჰაერო თავდასხმების სერია იემენში.

14 იანვარი – დანიის დედოფალი მარგრეტე II ტახტს ტოვებს. დანიის ახალი მეფე ფრედერიკ X გახდა.

28 იანვარი – საპრეზიდენტო არჩევნები ფინეთში.

თებერვალი

7 თებერვალი – აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ხმების 92,12%-ით მეხუთედ აირჩიეს.

11 თებერვალი – ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. მოიგო ალექსანდრ სტუბმა.

16 თებერვალი – რუსეთში ოპოზიციის ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნი კოლონიაში გარდაიცვალა.

26 თებერვალი – საპრეზიდენტო არჩევნები უნგრეთში. აირჩიეს ტომას შუიოკი.

მარტი

7 მარტი – ხანგრძლივი პროცედურების შემდეგ შვედეთი ნატოში გაწევრიანდა.

10 მარტი – პორტუგალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. მოიგო სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ.

12-21 მარტი – რუსეთის მიერ ტერორისტებად აღიარებული „მოხალისეთა კორპუსი“ და სხვა პროუკრაინული დაჯგუფებები ბელგოროდისა და კურსკის რაიონებში შევიდნენ, რის შედეგად დაიღუპა 16 მოქალაქე და კიდევ 98 დაშავდა.

15-17 მარტი – გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში. ტრადიციულად ისევ ვლადიმირ პუტინმა გაიმარჯვა.

22 მარტი – უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, ყველაზე მასშტაბური ომის დაწყებიდან, რამაც გამოიწვია დნეპრის ჰიდროელექტროსადგურის განადგურება. ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ მთელ რიგ ქალაქებს, მათ შორის ხარკოვს.

31 მარტი – ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონის წევრები გახდნენ საზღვაო და საჰაერო მარშრუტებით.

აპრილი

6 აპრილი – საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სლოვაკეთში. გაიმარჯვა პიტერ პელეგრინიმ.

13 აპრილი – ირანმა დაიწყო საპასუხო დარტყმები ისრაელის წინააღმდეგ, თვის დასაწყისში დამასკოში ირანის საკონსულოზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის გამო.

15 აპრილი – საპროტესტო აქცია თბილისში ე.წ. „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის მიღების წინააღმდეგ.

17 აპრილი – მთიანი ყარაბაღიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანა დაიწყო.

საპარლამენტო არჩევნები ხორვატიაში. მოქმედი პრემიერ-მინისტრის ანდრეი პლენკოვიჩის დემოკრატიული თანამეგობრობის კოალიცია მანდატების უმრავლესობას იგებს.

19 აპრილი – ისრაელმა, 13 აპრილს ისრაელზე ირანის სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმის საპასუხოდ, დაიწყო ავიაიერიშები ირანის წინააღმდეგ.

24 აპრილი – საპრეზიდენტო არჩევნები ჩრდილოეთ მაკედონიაში.

მაისი

8 მაისი – ჩრდილოეთ მაკედონიის საპარლამენტო არჩევნებში ევროსკეპტიკურმა პარტიამ VMRO-DPMNE გამარჯვება მოიპოვა და მისი საპრეზიდენტო კანდიდატი გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა ქვეყნის პირველ ქალ პრეზიდენტად აირჩიეს (საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში).

9 მაისი – სომხეთში ათასობით ადამიანის მიტინგი გაიმართა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით. პროტესტის მიზეზი იყო ქვეყნის მიერ აზერბაიჯანისთვის რიგი ტერიტორიების დათმობა.

10 მაისი – რუსულმა ჯარებმა შეტევა დაიწყეს ხარკოვის რეგიონზე.

12 მაისი – ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა.

15 მაისი – სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე მკვლელობის მცდელობა განხორციელდა.

19 მაისი – ვერტმფრენი, რომლითაც ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვა მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ, ირანისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა. ყველა მგზავრი დაიღუპა.

26 მაისი – ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. გაიმარჯვა მოქმედმა პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.

ივნისი

1 ივნისი – საპრეზიდენტო არჩევნები ისლანდიაში. გაიმარჯვა ჰალა ტუმასდოტირმა.

3 ივნისი – საქართველოში ამოქმედდა კანონი ე.წ. „უცხოელი აგენტების შესახებ“.

6-9 ივნისი – იმართება ევროპარლამენტის არჩევნები. EPP, რომელსაც ხელმძღვანელობს ევროკომისიის მოქმედი პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ინარჩუნებს უმსხვილესი ფრაქციის სტატუსს. ასევე ძლიერდება კონსერვატორების და პატრიოტების პოზიციები.

9 ივნისი – საპარლამენტო არჩევნები ბელგიაში. ახალი ფლამანდური ალიანსი რჩება ყველაზე დიდ პარტიად წარმომადგენელთა პალატაში.

საპარლამენტო არჩევნები ბულგარეთში. GERB-SDS-მა აჩვენა საუკეთესო შედეგი (25% და 68 ადგილი), მაგრამ ვერ მიიღო უმრავლესობა ეროვნულ ასამბლეაში.

12 ივნისი – მთიანი ყარაბაღიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანა სრულდება.

13-15 ივნისი – იტალიაში იმართება დიდი შვიდეულის 50-ე სამიტი.

14 ივნისი-14 ივლისი – გერმანიაში იწყება 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში.

30 ივნისი-7 ივლისი – საპარლამენტო არჩევნები საფრანგეთში. მემარცხენე „ახალი სახალხო ფრონტი“ იგებს მანდატების უმრავლესობას ეროვნულ ასამბლეაში, უსწრებს მემარჯვენე „ნაციონალურ გაერთიანებას“, რომელმაც პირველი ტური მოიგო.

ივლისი

4 ივლისი – საპარლამენტო არჩევნები დიდ ბრიტანეთში. ლეიბორისტულმა პარტიამ გაიმარჯვა და კირ სტარმერი გახდა ახალი პრემიერ-მინისტრი.

5 ივლისი – ირანში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. გაიმარჯვა მასუდ ფეზეშქიანმა.

9 ივლისი-11 ივლისი – ნატოს სამიტი აშშ-ში.

9 ივლისი – ევროკავშირის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ორგანიზაციაში საქართველოს შესვლის პროცესის შეჩერების შესახებ.

13 ივლისი – დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა. თავად ტრამპი დაიჭრა, თავდამსხმელი ლიკვიდირებული, დაიღუპა კიდევ ერთი მოქალაქე.

„ჰამასის“ ლიდერი მუჰამედ დეიფი დაიღუპა ისრაელის სარაკეტო თავდასხმის შედეგად.

26 ივლისი-11 აგვისტო – 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პარიზში.

საუთპორტის ტრაგედია. დაიღუპა 3 გოგონა, დაშავდა 10 ადამიანი. დიდ ბრიტანეთში საპროტესტო აქციები დაიწყო

30 ივლისი – ირანის პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაცია.

31 ივლისი – ირანში მოკლეს ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანიე.

აგვისტო

6 აგვისტო – კურსკის რეგიონში ბრძოლები იწყება.

14 აგვისტო – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ბოლო ორი წლის განმავლობაში მეორედ აცხადებს ჩუტყვავილას ეპიდემიას საგანგებო მდგომარეობად.

28 აგვისტო-8 სექტემბერი – 2024 წლის ზაფხულის პარაოლიმპიადა გაიმართა პარიზში.

სექტემბერი

1 სექტემბერი – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში.

17 სექტემბერი – საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს „ლგბტ პროპაგანდას“.

17-18 სექტემბერი – აფეთქებები ლიბანში პეიჯერებისა და რაციების დეტონაციის შედეგად. დაიღუპა 37 ადამიანი და დაშავდა 3000-ზე მეტი.

27 სექტემბერი – ჰარეთ-ჰრეიკში მოკლეს „ჰეზბოლას“ მოძრაობის ხელმძღვანელი ჰასან ნასრალა.

29 სექტემბერი – საპარლამენტო არჩევნები ავსტრიაში.

30 სექტემბერი – დიდი ბრიტანეთი ხდება G7-ის პირველი ქვეყანა, რომელიც ეტაპობრივად უარს ამბობს ქვანახშირზე 142-წლიანი გამოყენების შემდეგ.

ოქტომბერი

1 ოქტომბერი – ისრაელის ლიბანში შეჭრის დასაწყისი.

ირანმა ჰასან ნასრალას მკვლელობის საპასუხოდ ისრაელის მიმართულებით 201 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

13 ოქტომბერს – ილონ მასკისა და SpaceX-ის Super Heavy-მა ორბიტაზე გაიყვანა კოსმოსური ხომალდი უჰაერო სივრცეში ფრენებისთვის და დაბრუნდა დედამიწაზე.

16 ოქტომბერი – რაფახში ისრაელელ სამხედროებთან ბრძოლისას მოკლეს „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი.

20 ოქტომბერი – მოლდოვაში ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.

21 ოქტომბერი – ალბანეთის ყოფილი პრეზიდენტი ილირ მეტა კორუფციის ბრალდებით დააკავეს.

22-24 ოქტომბერი – BRICS სახელმწიფო მეთაურთა სამიტი ყაზანში.

26 ოქტომბერი – საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება.

30 ოქტომბერი – ესპანეთი ბოლო ნახევარ საუკუნეში ყველაზე საშინელ წყალდიდობას განიცდის, რის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ბევრი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, რადგან წვიმის ერთი წლის ნორმა რვა საათში მოვიდა.

ნოემბერი

3 ნოემბერი – მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ მეორე ვადით აირჩიეს.

5 ნოემბერი – აშშ საპრეზიდენტო არჩევნები. დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა და გახდა პირველი პრეზიდენტი, გროვერ კლივლენდის შემდეგ (1892 წ), რომელიც პოსტზე შესვენების შემდეგ დაბრუნდა.

18-19 ნოემბერი – რიო დე ჟანეიროში G20-ის სამიტი გაიმართა.

21 ნოემბერი – რუსეთმა დნეპრზე ჰიპერბგერითი სარაკეტო დარტყმა განახორციელა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა დაპატიმრების ორდერი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ისრაელის თავდაცვის ყოფილ მინისტრ იოავ გალანტსა და „ჰამასის“ სამხედრო ლიდერის მუჰამედ დეიფის წინააღმდეგ ომის დროს ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების გამო.

26 ნოემბერი – ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს ლიბანში „ჰეზბოლასთან“ ბრძოლის დასრულებას.

28 ნოემბერი – საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები 2028 წლამდე შეაჩერა.

30 ნოემბერი – სირიაში მეამბოხეებმა ქალაქი ალეპო აიღეს.

აქციები საქართველოში პარლამენტის დათხოვნისა და ახალი არჩევნების დანიშვნის, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის კურსის შეჩერების გაუქმების მოთხოვნით.

ვალენსიაში მიტინგები იმართება მთავრობის გადადგომის მოთხოვნით რეგიონში დამანგრეველი წყალდიდობის გამო.

დეკემბერი

4 დეკემბერი – პოლიტიკური კრიზისი საფრანგეთში. მიშელ ბარნიე გახდა პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც უნდობლობის ვოტუმი მიიღო 1962 წლის შემდეგ.

6 დეკემბერი – რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები რუსეთის ჩარევის ბრალდებების გამო კალინ გეორგიესკუს მეორე ტურში მოულოდნელი გასვლის შემდეგ.

7 დეკემბერი – 2019 წელს ხანძრის შედეგად დაზიანებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხუთწლიანი რესტავრაციის შემდეგ გაიხსნა.

8 დეკემბერი – ბრძოლის დროს სირიის დედაქალაქი დამასკო ანტისამთავრობო ძალებმა აიღეს.

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა დატოვა ქვეყანა, რითაც აღინიშნა სირიის არაბული რესპუბლიკის დასასრული და ასადის დინასტიის დაცემა, რომელიც 53 წელი მართავდა ქვეყანას.

14 დეკემბერი – საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტი აირჩია. პირველი არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გახდა.

საქართველიოში, მთელი დეკემბერი გრძელდება ანტისამთავრობო გამოსვლები ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით.

ფოტო: nytimes
texastribune
euractiv
yahoo

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g