7 ივლისს რადიო „არ დაიდარდოს“ რუბრიკას „მხიარული დილა“ კახაბერ ცისკარიძე სტუმრობდა, რომელმაც თავის შემოქმედებაზე და არსებულ პროექტებზე ისაუბრა. გადაცემაში „კახაბერის და ხანუმების“ ახალი ნამუშევრის „არც ხოს ამბობ, არც არას“ პრემიერა შედგა. მუსიკოსმა რამდენიმე ახალი ნამუშევარი და ალბომიც დააანონსა.
კახაბერ, როგორ მიდის შენი, როგორც დიზაინერის საქმიანობა? ვიცი, რომ ძალიან დიდი წარმატებით და პოპულარობით სარგებლობს შენი ბრენდი.
ნამდვილად ასეა და მიხარია, რომ არის მოთხოვნა და ხალხს მოსწონს როგორც ხარისხი, ისე დიზაინი. ჩემი ტანისამოსიც ჩემი მუსიკის მსგავსად ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის არის შექმნილი. ჩემი მიზანი ქართული ტრადიციების მაქსიმალურად სწორი ფორმით მოდერნიზაციაა როგორც მუსიკაში, ისე სამოსში. ძალიან მომწონს, რომ ასეთი კონცეპტით ვვითარდებით. როგორც აღმოჩნდა, ეს ყველაფერი მარტო ჩემთვის არ არის საინტერესო, რადგან ხალხის მოწონებასაც იმსახურებს. ხშირად მეკითხებიან, თუ რას ვაკეთებ და რის გამოშვებას გეგმავ, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ე. ი. საინტერესოა მათთვის, ის რასაც ვაკეთებ. ახლა კიდევ ერთ საინტერესო პროექტზე ვმუშაობ, რომელსაც „ძველი ბათუმის მარკეტი“ ჰქვია. არსებობს ჩვენი „ფეისბუქ“ გვერდი, „Old Batumi Market“, სადაც ყველანაირი ინფორმაცია არის განთავსებული. ეს პროექტი 2 წლის წინ დაფუძნდა, მაგრამ შარშან პანდემიის გამო გაჩერდა. წელს ისევ გავაგრძელებთ ამ პროექტს, მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იქნება: კვების ობიექტები, ყვავილები, ხელნაკეთი ნივთები, მხატვრობა, მოდა და ა.შ. მხოლოდ კულტურას შეუძლია შეინარჩუნოს ძველი და განავითაროს ახალი, ამიტომაც გადავწყვიტეთ ამ პროექტის ჩაშვება. კიდევ სხვა მრავალი პროექტით ვარ დაკავებული, წელიწადში მინიმუმ 6 თვე ბათუმში ვარ და მუდმივად მოქმედებაში და რაღაცის შექმნაში ვარ.
შექმენი შენი მუსიკალური მიმართულება და ფანტასტიკური პროექტი „კახაბერი და ხანუმები“ და მუშაობას ამ ჟანრში განაგრძობ. მაინტერესებს, პოპ ჟანრის სოლო ნამუშევრის გამოშვებას თუ გეგმავ, რადგანაც სწორედ ამ ჟანრის ნამუშევრებით გაგიცნო თავდაპირველად მსმენელმა?
მართალი გითხრათ, სოლო კარიერაზე, ვოკალისტობაზე და მომღერლობაზე არასდროს მქონია პრეტენზია, უბრალოდ იმ პერიოდში, ის კონკრეტული პროექტი სოლისტობას საჭიროებდა. მე ვარ მუსიკოსი, ავტორ-შემსრულებელი და მაქვს სრული თავისუფლება, ვაკეთებ იმას, რაც მინდა. ჩემთვის ძალიან საინტერესოა ის, რომ იმპროვიზაცია შემიძლია. ადამიანს და მის შემოქმედებას თავისუფლება ავითარებს. თავს არ ვიზღუდავ, მრავალმხრივ ვვითარდები, ამიტომ ვერ ვიტყვი უარს და ვერ ვიტყვი, რომ სოლო ნამუშევარი არ იქნება.
ვისაუბროთ შენი და „ხანუმების“ ახალ ნამუშევარზე „არც ხოს ამბობ, არც არას“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.
ჩემი მთავარი მიზანი იდეალური პროექტის შექმნა იყო და მართლა ძალიან ვამაყობ ჩვენი შემოქმედებით და მიმდინარეობით. მიხარია, რომ ქართული ელექტრო ფოლკი შევქმენით და დავაფუძნეთ. მე და ჩემი გენიალური შემსრულებლები, ჩემი გოგოები უკვე 10 წელია, რაც ერთად ვმუშაობთ და აბსოლუტურად განსხვავებული ხაზით ვმოძრაობთ, გვაქვს ჩვენი ერთი მიმდინარეობა, რომელსაც მივყვებით. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც არავინ აკეთებს და არც არავის გაუკეთებია. ჩვენ არ ვჩერდებით, მოვამზადეთ რამდენიმე ალბომი, რომელიც წელს გამოვა და პერიოდულად მოგაწვდით ჩვენს ახალ ალბომებს და სიმღერებს. მოვიდა დრო ახალი კომპოზიციები ჩავუშვათ, აქამდე ამის განწყობა არავის ჰქონდა და გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი მუსიკა ყოველთვის კარგ განწყობას ქმნის და ბედნიერებას ანიჭებს ადამიანს, ვცდილობ, რომ რთულ პერიოდებთან არ ასოცირდებოდეს. „არც ხოს ამბობ, არც არას“ ძალიან მაგარი სიმღერაა და მინდა, მადლიერება გამოვხატო ამ სიმღერის ავტორების მიმართ. ეს სიმღერა რამდენიმე კონცერტზე უკვე გავტესტეთ და ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ძალიან დიდ ბედნიერებას და ხალისს იწვევს. ვფიქრობ, თქვენს მსმენელს და ქართული მუსიკის მოყვარულ ადამიანებსაც გაახალისებს.
კახაბერი & ხანუმები – არც ხოს ამბობ, არც არას (Remix)
გადაცემის ჩანაწერი: