LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მარტი გამორჩეული საწყისების პერიოდია… ბევრი ადამიანისთვის ეს  მეორე ნახევრის პოვნის პერიოდი იქნება“ – ანზორ ოდიშარია

5
ანზორ-ოდიშარია

1-ელ მარტს თაკო მელიქიშვილის და ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას გადაცემას „გზაჯვარედინი“ ნუმეროლოგი, ფსიქოლოგი, ვენგო ლომთაძე სტუმრობდა. გადაცემის მთავარი თემა დაბადების რიცხვი და ნუმეროლოგიური კოდი გახლდათ. ანზორ ოდიშარიამ და ვენგო ლომთაძემ მარტის თვის მცირე პროგნოზიც შესთავაზეს მსმენელს.

ვაგრძელებთ წინა გადაცემის თემას და კვლავ ნუმეროლოგიაზე ვსაუბრობთ…

21-ში დაბადებულ ადამიანებს ძალიან გამძაფრებული პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ. მათ არ უყვართ, როცა სადმე აგვიანდებათ, როცა რაიმეს თავს ვერ ართმევენ, ამ ყველაფერს ძალიან მძიმედ განიცდიან ხოლმე. შინაგანად ძალიან მზრუნველი ადამიანები არიან. შეესაბამებათ კომუნიკაციასთან დაკავშირებული პროფესიები, დიპლომატია, საერთაშორისო ურთიერთობები, ასევე იურიდიული მიმართულებაც. ძალიან კარგად გამოსდით უცხო ენების ათვისება. ძალიან მარტივად უღებენ ალღოს სიახლეებს. მათი ხედვა ყოველთვის უსწრებს სხვა ადამიანების ხედვას. არიან მყარები და სტაბილურები.

22-ში დაბადებული ადამიანები კომუნიკაციის მეფეები არიან, უყვართ მოლაპარაკება, ურთიერთობა, თავიანთი აზრების, ემოციების და ფიქრების გამოხატვა. ბუნებრივად აქვთ დიპლომატიის ნიჭი. მიდრეკილება აქვთ ქაოსისკენ. ამ ადამიანებს ნებისმიერ პროფესიაში შეხვდებით. ალღოიანი ადამიანები არიან და ადვილად უღებენ ალღოს ნებისმიერ მიმართულებას, ნებისმიერ სამსახურს.

23-ში დაბადებული ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია განათლება, ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა. პროფესიის კუთხითაც ძირითადად სწავლების მიმართულებით მიდიან. მთავარია, რომ მათ არ ჰქონდეთ ზედმეტი ენერგეტიკული დანახარჯი, ჯობია დაელოდონ შესაძლებლობებს და ტალღები დაიჭირონ, კი არ სდიონ. მათ ხშირად დარღვეული აქვთ ბუნებრივი დამცავი მექანიზმი და ხშირად იზიდავენ ენერგო ვამპირებს. ხშირად კარგავენ თავიანთ რესურსებს, ბედის ხაზებს, ცხოვრებას.

24-ში დაბადებულ ადამიანებს ძლიერი ინტუიცია აქვთ და შეგრძნების დონეზე უფრო წინ უსწრებენ სხვებს. ურთიერთობა არ არის მათი ძლიერი მხარე, მაგრამ არიან მეგობრულები და ხშირად საკუთარ ინტერესებსაც კი წევენ უკან სხვის დასახმარებლად. პროფესიებს რაც შეეხება, მათთვის ძალიან კარგია ტექნოლოგიები, კომუნიკაციის მიმართულება. კარგად ეხერხებათ ყურადღების ცენტრში ყოფნა. ვერ არიან ძლიერი გუნდური მოთამაშეები, უფრო მეტად დამოუკიდებლობა ურჩევნიათ. აქვთ სამყაროს განსხვავებული, თავისებური ხედვა. მათი ერთი დანახვით შეცნობა და გამოცნობა ცოტა რთულია. უფრო ღრმა, წინდახედულები არიან და უფრო მეტი გათვლები აქვთ, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. მათი მოსიყვარულე ბუნება ეხმარებათ, რომ ყველა მიმართულებით წარმატებით წავიდნენ. აქვთ გარკვეული ბლოკები, უფრო მეტი მცდელობა სჭირდებათ, რომ რაღაცას მიაღწიონ, გადალახონ წინააღმდეგობა და ეს ხანდახან აბრკოლებთ. აქვთ მრავალმხრივი ნიჭი.

