LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოდერნას“ ვაქცინა 95%-ით ეფექტურია

192
-115516581-gettyimages-1220319604

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „მოდერნა“ დამაიმედებელ სიახლეს ავრცელებს. ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელზეც „მოდერნა“ მუშაობს, ვირუსისაგან 95%-ით იცავს. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ლიცენზიის მისაღებად განაცხადს შესაბამის ორგანოში უახლოესი კვირების განმავლობაში შეიტანენ.

აღსანიშნავია, რომ „მოდერნამ“, ისევე როგორც „პფიტცერმა“,  საკუთარ ვაქცინაზე მუშაობისას ინოვაციური მეთოდი და სრულიად ახალი მიდგომა გამოიყენა.

ვაქცინის გამოცდის ფინალურ ეტაპში 30 000 მოხალისე მონაწილეობდა, რომელთა ნახევარიც ორჯერ, ოთხკვირიანი შუალედით აცრეს. დანარჩენებს პლაცებო გაუკეთეს. პირველი 95 ადამიანიდან, ვისაც კოვიდ-19-ის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა, მხოლოდ 5 იყო აცრილი, დანარჩენები კი პლაცებოს ჯგუფს ეკუთვნოდნენ. საერთო ჯამში მონაწილეთაგან მხოლოდ 11-ს განუვითარდა დაავადების მძიმე ფორმა, მათგან არცერთი არ ყოფილა აცრილი.

„მოდერნას“ უფროსი სამედიცინო ოფიცრის, ტალ ზაკსის განცხადებით, შედეგები ძალიან დამაიმედებელია, ვაქცინის ეფექტურობა კი 94,5 %-ია.  მისივე თქმით, უსაფრთხოების კუთხით პრობლემები ვაქცინის გამოცდის არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა, თუმცა ჯერჯერობით მაინც არსებობს ამ ვაქცინასთან დაკავშირებული უპასუხო კითხვები.

მაგალითად, არ გავრცელებულა ცნობა იმაზე, თუ რამდენ ხანს შენარჩუნდება მოხალისეებში ვაქცინით მიღებული იმუნიტეტი, ან როგორ მოქმედებს ის ხანდაზმულ ადამიანებზე, რომლებიც მთავარ რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ. მიუხედავად ამისა, ზაკსის თქმით, ეს  ფაქტი ვაქცინის პოტენციალს არ ამცირებს.

ისევე როგორც „პფიტცერის“, „მოდერნას“ ვაქცინაც რნმ ვაქცინების კატეგორიას განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინა კორონავირუსის დასუსტებულ გენეტიკურ მასალას შეიცავს, რომელსაც ორგანიზმში იმუნური პასუხის გასაძლიერებლად უშვებენ.

„მოდერნას“ ვაქცინა დაახლოებით -20 გრადუსზე ინახება, ასე რომ მისი ტრანსპორტირება და შენახვა უფრო იოლი იქნება, ვიდრე „პფიტცერის“ ვაქცინის, რომელიც დაახლოებით -75 გრადუს ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს. გარდა ამისა, „მოდერნას ვაქცინა ჩვეულებრივ მაცივარში ერთი თვით სეინახება, ხოლო „პფიტცერის“ მხოლოდ 5 დღით. ასე რომ, სავარუდოდ, „მოდერნას“ ვაქცინა უფრო გავრცელდება მსოფლიოში.

კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, მათ მომავალი წლის დასაწყისში უკვე ექნებათ ხელთ მილიარდი დოზა, წლის ბოლომდე კი ხელმისაწვდომი 20 მილიონი დოზა იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები