ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემის „ღვინო, დუდუკი, ქალები” სტუმარი მუსიკოსი ზურა მახნიაშვილი იყო. „ქართული შოუბიზნესის ლეგენდა” – ასე შეაფასა წამყვანმა სტუმრის შემოქმედება, რომელიც უკვე 32 წელს და 4000-მდე სიმღერას ითვლის.
გადაცემის ფარგლებში ზურა მახნიაშვილის 2009 წელს შექმნილი პატრიოტული სიმღერის პრემიერა შედგა, რომელიც გარდაცვლილ ჯარისკაცებს ეძღვნება და ქართული შოუბიზნესის მამაკაცი ვარსკვლავები ასრულებენ.
ზურა მოდი გავიხსენოთ შენი კარიერის საწყისები, საიდან და როდის დაიწყო ყველაფერი?
90-იან წლებში რაც ნამდვილად დეფიციტი იყო, ეს იყო სტუდიები, ერთადერთი სტუდია იყო „მელოდია” ერქვა, სივრცით და სტუდიით ნამდვილად უმაღლესი დონის და ეს იყო პლატფორმა, სადაც ყველაფერი საუკეთესო იქმნებოდა. მე 18 წლის ვიყავი იმ პერიოდში, ჯაზური განათლება მქონდა, ალექსანდრე ბასილაიამ მომაქცია ყურადღება, ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში საჩუქრად გადმომცა ინსტრუმენტი სინთეზატორი, რომელიც ძალიან ძვირადღირებული იყო იმ დროისთვის. დაუვიწყარია ჩემთვის მასთან ურთიერთობა. ყველა გზა გაიხსნა ამ ინსტრუმენტის ჩუქების შემდეგ ჩემთვის. თვეში 10 სიმღერა კეთდებოდა, 32 წელია ვმუშაობ და 4000 მდე ავედი…
