არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია ე.წ. სპეციალურ მთვლელებს დაიქირავებს, რომლებიც კომისიის თანდასწრებით, შედეგებს პირდაპირ ეთერში გადაითვლიან.
როგორც დღეს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ განაცხადა, ხმის მთვლელების რაოდენობა 12 იქნება.
მიქანაძის თქმით, სამოქმედო გეგმა, რომელსაც სავარაუდოდ, დღეს დაამტკიცებენ, ერთ-ერთ კომპონენტად სწორედ გარკვეული უბნების გადათვლას ითვალისწინებს, გადათვლის პროცესი კი არ არის ჩვეულებრივი პროცესი და მას შესაბამისი ცოდნა, უნარები და გამოცდილება სჭირდება.
საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის თქმითვე, კომისიის მუშაობის საკითხზე დასკვნას აპარატი მოამზადებს, რაც დამტკიცების შემთხვევაში, ბიუროზე და პლენარულ სხდომაზე გავა:
“სამოქმედო გეგმა, რომელსაც დღეს ჩვენ იმედია, დავამტკიცებთ, ერთ-ერთ კომპონენტად ითვალისწინებს გარკვეული უბნების გადათვლას, რაც საგამოძიებო პროცესისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი კომპონენტია. გადათვლის პროცესი არ არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც დაკავშირებულია ცოდნის, უნარებისა და გამოცდილების ქონასთან.
იმისთვის, რომ ეს პროცესი პროფესიონალურად წარიმართოს, ჩვენ ამ ბიუჯეტით მოვითხოვეთ 12 ე.წ. მთვლელის დაქირავება მოხდეს, რომლებიც ჩვენი თანდასწრებით, პირდაპირ ეთერში განახორციელებენ ამ გადათვლის პროცესს, როცა შევათანხმებთ, რომელი უბნების გადათვლა მოხდება და რა პრინციპით. ეს ადამიანები განახორციელებენ გადათვლას, მაგრამ ჩვენ ვიქნებით დამსწრე, ზედამხედველი და იმის მაკონტროლებელი, რომ ეს პროცესი სწორად მიმდინარეობს.
იმისთვის, რომ საჯაროობა და ღიაობა უზრუნველყოფილი იყოს, მნიშვნელოვანი იქნება, რომ პროცესი ლაივსტრიმით პირდაპირ ეთერში იქნება გადაცემული. ასევე, კომისიის აპარატის ფარგლებში ჩვენ დავიქირავებთ თანამშრომლებს, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან საოქმო ჩანაწერებზე თითოეულ სხდომასთან დაკავშირებით, ასევე, საორგანიზაციო საკითხების მიმართულებითაც. ისევე, როგორც ერთი ადამიანი, რომელიც კომისიის მუშაობის ამსახველ დასკვნას მოამზადებს და შემდგომში ეს დასკვნა ჩვენ წარგვედგინება, რაც განიხილება კომისიის მუშაობის ფორმატში, მიღებული იქნება გადაწყვეტილება მხარს ვუჭერთ თუ არა დასკვნის ამ ფორმას. მხარდაჭერის შემთხვევაში კი, წარედგინება პარლამენტის ბიუროს და პარლამენტის პლენარულ სესიას შემდგომი განხილვა-დამტკიცებისთვის.” – თქვა მიქანაძემ.
შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა იმართება, რომელზეც კომისიის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ და დაამტკიცებენ.