LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს დავაპრემიერებთ მაცაცო სებისკვერაძის სიმღერას” – ნუგზარ კვაშალის ახალი ტრიოს წარდგენა „არ დაიდარდოში”

9
nugzar-kvashali

„რადიო დუეტის” სტუმარი ყველასთვის კარგად ნაცნობი, ანსამბლ „ივერიას” სოლისტი, მომღერალი ნუგზარ კვაშალი იყო. გადაცემის ფარგლებში რამდენიმე ახალი სიმღერის პრემიერა გაიმართა, რომელსაც „ტრიო რერა” ასრულებს. ახალი ტრიოს შემადგენლობაში დემიკო ანთიძე,  ბესო კალანდაძე და ნუგზარ კვაშალი არიან.

ვისაუბროთ „ივერიაზე” ხშირად  გაქვთ გასვლითი კონცერტები?

საკმაოდ ბევრი გასვლითი კონცერტი გვაქვს, უფრო ხშირად მე და ვახტანგ ტატიშვილი, როგორც ბებერი ჯუჯები” ერთად დავდივართ საქართველოს ფარგლებში, სოფელ-სოფელ რასაც ქვია, ჩემი აზრით ბევრი მომღერალი უნდა ჩადიოდეს ამ ადგილებში, მაგრამ სამწუხაროდ არ ჩადიან. გვყავს პროდიუსერი თამაზ ქაჯაია, რომელიც გეგმავს ამ ყველაფერს, საუბარია საბავშვო კონცერტებზე, გამარჯობა ბავშვებო” და გამარჯობა ყოფილო ბავშვებო” ასე ვესალმებით მაყურებელს.

ასევე აღვნიშნავ, რომ ანსამბლს 50 წელი შეუსრულდა, საქართველოს რამდენიმე ქალაქში უკვე ჩატარდა საიუბილეო კონცერტი, საზღვრებს გარეთაც იგეგმება გასვლები. რამდენიმე ვარიანტი გვაქვს, ერთია მხოლოდ მომღერლები: მე, ვახტანგ ტატიშვილი, მანანა თოდაძე, დავით აბულაძე, თემურ წიკლაური, თუ ხდება ხოლმე საჭირო მუსიკოსების დამატება, ბატონი რომა რცხილაძე, მისი ძმა თემო, ვიქტორ ლალიაშივილი და სხვები გვემატებიან. ამ ორ წელიწადში რაღაცას გავაკეთებთ, სანამ შეგვიძლია.

ბოლო პერიოდში გახშირდა ძველი სიმღერების ახალი ვერსიები, როგორ ფიქრობთ რატომ აღარ იწერება ახალი მელოდიები?

მელოდისტებს ეძახდნენ კომპოზიტორებს, რომლებიც ამისთანა მელოდიებს ქმნიდნენ, რომ ავიღოთ ჩხიკვთა ქორწილი” იმდენი მელოდიაა გამოყენებული მასში, რომ ამერიკაში თხუთმეტ მიუზიკლად გადააკეთებდნენ.

ჩვენ თუ ვადარებთ, რატომ აღარ არის ლაღიძისებური სიმღერები, ცაბაძისეული, კვერნაძისეული ეს სხვა საქმეა, მაგრამ რაღაცეები იწერება, ისეთი დოზით მომღერლებიც აღარ არიან, არც ანსამბლებია. ძალიან ლამაზი და გადასარევი ახალგაზრდა მომღერლები გვყავს, მაგრამ ქართულ სიმღერასთან შერკინება ეშინიათ, შენი თუ არ გიყვარს, სხვას ვერ შეიყვარებო” – ნათქვამია.  ჩვენ როდესაც უცხოეთში გავდივართ, 10 სიმღერას ქართულს ვმღერით და ერთს იქაურს მივაყოლებთ. მახსოვს კანადაში ვიყავით, უკრაინულ ორ სიმღერას ვმღეროდით, თხუთმეტ ქართულს და ბოლოს yesterday”-ს ფანდურებზე.

„ტრიო რერა” მოგვიყევით მასზე?

ეს ტრიო დააარსა პროფესიონალმა მომღერალმა დემიკო ანთიძემ, ემიგრაციაში იმყოფებოდა და წლების შემდეგ როდესაც დაბრუნდა ტრიო რერა” დააარსა. დემიკომ თავის დროზე  ანსამბლი ჟურნალისტი” ჩამოაყალიბა, შემდეგ ეს ანსამბლი ქართულ ხმებად” გადაკეთდა. რაც შეეხება სახელწოდებას, დემიკოს რერა” მოსწონს, მე ტრიო ორასს” დავარქმევდი, ჩვენი სამივეს ასაკი ჯამში 200 წელია. პირველი ხმა ბესო კალანდაძე, თვითონ დემიკო და მე ვართ, შეიძლება დისკიც გამოვიდეს, ჯამში 7 სიმღერა გვაქვს, ჩავწერეთ ისეთი ქართული სიმღერები რომლებიც ჟღერდა თავის დროზე. დღეს დავაპრემიერებთ მაცაცო სებისკვერაძის სიმღერას „ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა”,   ჩვენს მეგობარ ზაზა თაბაგართან ჩავწერეთ, პირდაპირ, ცოცხლად, გიტარის თანხლებით  და პირველად თქვენს ეთერში გაჟღერდება. მეორე სიმღერა ეს არის კვლავ მერცხლები მოქარგავენ ზეცას” ოთარ რამიშვილის ტექსტსა და მუსიკაზე, სანო სტუდიაში” ჩაიწერა დაახლოებით ერთი წლის წინ.  ტრიო რერას” ალბომი რომ გამოვა, დავაპრემიეროთ არ დაიდარდოში”.

რა ხდება სოლო კარიერაში?

სოლო კარიერაზე არც მიფიქრია, მე ვარ ანსამბლისტი, ჩემი ხმა რომ ანსამბლში ნამღერ სხვა ხმებს უხდებოდა, ეს იყო მთავარი სიამოვნება ჩემთვის. დუეტი, ტრიო კი ბატონო. ორი ჯუჯა ამოუწურავი თემაა, სანამ ჩვენ ვიცოცხლებთ მანამდე ეს იარსებებს და ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტორი, რომ მღერი და ყველა გყვება, ტექსტები იციან, არადა 34 წელია გასული. აი 35 წლის რომ გახდება „ჯუჯები” მოვალთ და ერთად გიმღერებთ იმ ყველასთვის საყვარელ სიმღერებს.

მადლობა სტუმრობისთვის…

 

ტრიო რერა – ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა

 

ტრიო რერა – კვლავ მერცხლები მოხატავენ ზეცას

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ნუგზარ კვაშალი – წვიმა იყო. Live

 

ნუგზარ კვაშალი – თბილისო. Live

 

ნუგზარ კვაშალი. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები