LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩვენები დარღვევებით და ხარვეზებით წარიმართა, რამაც საზოგადოებაში არჩევნების გაყალბების ეჭვი გააჩინა: ადამიანის უფლებათა ცენტრი

124
FORTUNA.GE- (2)

“2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, საარჩევნო უბნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებზე უპრეცედენტო რაოდენობით შესწორების ოქმი შედგა.” – “ადამიანის უფლებათა ცენტრი” 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ არჩვენები, წინასაარჩევნო პერიოდის გათვალისწინებით, დარღვევებით და ხარვეზებით წარიმართა, რამაც საზოგადოებაში არჩევნების გაყალბების ეჭვი და შესაბამისად, პროტესტი გააჩინა. 

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” შემაშფოთებლად მიიჩნევს საოლქო საარჩევნო კომისიებსა და საერთო სასამართლოებში საჩივრების განხილვისას გამოვლენილ პრობლემებს.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კოვიდპანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პარალელურად, უკმაყოფილო ამომრჩეველთა საპროტესტო ტალღამ შექმნა მწვავე პოლიტიკური კრიზისი, რაც თავისთავად ზიანის მომტანია სახელმწიფოს ინტერესებისთვის და დემოკრატიული განვითარებისთვის.

შესწორების ოქმებზე საუბრის დროს, ორგანიზაცია გასული წლების არჩევნების მაჩვენებლებსაც ასახელებს:

◼  2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს, 507 საარჩევნო უბანზე დაიწერა შესწორების ოქმი (პროპორციული), რაც, ქვეყნის მასშტაბით, წარმოადგენს უბნების 13,18%-ს;

◼  2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეს მაჩვენებელი იყო –  353, რაც უბნების 9,57%-ია.

რაც შეეხება მაჟორიტარული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს:

◼  584 საარჩევნო უბანზე დაიწერა შესწორების ოქმი, რაც წარმოადგენს უბნების 15,39%-ს მთელი ქვეყნის მასშტაბით;

◼  2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეს მაჩვენებლი იყო 271, რაც უბნების 7,46%-ია.

ანგარიშის წარდგენისას, “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელმა ალეკო ცქიტიშვილმა ასევე ისაუბრა პრობლემაზე, რომელიც საარჩევნო პერიოდში ჟურნალისტების საქმიანობას, კონკრეტულად კი მათზე ფიზიკურ თავდასხმებს უკავშირდება.

მისი თქმით, ჟურნალისტებზე თავდასხმებს, წინა წლების მსგავსად, სახელმწიფოს მხრიდან არ მოჰყოლია შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, რაც იწვევს მსგავსი შემთხვევების წახალისებას.