LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხანდახან ხუმრობით ვამბობ, აიტი სპეციალისტი, ბუღალტერი ან სხვა სპეციალისტი გვინდა ოჯახში, ყველა ვმღერით-მეთქი“- ლაშა ღლონტი

36
ლაშა-ღლონტი

18 ნოემბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ლაშა და ანა ღლონტები სტუმრობდნენ, რომლებმაც პროექტზე „მიმღერე“, თავიანთ შემოქმედებაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.

ლაშა, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ნამუშევარი „ყველაფერი შენით იყო“. როგორია ამ სიმღერის ისტორია?

ლაშა: ეს სიმღერა ძალიან მოულოდნელად დაიწერა, ბევრი არ მიფიქრია, ასე სპონტანურად მოხდა. მუსიკა ქალბატონ ნანა იამანიძეს ეკუთვნის, ტექსტი ნუკრი კარკაძეს. არაჩვეულებრივი ტექსტია და ეტყობა, ძალიან მოხვდა გულზე საზოგადოებას, მასში ძალიან ღრმა აზრი დევს. სხვათა შორის, ჩემი მეუღლის ერთ-ერთი უსაყვარლესი სიმღერაა. უკვე გასტროლების დროსაც ითხოვენ ამ სიმღერას და ძალიან მიხარია.

მოგვიყევი ირლანდიაში გამართული კონცერტის შესახებ.

ლაშა: ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ირლანდიის სახელმწიფოს, ჩვენს ემიგრაციას და მათ ხელმძღვანელს, ლელა შურუპოვას, რომელიც ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობარია. ეს ჩემი პირველი ვიზიტი იყო ირლანდიაში, ზოგადად, იქ იშვიათად ტარდება ქართული კონცერტები. ეს კონცერტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ლელას მიზანი ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარება იყო. ძალიან მაგარი კონცერტი ჩატარდა და კეთილი საქმე გაკეთდა. კონცერტზე შემოსული სრული თანხა სოლიდარობის ფონდში გადაირიცხა.

ანა, ვისაუბროთ პროექტზე მიმღერე და თქვენს ძალიან წარმატებულ ოჯახურ გამოსვლებზე.  თავიდანვე გქონდა პროექტში მონაწილეობის სურვილი თუ ჯერ ფიქრობდი?

ანა: მიმღერე არის არაჩვეულებრივი პროექტი, რომელზეც არაჩვეულებრივი ადამიანები მუშაობენ. პირველ სეზონში მონაწილეობა ვერ მივიღეთ, იყო გარკვეული პასუხისმგებლობა ჩემი მხრიდან, ვთვლიდი, რომ მზად არ ვიყავი, თან რაღაც დროშიც ვერ შევთანხმდით. მეორე სეზონზე როდესაც დამიკავშირდნენ, თავიდან  ცოტა გამიჭირდა დათანხმება, მაგრამ შემდეგ მაინც დავთანხმდი.

ლაშამ იაქტიურა თუ თავად მიიღე გადაწყვეტილება?

ანა: არა, ლაშას თვითონ არ უნდოდა მონაწილეობის მიღება, რადგან თვლიდა, რომ ახალგაზრდებს უნდა მიგვეღო მონაწილეობა. საბოლოოდ დავთანხმდით და მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამაში დამარწმუნა, განსაკუთრებით, გადაცემის პროდიუსერებს. ჩვენს გამოსვლებს ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა.

პროექტში შესრულებული სიმღერებიდან რომელიმეს თუ გამოარჩევდი?

ანა: კი, ეს არის პოპური კინო მუსიკის ტურიდან. არაჩვეულებრივი პოპური გაგვაკეთებინა დავით მაზანაშვილმა და ეს ჩემთვის საყვარელი ტური იყო, თუმცა ყველა ტური ძალიან კარგი იყო თავისებურად. როდესაც კომენტარებს ვკითხულობ ან ქუჩაში მაჩერებენ, ისეთ სიტყვებს მეუბნებიან, რომ არ ვიცი, უბედნიერესი ვარ.

აღსანიშნავია, რომ ოჯახში ყველა ძალიან კარგად მღერით, პატარებს თუ აქვთ მონაცემები?

კი, სულ პატარა ერთი წლის არის და ლაპარაკით არ ლაპარაკობს, მაგრამ სიმღერით მღერის. ორივეს აქვს მონაცემები. ხანდახან ხუმრობით ვამბობ, აიტი სპეციალისტი, ბუღალტერი ან სხვა სპეციალისტი გვინდა ოჯახში, ყველა ვმღერით-მეთქი. არაჩვეულებრივად მღერის სიძეც. არაჩვეულებრივად მღერის ჩემი და და მინდა ვთქვა, რომ თავის დროზე გოგი დოლიძის ერთ-ერთი რჩეული მომღერალი იყო. უბრალოდ ვერ მოხდა ისე, რომ ფართო საზოგადოების წინაშე გამოჩენილიყო. გოგის უნდოდა, რომ ანანოსთან ერთად ემღერა, უბრალოდ არ დასცალდა და მერე გოგის გარდაცვალებამ ისე ძალიან იმოქმედა ჩემს დაზე, რომ ძალიან დიდი ხანი საერთოდ აღარ უმღერია.

ოჯახური ნამუშევრის ჩაწერას თუ გეგმავთ?

ანა: მთელი ოჯახი არ ვგეგმავთ, მაგრამ მე და ჩემი მეუღლე ვაპირებთ. სოციალურ ქსელში ძალიან ხშირად მწერენ, გეხვეწებით ამ პროექტის მერე არ გაჩერდეთო და ნამდვილად არ გავჩერდებით

ლაშა, როგორია სამომავლო გეგმები?

ლაშა: ძალიან ბევრი კონცერტი იგეგმება საქართველოს მასშტაბით, ძირითადად დეკემბერში. რაც შეეხება „ალილოს“, 29 ნოემბერს აშშ-ში მივემგზავრებით და 14 დეკემბრამდე იქ ვიქნებით, ძალიან საპასუხისმგებლო კონცერტი გვაქვს კონგრესის დარბაზში. შემდეგ უკვე აქეთ დაიწყება საახალწლო კონცერტები და გადაღებები.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები