LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემთვისაც ძალიან ემოციური იყო კონცერტებზე ამ სიმღერის შესრულება… სცენაზე მამის კოსტიუმი მეცვა და მისი ბეჭედი მეკეთა“ – ქეთი წიკლაური

44
ქეთი-წიკლაური

31 მარტს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ მომღერალი ქეთი წიკლაური სტუმრობდა, რომელმაც თავის კარიერაზე და ახალ მუსიკალურ ნამუშევრებზე ისაუბრა და მამის, თემურ წიკლაურის შემოქმედება გაიხსენა.

გადაცემაში სიმღერების „მე განა“ და „მოგონება“ პრემიერა შედგა.

 ქეთი, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი მოწონება და სიყვარული დაიმსახურა შენმა ერთ-ერთმა ბოლო ნამუშევარმა, „იასამანი“, რომლის პრემიერაც ჩვენს ეთერში შედგა,

როგორი ბედნიერი ვარ, ძალიან მიხარია. ეს ბატონ ჯემალ სეფიაშვილის სიმღერაა, 70-იან წლებში „ივერიას“ რეპერტუარში იყო და მამა ასრულებდა. ამ სიმღერას რუსული ტექსტი ჰქონდა და სადღაც ორიათასიანების დასაწყისში გავაკეთეთ ქართული ტექსტი და მას შემდეგ ვმღერი ამ სიმღერას. ქართული ლექსი თინა ნაცვლიშვილმა გააკეთა. ამ სიმღერას ძალიან მოუხდა ქართული ტექსტი, ცოტა უფრო სხვანაირი შეიძინა, უფრო ლირიკული და რომანტიკული გახდა.

მამა ახსენეთ და ისე ნამდვილად ვერ ჩაივლის ჩვენი გადაცემა, რომ ბატონი თემურ წიკლაური არ გავიხსენოთ…

უკვე 2 წელია, რაც მამა წავიდა და რა უცნაურია დროის შეგრძნება, ზოგჯერ ვიბნევი, მგონია, რომ ახლა მოხდა და ზოგჯერ მგონია, რომ 100 წლის წინ იყო, მაგრამ მაინც ძალიან მტკივნეულია და ეს ყველაფერი რაღაცნაირად სულ არეულია და ჩემში სულ დუღს ეს გრძნობები. მინდა ვთქვა, რომ ხალხი დღემდე დიდ გრძნობას, მხარდაჭერას,  სიყვარულს და სინანულს გამოხატავს. გუშინაც შემთხვევით მიცნეს მაღაზიაში და მითხრეს, თუ როგორ ეწყინათ, როგორ ეტკინათ და როგორ ტიროდნენ, როცა მამა წავიდა. გაოცებული ვარ, რამხელა სიყვარული დატოვა. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ახალი არ არის, რადგან მის სიცოცხლეშიც სულ ამის მომსწრეები ვიყავით, რადგან სადაც არ უნდა მივსულიყავით, ყველგან ასეთი სიყვარული, უდიდესი პატივისცემა და აღფრთოვანება იყო ხალხის მხრიდან.

შემიმჩნევია, რომ დღე არ გავა ისე, მამას, თემურ წიკლაურს სოციალურ ქსელში პოსტი რომ არ მიუძღვნა.

კი და ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ზედმეტი არ მომივიდეს, მაგრამ როდესაც ვხედავ ხალხის დამოკიდებულებას, ნამდვილად ვხვდები, რომ ზოგჯერ პირიქით, მეტიც უნდათ.

გრძნობთ მამასთან გარკვეულ კავშირს?

სხვადასხვანაირი პერიოდები მაქვს. ზოგჯერ გაოგნებული ვარ იმით, თუ რაოდენ ახლოს არის ეს ეს უხილავი სამყარო ჩვენს რეალობასთან და ჩვენ უბრალოდ ვერ ვხედავთ, მაგრამ ზოგჯერ სრული სიჩუმეა. ადამიანები ვართ და ყოველდღიურობა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სულ იქეთ ვიყოთ მიმართულები და ეს არც შეიძლება. ჩვენ ვცხოვრობთ დედამიწაზე და რეალობაში, რადგან აქ უნდა გავიაროთ ჩვენი გამოცდილება. ძალიან ბევრჯერ მაქვს ხოლმე ასეთი ჭიდილი, მაგრამ მერე რაღაც ისეთს მაჩვენებს ხოლმე განგება, რომ ვხვდები, ისინი აქ არიან. მამასთან სიახლოვეს რაც შეეხება, ეს სხვადასხვა სიმბოლოებით მოდის, მხოლოდ სულიერი მდგომარეობით და შეგრძნებებით არა. ისეთი მოვლენები და ფაქტები ხდება ხოლმე, რომ მე ვხვდები, საიდანაც მოდის ეს ყველაფერი, რომ ეს მისი დახმარება არის ხოლმე. სულ ვფიქრობ მამაზე და მენატრება.