25-ში დაბადებულ ადამიანებს ძალიან მიმზიდველი ენერგეტიკა აქვთ, განსაკუთრებით ქალბატონებს. ამ ადამიანებს ძალიან დიდი ინტერესი და სწრაფვა აქვთ საიდუმლოებისკენ, მისტიკისკენ, მათი ამოხსნისკენ. არიან ძალიან მგრძნობიარეები და სენსიტიურები. პროფესიის კუთხით, მათთვის შესაფერისია ესთეტიკური მიმართულებები, პროფესიები, რომლებიც სხვა ადამიანებზე ზრუნვას და მათ დახმარებას ითვალისწინებს, ფსიქოლოგია. მათთვის მთავარი არ არის სტატუსი, მთავარია ჰქონდეთ ხალისი და არ ჰქონდეთ დიდი პასუხისმგებლობა, დიდი სტრესი. რბილი, ხალისიანი გარემო მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ადამიანები ხშირად გვხვდებიან არქიტექტურაში, პლასტიკურ ქირურგიაში. თავიანთ სფეროში ხშირად ხდებიან წამყვანი ფიგურები.

26-ში დაბადებული ადამიანები განსაკუთრებული პროფესიონალიზმით გამოირჩევიან. მათ აქვთ მოთხოვნილება, რომ გარკვეულ ჩარჩოებში იყოს მათი საქმიანობა. ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ საკუთარი ხელებით, ვგულისხმობ, ხელოსნობას, ოქრომჭედლობას, ქირურგიას და ა.შ. არიან ძალიან პრინციპულები. ჩანასახში აქვთ, რომ იყვნენ პროფესიონალები და გამოირჩეოდნენ სტატუსით. მათ ხშირად უწევთ ბედთან თამაში, იმედგაცრუება.

27-ში დაბადებული ადამიანები ინტელექტუალები არიან. ისინი ხშირად კურნავენ სხვა ადამიანებს, როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად. ზოგადად, 27 ძალიან მისტიკური დღე არის და ამ ადამიანებს ეს ხასიათზეც ეტყობათ, მუდმივად თან დაჰყვებათ უცნაურობა. მათ ცხოვრებაში და პროფესიაში ძალიან დიდი არის ხოლმე დიდი გამართლებები ან გაუმართლებლობები. მთავარი დაუჯერონ ხმას, რომელიც განვითარებისკენ და წინსვლისკენ მოუწოდებთ. ხშირად აქვთ ხოლმე ეჭვიანობის და ნდობის პრობლემები. სჭირდებათ, რომ მათი ემოციები კონტროლირებადი იყოს და რომ მათი ადგილი იპოვონ, თავი დაიმკვიდრონ. ეს ადამიანები ხშირად აღწევენ წარმატებას.

 28-ში დაბადებული ადამიანები მსაჯულები არიან, შავის და თეთრის გარჩევის განსაკუთრებული უნარი აქვთ. შინაგანად აქვთ მოსამართლეობის მომენტი. ისინი არიან ლიდერები, თუმცა ძალიან დიდი დაბრკოლებები ხვდებათ. 28 ფინანსების რიცხვიც არის. თუ იციან, სწორად როგორ უნდა ისურვონ, მაშინ მათ ცხოვრებაში ყოველთვის ჩნდება ფული, როცა სჭირდებათ. ამ ადამიანებს სჭირდებათ გავლენის სფეროს მოპოვება, უნდა ჩანდეს მათი სახელი და ადამიანებს დიდი პატივისცემა უნდა ჰქონდეთ მათ მიმართ. მათ ხშირად ღუპავთ აზარტი, რადგან ძალიან აზარტულები არიან. თუ წინ არის წამოწეული გადაჭარბებული აგრესია, ემოციები და სურვილები, მაშინ შეიძლება, რომ სხვადასხვა პრობლემა შეექმნათ.

29-ში დაბადებულ ადამიანებს ძალიან დიდი სამართლიანობის მოთხოვნილება და განცდა აქვთ. ვერ ეგუებიან უსამართლობას. გააჩნიათ ძალიან კარგი გაგების უნარი. არიან ძალიან სიცოცხლის უნარიანები, დიდხანს ცოცხლობენ. მათში ძალიან ძლიერად არის განვითარებული გადარჩენის იმპულსი. გააჩნიათ კარგი ინტუიცია. პროფესიის კუთხით, შეეფერებათ ნებისმიერი მიმართულება, სადაც კრეატიულობა არის საჭირო, იურიდიული მიმართულებები, დიპლომატია, საერთაშორისო ურთიერთობები, მარკეტინგი, პიარი.

30-ში დაბადებული ადამიანები დაბადებულები არიან იმისთვის, რომ სხვა ადამიანების ცხოვრება გაალამაზონ. აქვთ გამორჩეული სიცილი, სხვებსაც იყოლიებენ ხოლმე. არიან ემოციურები, მაგრამ ხშირად ბლოკავენ საკუთარ ემოციებს. ხშირად აქვთ თვითგვემის და თვით დაჩაგვრის მომენტი. პროფესიული მიმართულებით მათთვის ძალიან კარგია შემოქმედებითი მიმართულება. ძალიან კარგად შეუძლიათ წერა. ძალიან კარგად შეუძლიათ ემოციების გადმოტანა წერით, მუსიკით, კინოთი.

31-ში დაბადებული ადამიანები აგრესიულები თუ არ არიან, ძალიან წარმატებულები არიან. მათ აქვთ სწრაფვა ემოციურად გამოხატონ საკუთარი სურვილები. შესაბამისად, თუ ემოციებს აკონტროლებენ, ძალიან დიდ წარმატებას აღწევენ. მათი სურვილია ყველაფერი იყოს ძლიერად, ეფექტურად. არიან ძალიან ამბიციურები და ხშირად გვხვდებიან პოლიტიკაშიც.

როგორი მარტი გველის წინ?

ანზორ ოდიშარია: დადგა მარტი და თანდათანობით დაიწყო ენერგეტიკული ზრდა, ჩვენს სამყაროში კეთილდღეობის ენერგია შემოდის. განსაკუთრებული, ძალიან საინტერესო, თუმცა ცოტათი დაძაბული მარტი გველის, მაგრამ ბევრი მიმართულებით კარგი. მარტი გამორჩეული საწყისების პერიოდია. ბევრი ადამიანისთვის ეს  მეორე ნახევრის პოვნის პერიოდი იქნება.

ვენგო ლომთაძე: ახლა უკვე ვერძის ზოდიაქოში თამაშდება ის პლანეტები, რომლებიც სიყვარულს განაგებს და ჩვენი ქმედებები სიყვარული რომ მოვიპოვოთ, უნდა იყოს აქტიური, პირდაპირი, პირდაპირ უნდა ვთქვათ ჩვენი გრძნობების შესახებ. ემოციების აფეთქების პერიოდია, ამიტომ ხელიდან არ უნდა გავუშვათ.

ანზორ ოდიშარია: თუ გინდათ, რომ მოიპოვოთ თქვენი მეორე ნახევარი ნუ მოდუნდებით, იყავით აქტიურები, მიზანსწრაფულები, გამოხატეთ თქვენი ყურადღება და ინტერესი.

რამდენად შენარჩუნდება ამ თვეში ნაპოვნი მეორე ნახევარი?

ვენგო ლომთაძე: ეს უკვე ინდივიდუალურია. საერთოდ, პარტნიორის შენარჩუნება კარმასთან არის დაკავშირებული. თუ ადამიანს წარსულ ურთიერთობაში დარჩენილი აქვს რაღაც პრობლემები და ის აწუხებს ის წინ რატომღაც ვერ მიდის, კონკრეტული ურთიერთობის დასრულების შემდეგ, წლები არ იწყება ახალი ურთიერთობა. იმ პრობლემებს, რომელიც იმ ურთიერთობაში უნდა მოგვარებულიყო, რატომღაც თავი აარიდეს და შესაბამისად, სამყარო არ უშვებს, რომ დაიწყოს ახალი ურთიერთობა.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები