პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, გაყალბების კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას საფუძველი არ აქვს.
მისივე თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სრულფასოვნად უნდა ცნოს ქართული დელეგაციის მანდატი, რადგან მსგავს მტკიცებულებას ვერავინ წარმოადგენს.
„მათ წინა სესიაზე დააყენეს ერთგვარი პირობები, რათა სრულფასოვნად ეცნოთ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მანდატი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სტრასბურგში ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის საქმიანობა შევაჩეროთ. აქედან გამომდინარე, შემდეგ სესიაზე იქ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია არ ეყოლება, რადგან შეჩერებულია, ვიდრე სრულად არ მოხდება გააზრება, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს ძალით არავინ ჩაატარებს, თუ არ იქნება წარმოდგენილი გაყალბების კონკრეტული მტკიცებულებები. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება არჩევნების ჩატარება, არჩევნების ჩატარებას არანაირი საფუძველი არ აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ გაყალბების მტკიცებულებას ვერავინ წარმოადგენს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სხვა ალტერნატივა არ აქვს, თუ არა, სრულფასოვნად ცნოს ქართული დელეგაციის მანდატი. ასე თუ არ იქნება, ჩვენი წევრობა შეჩერებული იქნება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.