მმართველი პარტია საპარალმენტო არჩვენების გადადების შესახებ ალაპარაკდა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე თარიღის შეცვლის შესაძლებელობას პანდემიას უკვაშირებს და ამბობს, რომ თუ ვირუსის მეორე ტალღა საარჩევნო პერიოდს დაემთხვევა, არჩვენები დეკემბერში გადაიწევს.
„თუკი 21 ნოემბრამდე არ იქნება მეორე ტალღა, ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად ტარდება არჩევნები, მაგრამ თუ 31 ოქტომბრამდე მოუწია მეორე ტალღა, საუბარია კონსტიტუციურ მოცემულობაზე, სასწორზე დგას ორი რამ: ერთია ეპიდემიის გავრცელება, საუბარია იმაზეც, რომ მეორე ტალღა შეიძლება, უფრო მძიმეც იყოს, ბუნებრივია, არჩევნები შეიძლება გახდეს ეპიდემიის გავრცელების წყარო. მეორე არის არჩევნების თარიღი. ამ შემთხვევაში პასუხს იძლევა კონსტიტუცია, პასუხი არის შემდეგი: თუ აუცილებელი იქნება, პირობითად, ოქტომბერში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ეპიდემიის სამართავად, ამ შემთხვევაში ცხადდება საგანგებო მდგომარეობა, გაუქმდება რაღაც პერიოდში და აქედან 45-დან 60 დღემდე ვადაში ტარდება უკვე არჩევნები. ეს შეიძლება იყოს, დეკემბერი, შეიძლება იყოს იანვარი, მე ვსაუბრობ კონსტიტუციიდან გამომდინარე, თუმცა კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ ეს არ მოხდება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
“ნაციონალურ მოძრაობაში” მიაჩნიათ, რომ “დამარცხებისთვის განწირული “ოცნება” შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს ეძებს”. პარტიის წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ მმართველი პარტია პანდემიას თავიდანვე პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა.
“ცდილობენ მანიპულირება გააკეთონ არჩევნების თარიღით, მაგრამ ამას განსაზღვრავს არა კობახიძე, არა “ქართული ოცნება”, არამედ საქართველოს კონსტიტუცია, კანონი და სწორედ კანონის შესაბამისად უნდა ჩატარდეს არჩევნები. ამ მანიპულირებას ჯობია “ქართულმა ოცნებამ” თავი დაანებოს და მიხედოს, რომ არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს და ამის გარანტია მისცეს როგორც საქართველოს მოსახლეობას, ისე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს,”- აცხადებს “მთავარ არხთან” უდუმაშვილი.
ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით კი, არჩევნების გადადებაზე საუბრის ობიექტური საფუძველი არ არსებობს.
“საზოგადოების კონსესუსი, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება უნდა შეიცვალოს პროდასავლური ძალების კოალიციური მთავრობით, სადაც ხელისუფლება გადანაწილებული და დაბალანსებული იქნება სხვადასხვა პარტიებს შორის, ეს კონსესუსი იმდენად ძლიერი და აშკარაა, რომ ნებისმიერ დროს ქართული ოცნება განწირულია ოპოზიციაში გადასასვლელად”,- ამბობს გიორგი კანდელაკი.
საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გადადების საკითხზე ირაკლი კობახიძემ 13 ივნისს, ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.