„რადიო დუეტს” მუსიკოსი, ფსიქოლოგი და პიროვნული განვითარების ტრენერი სოსო მიქელაძე სტუმრობდა. მან ახალი სიმღერის „მიყვარხარ და მეყვარები” პრემიერა გამართა, „არ დაიდარდოს” მსმენელი ცოცხალი შესრულებით გაანებივრა და სამომავლო გეგმებიც გაანდო.
სოსო, მაინტერესებს როგორ გაიარე შენი წარმატების გზა, ეს იყო გათვლა თუ თავისთავად მოხდა?
2006 წლიდან აქტიურად ვიყავი სამოქალაქო სექტორში ჩართული, გავლილი მქონდა უამრავი ტრენინგი, PR-ში, მარკეტინგში, ბიზნეს დაგეგმვაში, ის რაც იქ ვისწავლე გადმოვიტანე საკუთარ საქმიანობაში.
პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ მასალა და თვითონ სიმღერა, ტონალობა, შესრულების მანერა, ტექსტები, 15-16 მარცვლიანი სტროფი, რომელიც გადადის 10 მარცვლიანი სტროფის მისამღერზე, ეს სტრუქტურები ყველაფერი გათვლილი იყო. სიმღერის დაწერის პროცესში მე ვიყავი კულმინაციურ ემოციურ მდგომარეობაში და ეს გადავიდა სიმღერაზე. 2012 წელს დაიწერა და შემდეგ 3 წელი გაჩერებული იყო, ჩინეთში ვიყავი, საიდანაც ძალიან პოზიტიურ ტალღაზე დავბრუნდი, არანჟირებაა ნოვაციური და რაც მთავარია ჩემს მიერ ამ სიმღერის ფრომოუშენი ინტერნეტში ძალიან მაგრად გაკეთდა. არავის არ ვუჩერებდი ამ სიმღერას ვინც იპარავდა და თავის არხებზე ტვირთავდა, „არ დაიდარდოს” მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ასევე შოთო სიხარულიძის გაზიარების შემდეგ მოიმატა ძალიან ნახვებმა. ჩემს სიმღერებს ჯამურად 112 მილიონი ნახვა აქვს.
შენი რეპერტუარიდან რომელია ყველაზე საყვარელი სიმღერა და მუზა საიდან მოდის ხოლმე სიმღერების წერის დროს?
ჩემთვის ყველაზე მისაღებია სიმღერა „შენ ჩემი სიცოცხლე და სიხარული ხარ”. ჩემი ნამუშევრები საავტოროა, ტექსტიც და მუსიკაც ჩემია, ეს უკვე გამართლებაა. ჩემი შემოქმედება გათვლილია ჩვეულებრივ ადამიანებზე. მუზას რაც შეეხება, ჩემში არსებობს ქალის შინაგანი იდეალი, რომელსაც ვუმღერი. ხშირად სიმღერის შექმნამდე გხვდება ქალბატონი, რომელიც იწყებს პროცესის კატალიზირებას, რათა სიმღერა დაიწეროს, მისი თვისება, ჟესტი, საქციელი, დამოკიდებულება ხდება მაპროვოცირებელი.
როგორია სამომავლო გეგემები?
სამი წიგნი მაქვს მზად, რომელიც უნდა გამოიცეს. სპონსორის მოძიების პროცესში ვარ. ასევე, ჩვენი ერთობლივი სიმღერის, დუეტის დემო ვერსია მზადაა, „გეძებ და გეძებ” ასეთია ამ სიმღერის სახელწოდება. მზად მაქვს პატრიოტული სიმღერა „ქართული, ქართული”, შეძახილის სიმღერა მინდა იყოს, საქართველო უპირველეს ყოვლისა. მე უფრო ინტერნეტზე ვარ ორიენტირებული და ივლისამდე ვგეგმავ კიდევ ორი სიმღერის გამოშვებას, ასევე ჩვენი დუეტი და ლექსების კრებული „ინატრე გულო”.
„მიყვარხარ და მეყვარები” ახალი სიმღერა, რომელსაც დღეს დავაპრემიერებთ, მოგვიყევი ამ ნამუშევარზე?
ჯერ დაიწერა „ქართული ქართული” და ვგრძნობდი, რომ რაღაც მაკლდა, ახალი წლის პერიოდი იყო, არც კი მეგონა თუ დალევას ამხელა შედეგები შეიძლება მოყვეს, ძალიან ადვილად დაიწერა, სუფთა გულით, მარტივად, ეძღვნება ჩემს მუზას. არანჟირების ავტორია მახო რეხვიაშვილი, ძალიან მსუბუქად გააკეთა, ვნერვიულობ როდესაც ჭიანურდება სიმღერის კეთების პროცესი, ემოცია ხომ მოკლევადიანი ფსიქიკური პროცესია და იმ მომენტში უნდა ჩადო და მოასწრო, თორემ სხვა ემოცია დაიკავებს მის ადგილს.
მადლობა სტუმრობისთვის…
სოსო მიქელაძე – მიყვარხარ და მეყვარები
გადაცემის აუდიოჩანაწერი
სოსო მიქელაძე – ქალი. Live
სოსო მიქელაძე. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები