„მარტა კოსის მიზანია ჩვენი ქვეყნის მთავარი ღირებულების, დემოკრატიის და ქართველი ხალხის არჩევანის უგულებელყოფა და მხოლოდ კონკრეტული ძალების მართული, მარიონეტული რეჟიმის ჩვენს ქვეყანაში დაბრუნება, რომელიც იმ დავალებას შეასრულებს, რომელსაც ეტყვიან“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძემ ჟურნალისტებთან გაფართოების საკითხებში ევროკომისარ, მარტა კოსის განცხადება შეაფასა.
„ეს ის ქალბატონია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ აცხადებდა, რომ ისინი ეძებენ გზებს, რათა ქართული კანონმდებლობის გვერდის ავლით შემოიტანონ ჩვენს ქვეყანაში „შავი ფული“, რომელიც შემდეგ რაშიც ხმარდება ძალიან კარგად ვიცით – სიძულვილის კამპანიების დაფინანსება, „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის რომანტიზების მცდელობა, მოლოტოვების დასამზადებლად მასალის ყიდვა და პიროტექნიკის შესყიდვა, რომ შემდეგ ეს ყველაფერი გამოიყენონ სახელმწიფო ქონების, კერძო საკუთრების დასაზიანებლად და გასანადგურებლად და ჩვენს გმირ პოლიციელებზე თავდასასხმელად. როდესაც მარტა კოსი განცხადებას აკეთებს, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც მიზანმიმართულად ერევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში. მისი მიზანია ჩვენი ქვეყნის მთავარი ღირებულების, დემოკრატიის და ქართველი ხალხის არჩევანის უგულებელყოფა და მხოლოდ კონკრეტული ძალების მართული, მარიონეტული რეჟიმის ჩვენს ქვეყანაში დაბრუნება, რომელიც იმ დავალებას შეასრულებს, რომელსაც ეტყვიან”, – განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოში „ავტოკრატიული სისტემა ახშობს“ დემოკრატიულ ხმებს და ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს ევროპულ მომავალს, საკუთარ ხალხს კი ატყუებენ, თითქოს ქვეყანა ევროკავშირში მიჰყავთ და ევროკავშირი უნდა მოერგოს მათ. მისი თქმით, საქართველოში შესაძლებელია იმის ნახვა თუ „რა ხდება, როდესაც რუსეთი იმარჯვებს”.
