უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის თხოვნით, რუსეთის პატრიარქი უკვე ჩაერთო არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემის საკითხში და ყოველმხრივ ეცდება, ეს მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელდეს – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
მათი ცნობით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი რუსეთის პატრიარქს ბულგარეთში გაუგზავნეს, ის კი მაშინვე ჩაერთო საქმეში.
„დაგვიკავშირდნენ რუსეთის საპატრიარქოდან და გვაცნობეს, რომ მიიღეს არჩილ ტატუნაშვილის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი, რომელიც გადაუგზავნეს ბულგარეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფ რუსეთის პატრიარქს.
მისმა უწმინდესობა კირილემ განაცხადა, რომ, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის თხოვნით, უკვე ჩაერთო არჩილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემის საკითხში და ყოველმხრივ ეცდება, ეს მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელდეს.
ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, ცხედარი ექსპერტიზაზეა და მას საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვარი ჩამოასვენებს”, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.