მეფეთა სასმელი და ქართლის მემკვიდრეობა

საქართველო რომ ღვინის სამშობლოა ამაზე დიდი ხანია შევთანხმდით,  თუმცა მევენახეობა- მეღვინეობის დიდი წილი დღეს კახეთის რეგიონზე მოდის და რატომღაც ჩვენ ქვეყანაში სხვა კუთხის ღვინო მსგავსი პოპულარობით იშვიათად სარგებლობს.

მაგალითად ქართლის ღვინოს ჩვენი წინაპრები მეფეთა სასმელს ეძახდნენ და არსებობს გარკვეული ცნობები, რომ სწორედ ამ რეგიონში დაყენებულ ღვინოს მიირთმევდა თვით დავით აღმაშენებელი.

გაგაცნობთ ქართულ თეთრ ყურძნიან ვაზის ჯიშებს შორის  გამორჩეულ გორული მწვანესა და ჩინურს ანუ ჩინებულს. ისინი ქართლის, კერძოდ კი შიდა ქართლის ადგილობრივ, მაღალხარისხიან საღვინე ვაზის ჯიშებს განეკუთვნებიან, რადგან აღნიშნული ჯიშები ხშირ შემთხვევებში ქართლის ვენახებში გვერდიგვერდ ანუ შერეულად აქვთ გაშენებული და ღვინოსაც ძირითადად ამ ორი ჯიშის შერევით აწარმოებენ- მათი ერთად წარმოჩენა და დახასიათება უფრო უპრიანი იქნება.

ჩინური რომ ადგილობრივი ჯიშია ამაზე მისი  ქართული სახელწოდებაც მიგვითითებს. ივ. ჯავახიშვილის მიხედვით მისი სახელი ყურძნის ამ ჯიშის მარცვლების ფერის მაუწყებელი უნდა იყოს და მართლაც, სრული მწიფობის პერიოდში ჩინურის ყურძენი იღებს რა მომწვანო-მოქარვისფრო შეფერილობას, იგი ამ ფერით წააგავს ზეთის ხილის ფოთლის ფერს, რომელიც ძველ ქართლში ჩინის სახელწოდებით იყო ცნობილი, ამრიგად,  მისი მარცვლის ფერის აღმნიშვნელი სახელი ჩინი დაედო საფუძვლად ვაზი ჯიშის სახელს.

ქართლის მოსახლეობაში ჩინურის დამატებით სახელებად ცნობილია „კასპური“ და „კასპური თეთრი“. ამავე სახელებს ვხვდებით აგრეთვე მევენახეობის სპეციალურ ლიტერატურაშიც.

მიუხედავად იმისა, რომ ჭრაქმა, ნაცარმა, ფილოქსერამ და სხვა დაავადებებმა დაახლოებით 150 წლის წინ, ქართლში ჩინურის ვენახები საგრძნობლად შეამცირა, ამ ჯიშს მაინც აღმოაჩნდა დიდი რეკრეაციის უნარი და მრავლისმნახველი და მრავალი მტრის გამძლე ქართლის მსგავსად, ყველაზე კარგად გადაიტანა დაავადებები, რომლებმაც არაერთი ქართული ვაზის ჯიში მიიყვანა გაქრობის პირას.

ქართლის რაიონების გარდა იგი მცირე რაოდენობით გავრცელებულია აგრეთვე კახეთსა და იმერეთში.

სათანადო მოვლისას და ხელშემწყობ ეკოლოგიურ პირობებში ჩინური უხვი მოსავლიანობით ხასიათდება.

ჩინურის პროდუქციის მრავალი წლის შესწავლით დადასტურებულია, რომ მისი გამოყენება წარმატებით შეიძლება, როგორც სუფრის ღვინის დასაყენებლად, ისე ცქრიალა ღვინის ე.წ.  შამპანურის წარმოშობაში, რადგან მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე ვაზის ჯიშია.

ჩინური  საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა და ყურძენი  ოქტომბრიდან მწიფდება.

ჩინურის პროდუქცია წარმატებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს სუფრის ყურძნადაც. ამაზე მიგვითითებს მტევნის გარეგნული სილამაზე, მარცვლის ფერი, სიმსხო, სუფრის ყურძნისათვის დამახასიათებელი კონსისტენცია და საკმაოდ მაღალი გემოვნური თვისებები, მისი შენახვის უნარი და კარგი ტრანსპორტაბელობა.

