30 ივნისს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ჯგუფ „ალეგროს“ წევრები, ვანო ტურაბელიძე, პაატა სვანიძე და გოჩა რუხაძე სტუმრობდნენ, რომლებმაც თავიანთ შემოქმედებაზე და რეპერტუარზე ისაუბრეს. გადაცემაში სიმღერის „თბილისს“ პრემიერა შედგა.
რა ხდება და რა სიახლეებია თქვენს კარიერასა და შემოქმედებაში?
პაატა სვანიძე: ჩვენს მსმენელებს კარგად ახსოვთ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი მცდელობა გვქონდა, ჟანრობრივად ვეძებდით საკუთარ თავს. აქედან გამომდინარე, ჟანრობრივად ქროსოვერის მიმართულებით გავიმყარეთ პოზიციები, რომელიც ბელკანტოს და პოპ-მუსიკის სინთეზი იყო. ძალიან პროგრესული ჟანრია.

მსმენელმა როგორ მიიღო აღნიშნული ჟანრის ნამუშევრები, თქვენ ჭეშმარიტად ქართულ სიმღერებსაც ასრულებთ და თქვენი აზრით, ქართველი მსმენელისთვის რომელი უფრო ძვირფასი და ღირებულია?
პაატა სვანიძე: ვიტყოდი, რომ ეს ჟანრი ევროპული კულტურის შემადგენელია და ევროპული კულტურისადმი ჩვენს მსმენელს ძალიან დიდი ისტორიული კავშირი აქვს, ამიტომ ძალიან კარგად და თბილად მიიღო მსმენელმა.
გოჩა რუხაძე: ისეთი თბილი კომენტარები და შეფასებებია, რომ აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საზოგადოებას ძალიან მოეწონა. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ რომ „ვოისში“ ვმონაწილეობდით, პირველი სიმღერა რომ მოისმინა ჟიურიმ, ძალიან მოეწონათ ზუსტად ეს ჟანრი. სავარაუდოდ, ჩვენ რომ იქ ქართული გვემღერა, ასეთი დაინტერესება შეიძლება არ ყოფილიყო.
პაატა სვანიძე: ამ ჟანრს სპეციფიკიდან გამომდინარე ძალიან დიდი პერსპექტივები აქვს, ევროპის მუსიკალური სამყაროს სცენებზე უკვე ძალიან მოთხოვნადი გახდა. ტექნიკურად მართლაც რთული შესასრულებელია, მაგრამ ამ ჟანრის ნაწარმოებები თანამედროვე არანჟირებით მიწოდებული ძალიან საინტერესო გამოდის. მსოფლიოს ქავერები, რეპერტუარი ძალიან დიდია ამ მიმართულებით.

ვისაუბროთ სიმღერაზე „თბილისს“, რომლის რადიო პრემიერაც დღეს შედგება.
გოჩა რუხაძე: პირველ რიგში, დიდი მადლობა ქალბატონ მარიკო კვალიაშვილს იმ ნდობისთვის, რომელიც მან გამოგვიცხადა, რომ გვანდო ეს სიმღერა. შეიძლება ითქვას, რომ სიმღერა „თბილისს“ საკმაოდ რთული ნაწარმოებია. ჩვენი ჟანრი, ქროსოვერი არ არის ადვილი, საკმაოდ რთულია ვოკალურად, თუმცა ბიჭებმა აღვნიშნეთ, რომ ეს ქართული სიმღერა ბევრად რთული აღმოჩნდა.
პაატა სვანიძე: ძალიან რთული მუშაობა გავიარეთ, ჩვენთვის მართლა ძალიან საპასუხისმგებლო იყო.
ვანო ტურაბელიძე: ეს სიმღერა ისე გავაკეთეთ, რომ თვითონ ქალბატონი მარიკო გვასწავლიდა, მასთან დავდიოდით სახლში და ვეცადეთ, რომ ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც ქალბატონ მარიკოს უნდა და ჰქონდა გათვლილი. იმედი მაქვს, გამოგვივიდა.
როგორი ემოცია ჰქონდა ქალბატონ მარიკოს, როცა პირველად მოისმინა ეს სიმღერა?
გოჩა რუხაძე: ძალიან კარგი შეფასება ჰქონდა.
ჯგ. ალეგრო – თბილისს
გადაცემის აუდიოჩანაწერი
“ალეგრო”. ვიდეო კოლაჟი