LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნები 2020 – რა შემთხვევაში იქნება პროპორციული სისტემა არსებულზე უკეთესი

356
parla

“ქართული ოცნების” მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებები საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტთან გამრთულ აქციებს მოჰყვა, 2020 წელს უბარიერო, უბლოკო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.

ამ სისტემის თანახმად, პარლამენტის მანდატის მიღება შეეძლება ყველა პარტიას, რომელიც, ხმების, სულ მცირე, 0,67%-ს დააგროვებს. პარტიებს აეკრძალებათ ბლოკებად გაერთიანება, ხოლო გაუნაწილებელ მანდატებს ის პარტიები მიიღებენ, რომლებსაც ყველაზე ნაკლები ხმა სჭირდებათ მომდევნო მანდატის მისაღებად.

კონსტიტუციური კანონის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად მანდატს მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას.

 

პროპორციული სისტემა უკეთესია, თუმცა …

პროპორციული სისტემის შემთხვევაში თითქმის შეუძლებელია რომელიმე პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საკმარისი რაოდენობის მანდატების აღება და შესაბამისად, ძალაუფლების სადავეების ერთპიროვნულად ხელში ჩაგდება შეძლოს. არჩევნებში გამარჯვებულ, ანუ ყველაზე მეტი ხმის მომპოვებელ პარტიას პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში აუცილებლად მოუწევს სხვა პარტიებთან კომპრომისებზე წასვლა.

პროპორციული არჩევნები რომ არსებულ სისტემასთან შედარებით უკეთესია, ამაზე პოლიტიკური სპექტრი თანხმდება. თუმცა, აღნიშნავენ, რომ მას ახლავს გარკვეული რისკებიც. პოლიტიკური პარტიები ამ მხრივ სწორედ  ბარიერის არარსებობასთან დაკავშირებულ რისკებს ახსენებენ. თუმცა, ამის გარდა იურისტები მიიჩნევენ, რომ უბარიერო სისტემის პირობებშიც კიდევ ბევრი საკითხია დასაკონკრეტებელი, იმისთვის რომ არსებულზე უკეთესი სისტემა მივიღოთ.

ლევან ალაფიშვილი “ფორტუნასთან” ამბობს, რომ პირველ რიგში უნდა დაკონკრეტდეს შემდეგი საკითხები:

  • მანდატების განაწილების წესი
  • არჩევნების ადმინისტრირების წესი – რას ითვლიან, როგორ და სად
  • ფინანსებზე წვდომა


„ერთი რამ უპირობოა, რომ ეს არის გარდამავალი ეტაპი და იმუშავებს მხოლოდ 2020 წლის არჩევნებზე და აქ თუ არ დაკონკრეტდა მანდატების განაწილებისა და არჩევნების ადმინისტრირების წესი, გაუმჯობესებაზე საუბარი ძალიან ადრეა და პირიქით, შეიძლება გაუარესება ვნახოთ.

მნიშვნელოვანია იქნება ერთი ოლქი თუ რამდენიმე, სადაც ხმებს დაითვლიან. მაგალითად, საპრეზიდენტო არჩევნების დროს არის ერთი ოლქი და ხმებიც ჯამდება ამ პრინციპით ანუ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. მნიშვნელოვანია, გვექნება არსებული ოლქები, შეიქმნება განსხვავებული ოლქები, მაგალითად, სამხარეო ნიშნით თუ იქნება ერთი ოლქი. იქნება დაჩეხილი სიები თუ ერთიანი სია, იქნება სიები საკომპენსაციო სიებთან ერთად თუ იქნება მის გარეშე“, – ამბობს ლევან ალაფიშვილი.

ამასთან, იურისტი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ასევე 2020 წლის არჩევნები ჩაატაროს ხელისუფლებისგან და პოლიტიკური ძალებისგან მაქსიმალურად დისტანცირებულმა საარჩევნო ადმინისტრაციამ, რომელსაც დააკომპლექტებს საერთაშორისო ორგანიზაციები, სადაც წარმოდგენილნი იქნებიან არაწევრის სტატუსით პოლიტიკური და დამკვირვებელი ორგანიზაციებიც.

 

ნულოვანი ბარიერი

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, ნულოვანი ბარიერით პროპორციული არჩევნები მხოლოდ 2020 წელს ჩატარდება, 2024 წლიდან კი ბარიერი იქნება 5%. სწორედ ნულოვანი ბარიერია ის ფაქტორი, რის გამოც რისკებზე საუბრობენ პოლიტიკური პარტიები, თუმცა, ამბობენ, რომ რისკები დაძლევადია. ყველაზე მეტი კრიტიკა კი ამ პირობამ “ნაციონალური მოძრაობისგან” დაიმსახურა. პოლიტიკის ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე ფორტუნასთან აღნიშნავს, რომ ბარიერთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების ინტერესები შესაძლოა, ერთმანეთსაც კი ემთხვეოდეს.

„ნაციონალურ მოძრაობას უბარიერო პროპორციული სისტემა არაფერში აძლევს ხელს. მათთვის 10%-იანი ბარიერი უფრო მისაღებია, ვიდრე 3%-იანი. იგივე აწყობს “ქართულ ოცნებასაც”, რადგან ორივე ძალა გადალახავს ბარიერს და ასეთ შემთხვევაში მოცემულობა იქნება ის, რომ გვეყოლება მხოლოდ ეს ორი პარტია, დანარჩენები კი იძულებული იქნებიან ან ერთს ეგებონ ან მეორეს ან უარი თქვან პოლიტიკურ საქმიანობაზე“, – აღნიშნავს ვახტანგ ძაბირაძე.

იურისტი ლევან ალაფიშვილი კი განმარტავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებმა, რომელიც 2020 წლის არჩევნებისთვის იგეგმება, მაჟორიტარ დეპუტატებს შესაძლოა, მანიპულაციის საშუალება მისცეს და მანდატები ისევ მხოლოდ მმართველი პოლიტიკური ძალისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.

„სხვადასხვა მანიპულაციებით შესაძლებელია მაჟორიტარებმა შექმნან პარტიები ერთკაციანი თუ ორკაციანი და 2020 წლის პარლამენტში ვიხილოთ სახელშეცვლილი მაჟრიტარები. ამიტომ ნულოვან ბარიერზე როცა მიდიხარ, უნდა შექმნა მექანიზმები იმისთვის, რომ ასეთი რაღაცები იქნეს მაქსიმალურად გამორიცხული. ნულოვანი სისტემა არანაკლები კომფორტია მმართველი პოლიტიკური ძალისთვის. ფართოდ უნდა შევხედოთ ამ პროცესს, რადგან შესაძლებელია მივიღოთ არა გაუმჯობესება, არამედ გაუარესება და მმართველ პოლიტიკურ ძალას შესაძლებელია ამ კრიზისიდან მიეცეს საშუალება არა დანაკარგით, არამედ გაძლიერებული გამოვიდეს და დარჩეს უმრავლესობით პარლამენტში შესაბამისად მანვე დააკომპლექტოს მთავრობა და დარჩეს ქვეყნის მართვის სადავეები“, – აღნიშნავს ალაფიშვილი.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციულად რომ ჩატარებულიყო, 0%-იანი ბარიერით

ასეთ შემთვევაში, “ქართული ოცნებას” 12 მანდატი მოაკლდებოდა, “ნაციონალური მოძრაობა” კი 13 დეპუტატით მეტს შეიყვანდა პარლამენტში, 1 მანდატით მეტი შეხვდებოდა “პატრიოტთა ალიანსს”.

mazda magti 5g