რაც შეეხება ქართული ვაზის სიამაყეს –გორულ მწვანეს

ქართლის თეთრყურძნიან ჯიშებს შორის გორული მწვანე ძველთაგანვეა ცნობილი, როგორც მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე ჯიში, რის გამოც იგი ამ მხარისათვის სამართლიანადაა მიჩნეული ძირითად  ჯიშად, ჩინურთან ერთად.

სრული მწიფობის პერიოდში ამ ჯიშის ვაზის ფერადდება მწვანედ.

საქართველოს ზოგიერთ მხარეში გორული მწვანე სხვადასხვა სახელწოდებით არის ცნობილი. ასე მაგალითად: ხაშურის რაიონში და ზემო იმერეთის მხარეში იგი საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული, ე.წ. „ქვიშხურის“ სახელწოდებით (ეჭვგარეშეა, რომ გორული მწვანე ქვიშხეთიდან გავრცელდა იმერეთში). სურამისა და ხაშურის მიდამოებში გორულ მწვანეს „სურამულასაც“ ეძახიან, ხოლო რაჭაში იგი „თბილურის“ სახელწოდებით არის ცნობილი. ადგილზე წარმოებული დაკვირვებებით და გადმოცემით დასტურდება, რომ ეს ჯიში რაჭაში შეტანილი უნდა იყოს რაჭველ მეზვრეთა მიერ, რომელნიც წარსულში ფართო მუშაობას ეწეოდნენ თბილისისა და მისი გარეუბნის ბაღ-ვენახებსში, საიდანაც ეს ჯიში წაიღეს.

გორული მწვანე, ხშირად  ქართლური ვაზის სრულიად სხვა ჯიშში – გორულაშიც ეშლებათ. გორულა, გორული მწვანესაგან განსხვავებით, სასუფრე ყურძნის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება და მას საღვინედ როგორც წესი არ იყენებენ.

გორული მწვანისგან დგება ცოცხალი და ხალისიანი ღვინოები. ევროპული წესით დაყენებული გორული მწვანის ღვინო ხასიათდება ალკოჰოლის ნორმალური შემცველობით, კარგი სხეულით, სასიამოვნო მჟავიანობითა და გემოთი. ქართლის მევენახეობის რაიონებში მის ყურძენს აგრეთვე იყენებენ როგორც საკუპაჟე მასალას ცქრიალა ღვინის მისაღებად. გორული მწვანისგან ჩინურთან ერთად მზადდება ადგილწარმოშობის დასახელების თეთრი ცქრიალა ღვინო „ატენი“ /„ატენური“.

როგორც ზევით აღვნიშნეთ, გორული მწვანესა და ჩინურის  შერევა-არაჩვეულებრივ შედეგს იძლევა და ამის ცოცხალი მაგალითია ჩიგოგიძის მარნის ღვინო  გორული-მწვანე – ჩინური, რომელიც აღნიშნული ყურძნების შერევით მიღებულ მაღალი ხარისხის თეთრ მშრალ ღვინოს წარმოადგენს.

დეტალურად ამ გამორჩეული კუპაჟის შესახებ – ჩიგოგიძე ვაინსის მთავარ მეღვინეს გიორგი სვანიძეს ვესაუბრეთ, ჩიგოგიძის მარანი ქართლში მდებარეობს და მათი ერთ- ერთი მიზანი სწორედ რომ გორული მწვანესა და ჩინურის უფრო მეტად წარმოჩენაა, როგორც პრემიუმ ტიპის პოტენციალის მქონე ღვინის.

როგორც გიორგი სვანიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს -კომპანია  ყურძენს  კავთისხევისა და ატენის მევენახეობის ზონებში გაშენებული ვენახებიდან კრეფს. ჩიგოგიძის მშრალი ღვინო გორული მწვანე –  ჩინური ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერილობით. ციტრუსოვანი და ტროპიკული ხილების არომატის მქონე ღვინოს თან ერწყმის მუხის ზომიერი მოტკბო ტონები, რაც  ხალისიანი ცოცხალი სიმჟავითა და მინერალური შეგრძნებით ბოლოვდება. შესანიშნავია ზღვის პროდუქტებთან და მსუბუქ სალათებთან.

მეღვინეობა ჩიგოგიძის სამომავლო გეგმებში შედის გორული მწვანესა და ჩინურის ჯიშის ყურძნისგან ბოთლური მეთოდით დამზადებული ცქრიალა ღვინის წარმოება. რომელიც მეთოდის სპეციფიკურობიდან გამომდინარე იშვიათობას წარმოადგენს საქართველოში.

#გაიგე მეტი ქართულზე