გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის საჭიროება არ არსებობს, ნელ-ნელა ვიწყებთ მონეტარული პოლიტიკის შერბილებას, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი მონაცემებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საშუალოვადიან პერიოდში დაახლოებით, 5-დან 6%-მდე შემცირდება. თუმცა, როგორი იქნება შემცირების სიჩქარე, ეს დამოკიდებული იქნება სხვადასხვა ფაქტორებზე, რომელიც ინლფაციის მოლოდინებზე და მომავალ ინფლაციაზე ახდენს გავლენას.
”რადგან ინფლაციის მოლოდინები მცირდება, უკვე აღარ არის საჭირო გამკაცრებული ინფლაციის მოლოდინების შენარჩუნება,” – განაცხადა მესტვირიშვილმა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებები საპროგნოზო ინფლაციაზე დაყრდნობით მიიღება.
რაც შეეხება ინფლაციის შემცირებას, არჩილ მესტვირიშვილის თქმით, ეს რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, ინფლაცია, წლის განმავლობაში დაბალი დარჩება, წლის მეორე ნახევარში კი მცირე ზრდაა მოსალოდნელი, მაგრამ ეს იქნება მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს.
”ლარის გაუფასურება ინფლაციის ზრდას მაინცდამაინც არ უკავშირდებოდა, შესაბამისად, ინფლაციის ზრდაზე დიდი გავლენა ჰქონდა ინფლაციის მოლოდინებს. რა თქმა უნდა, კურსი ერთ-ერთი არხია, რომელიც ინფლაციის ძირითადად, მოლოდინებზე ახდენს გავლენას და მცირე გადაცემა აქვს, თუმცა, ძირითადი განმსაზღვრელი ინფლაციის მოლოდინები იყო და არა კურსი” – განაცხადა მესტვირიშვილმა.