ვისაუბროთ სიმღერაზე „მე განა“, რომლის რადიო პრემიერაც დღეს შედგება,

რა თქმა უნდა, ეს ბევრისთვის ცნობილი სიმღერაა და ის ინოლა გურგულიას ეკუთვნის. მამა მღეროდა ამ სიმღერას, მასზე გადაღებული კლიპიც არსებობს, რომელშიც მეც ვმონაწილეობ. როდესაც მამა წავიდა ამ ქვეყნიდან, მივხვდი, რომ ფაქტობრივად, დუეტი არ გვქონია. გვქონდა ერთადერთი დუეტი „მალე, მალე“, რომელსაც მაშინ ვასრულებდი, როცა დებიუტანტი ვიყავი სცენაზე. ისე მოხდა, რომ არ დადგა მომენტი, კიდევ რამე რომ ჩაგვეწერა. ძალიან ვნანობდი ამას და ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა. მსოფლიო მუსიკაში არსებობს შემდეგი პრეცედენტები, მაგალითად, როდესაც ნატ კინგ კოული გარდაიცვალა, წლების შემდეგ ნატალი კოულმა მასთან ერთად შეასრულა დუეტი, ნატ კინგ კოული ჰოლოგრამის სახით იყო სცენაზე. მეც ვფიქრობდი რაღაც მსგავსზე, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ მივდგომოდი ამ საკითხს. ერთ მშვენიერ დღეს, ზაფხულში, მირეკავს გია ბაღაშვილი და მეუბნება ამ სიმღერაზე, ამ იდეას. ვყვიროდი სიხარულით, გიამ ეს ოცნება ამისრულა და დავიწყეთ სიმღერაზე მუშაობა. არანჟირება გია მაისაშვილმა გააკეთა. სიმღერა მარიკა ქაცარავას სტუდიაში ჩაიწერა. დეკემბერში იყო იუმორინას 3 კონცერტი და იქ შესრულდა ეს სიმღერა. სხვათა შორის, დიდი გაგებით და სხვა ემოციით აღიქვა ხალხმა. მადლობა მთელს შემოქმედებით გუნდს, რადგან ძალიან საინტერესოდ გაკეთდა ეს ყველაფერი, ცოტა თეატრალიზებული გზით წავედით. იმედია, თქვენს მსმენელსაც მოეწონება. ჩემთვისაც ძალიან ემოციური იყო კონცერტებზე ამ სიმღერის შესრულება. სცენაზე მამის კოსტიუმი მეცვა და მამის ბეჭედი მეკეთა.

 დღეს კიდევ ერთი ახალი სიმღერის, „მოგონება“ პრემიერა გვაქვს, მოგვიყევი ამ ნამუშევარზე,

ვცდილობ, მამას რეპერტუარიდან გავაკეთო სიმღერები, თუმცა, რა თქმა უნდა, ისეთ სიმღერებს ვარჩევ ჟანრობრივად და ხასიათობრივად, რომ ჩემთან ახლოს იყოს. ესეც, რა თქმა უნდა, ყველასთვის საყვარელი სიმღერაა. ეს არის რომა რცხილაძის „მე რომ მენატრება, მას თუ ვენატრები“. მამა ასრულებდა დიდი ხნის წინ და ძალიან ლამაზი და ატმოსფერული კლიპიც აქვს. ვფიქრობ, განსხვავებული. უფრო ჯაზური სტანდარტის სტილისტიკაში მინდოდა ყოფილიყო. ფონოგრამა თემო რცხილაძემ გამიკეთა, სიმღერა აჩიკო ბურჭულაძესთან ჩავწერე. როცა მამას სიმღერებს ვეხები, ვცდილობ, არ გადავიდე რაღაც ისეთ ზღვარს, რომ მისი მსმენელისთვის გამაღიზიანებელი არ იყოს. ამას ძალიან ვუფიქრდები და ფაქიზად ვეპყრობი. მე შეიძლება, მეტად კარდინალურიც მომწონებოდა, მაგრამ რადგან ვიცი, რამხელა ისტორიაც მოდის, რამხელა პიროვნება ასრულებდა და რამხელა სიყვარული ჰქონდა ხალხისგან, ეს ნამდვილად სარისკოა. მე მინდა, რომ ჩემი შესრულებიდან კიდევ ერთხელ გაიხსენონ მამას შესრულებული.

როგორ აფასებდა მამა შენს შემოქმედებას, გარკვეულ შოუს ელემენტებს და რჩევებს თუ გაძლევდა?

შოუს ელემენტები მაშინ ძალიან იშვიათობა იყო და ზუსტად ეს მომენტი ძალიან მოსწონდა მამას ჩემს შემოქმედებაში. ძალიან პროგრესული ადამიანი იყო, ხედავდა ამ ახალ ტენდენციებს, იცოდა, რა იქნებოდა პოპულარული და საინტერესო ხალხისთვის. იმ პერიოდში აქ ნამდვილად ნაკლებად მღეროდნენ და ცეკვავდნენ ერთად და ვინაიდან მე ეს კარგად გამომდიოდა, ძალიან მოსწონდა და ამაყობდა. რჩევებს რაც შეეხება, დიდად ასეთი საუბრები არ გვქონია, რადგან მე მაინც სხვა ჟანრში, სტილისტიკაში ვიყავი. იცით, დღემდე ანალიზს რომ ვუკეთებ და ვადარებ, როგორც პროფესიონალი, კიდევ უფრო ვაფასებ იმას, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მამას თავისი პროფესიისადმი. ჰქონდა ულამაზესი კოსტიუმები, იყო ყოველთვის მომზადებული. არ არსებობდა, კონცერტზე ქუჩიდან შემოსულს ემღერა. რომ ვადარებ სხვებს, ვხედავ, რომ არ აქვთ ასეთი პედანტური დამოკიდებულება. ყოველთვის ედო კოსტიუმი და განსაკუთრებული ფეხსაცმელი, რომელსაც მხოლოდ გამოსვლაზე იცვამდა და ა.შ. ცდილობდა, მრავალფეროვანი ყოფილიყო და სხვადასხვა რაღაცები ეცადა, თუნდაც ოპერა.

 

თემურ წიკლაური & ქეთი წიკლაური – მე განა

 

ქეთი წიკლაური – მონატრება 

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები