პარლამენტის ვიცე-სპიკერისა და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სად დგას დღეს საქართველო, ამასთან დაკავშირებით კითხვები არ არის. როგორც მან აღნიშნა, საქართველო დგას უკრაინის გვერდით, დგას მისი თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დასაცავად.
არჩილ თალაკვაძე მმართველი გუნდის მისამართით ოპოზიციის კრიტიკასაც გამოეხმაურა, რომელიც უკრაინის რადას სპიკერის, რუსლან სტეფანჩუკის მიმართვას უკავშირდება და აღნიშნა, რომ ოპოზიციას საქართველოში თავისი ვიწროპარტიული ინტერესები აქვთ, ხოლო საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მისამართით არის ცხადი.
„რადიკალური ოპოზიციის განცხადებებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ სიტუაციაში არ შეიძლება, ისინი მოქმედებენ ვიწროპარტიული ინტერესებით, რეალობა გახლავთ ის, რომ როგორც აშშ-მა, ასევე ევროკავშირმა, მაღალი დონის სპიკერებმა არაერთხელ შეაფასეს და განაცხადეს, რომ საქართველო ამ მძიმე წუთებში უკრაინის გვერდით დგას და ჩვენი სოლიდარობა არის ძალიან ცხადი.
ყველაფერს ვაკეთებთ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რომ ომი დასრულდეს და უკრაინის მშვიდობიანი მომავალი იყოს გარანტირებული. ჩვენ დარწმუნებულები ვართ იმაში, რასაც ვაკეთებთ, ეს არის უკრაინის მტკიცე სოლიდარობა, საქართველოს ევროპული მისწრაფებების ერთგულება, ეროვნული ინტერესების სრულად გათვალისწინება ჩვენს საქმიანობაში. არ ვარ დარწმუნებული, რომ იგივეს აკეთებს რადიკალური ოპოზიცია, რომლის ინტერესით გახლავთ შიდა დესტაბილიზაცია და საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით რაიმე შედეგის მიღწევა,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
დეპუტატმა ასევე უპასუხა შეკითხვას პეტიციის შესახებ, რომლითაც მოქალაქეები ევროპარლამენტარებს მიმართავენ, რათა ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესდეთ. არჩილ თალაკვაძემ პეტიციას არასერიოზული უწოდა.
„ეს არის ძალზედ არასერიოზული ინიციატივა. ჩვენ მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია (უკრაინის მხარდაჭერაზე), რაც ასევე შეაფასეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა. სად დგას დღეს საქართველო, ამასთან დაკავშირებით კითხვები არ არის – საქართველო დგას უკრაინის გვერდით, დგას მისი თავისუფლების და სუვერენიტეტის დასაცავად,“ – განაცხადა თალაკვაძემ.
“დამისახელეთ სახელმწიფო, რომელიც საქართველოზე მეტს აკეთებს უკრაინისთვის” – ყაველაშვილი
