LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი: „რანინელი“ მათე მარტიაშვილი, რომლის შესრულებულმა სიმღერამ ფოლკლორის ტურზე მაყურებელი აღაფრთოვანა, „ჯეოსტარის“ გამარჯვებულის, თინათინ ჭულუხაძის ვაჟია: „მათემ რომ ეს სიმღერა შეასრულა, მიწას ვეღარ ვგრძნობდი, დავფრინავდი… საკუთარი წარმატება დამავიწყა…“

11072
მათე მარტიაშვილი

ბოლო ორი დღეა, სოციალური ქსელები მოიცვა „რანინელი“ მათე მარტიაშვილის ვიდეომ, სადაც 11 წლის ყმაწვილი ფოლკლორის ტურში ჩინებულად ასრულებს სიმღერას „ოღონდ შენთან მამყოფინა“, ანსამბლ „შავნაბადასთან“ ერთად. ვიდეომ ამ დრომდე 7000-ზე მეტი გაზიარება დააგროვა. კომენტარებში მსმენელი მათეს ბრწყინვალე ტემბრითა და შესრულების მანერით აღფრთოვანებას ვერ მალავს. ეს შესრულება უამრავმა ქართველმა მუსიკოსმაც გააზიარა და საქებარი სიტყვები არ დაიშურა უსაყვარლესი ბიჭუნას მიმართ.

მათე მუსიკალური ოჯახიდანაა… დიდი აუდიტორიის წინაშე პატარა ასაკში მისი დედიკო, თინათინ ჭულუხაძე წლების წინ გამოვიდა და „ჯეოსტარის“ გამარჯვებულიც გახდა 2006 წელს, თუმცა როგორც თინა fortuna.ge-სთან საუბრისას აღიარებს, საკუთარი წარმატება შვილის წარმატებამ გადაუფარა…

„ფორტუნასთან“ ინტერვიუში დედა-შვილმა განცდილი ემოციების შესახებ სიამოვნებით ისაუბრა. ინტერვიუ და ფოტოსესია შედგა რესტორანში „ეთნოსი“, სადაც თინასა და მათესთან ერთად მათეს უმცროსი ძმაც გვესტუმრა – როგორც აღმოჩნდა, მუსიკალური ნიჭი მასაც აქვს და უკვე ემზადება „რანინაში“ მონაწილეობის მისაღებად.

თინა, როდის შეამჩნიე, რომ მათეს სიმღერის ნიჭი ჰქონდა?

ძალიან მცირე ასაკში. ნელ-ნელა ნიუანსებში ვატყობდი, რომ მუსიკალური იქნებოდა. თვეების იყო, იავნანას რომ ვუმღეროდი, თითქოს ტონში თავადაც ზუსტად დასვამდა ხოლმე. ძალიან საყვარელი ჩანაწერები მაქვს, სადაც წავუმღერებდი და მერე მისგან საპასუხო წამღერებას ვიღებდი… ამ შემთხვევაში ჩემმა გენმა იმძლავრა, რადგან მამიკოს არ აქვს მუსიკალური მონაცემები, თუმცა ძალიან კარგი გემოვნება აქვს და შესანიშნავი მსმენელია (იღიმის).

მათეს მუსიკალურ განვითარებაში სულ ვიყავი ჩართული. ძალ-ღონეს არ ვიშურებდი იმისთვის, რომ ორივე ვაჟი მუსიკალური ყოფილიყო. მგონია, რომ მუსიკალური ადამიანი ჰუმანურია და სხვა სამყარო აქვს. მინდოდა, ჩემს შვილებში ეს ყველაფერი ყოფილიყო, თუმცა თუ ბავშვი არ მოგყვება, ეს ძალდატანებით, რა თქმა უნდა, ვერ მოხდება. მათეში თავიდანვე დავინახე მარცვალი და გავაღვივე. ბაღის ასაკიდანვე უკვე გამოდიოდა ღონისძიებებზე, მუდმივად იყო სოლისტი, მიუხედავად იმისა, რომ მოკრძალებული ბუნება აქვს და არ არის თამამი და ამბიციური, მისი სისადავე, მგონია, უფრო მეტად იკვეთება სიმღერისას.

თავად იყავი „ჯეოსტარის“ მონაწილე. ვინ თუ არა, შენ ძალიან კარგად იცი, როგორია კონკურსში მონაწილეობა და რა სტრესს შეიძლება უკავშირდებოდეს. როდესაც „რანინაში“ მათეს მონაწილეობას წყვეტდი, ამაზე გიფიქრია?

მე მათეზე 5 წლით დიდი ვიყავი, როცა „ჯეოსტარში“ გამოვედი და გამარჯვებული გავხდი. მიუხედავად იმისა, რომ იყო დიდი სიხარული, იყო უდიდესი გამოწვევაც. დიდ სცენაზე, უდიდეს მუსიკოსებთან ერთად, იმ ასაკში გამოსვლა არც დამესიზმრებოდა, ალბათ… თავიდან ემოციური ფონი მძლავრად მქონდა , მაგრამ ორი ტურის შემდეგ მოვიდა განცდა, რომ იქ დგომა ძალიან მომწონდა და სტრესს სიხარული აჭარბებდა. მათეს შემთხვევა განსხვავებულია, მიუხედავად იმისა, რომ ღელავდა და ფიქრობდა, რომ ამ პროექტში არ აიყვანდნენ, მაინც შევავსეთ აპლიკაცია, მათეს აზრი, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, მინდოდა, ბავშვი ამ მდგომარეობით კმაყოფილი ყოფილიყო. პირველი ეტაპი წარმატებით გავიარეთ და მეორე ტურზე უკვე ჰქონდა განცდა, რომ აიყვანდნენ, რადგან მიხვდა, რომ ჟიურის მოეწონა…

მათე, როგორი ემოციები გაქვს, როდესაც უკვე ხარ „რანინას“ მონაწილე?

რა თქმა უნდა, ცოტა ვღელავ. ძალიან დიდი გამოწვევაა ამ პროექტში მონაწილეობა. „რანინა“ ჩემთვის გამორჩეული პროექტია. თავიდან დედას გაუჩნდა სურვილი და მეც დავეთანხმე. დედას რომ ეს არ ეთქვა, ალბათ, „რანინას“ მონაწილე ვერ გავხდებოდი. მე თავიდან მეშინოდა, მაგრამ დედამ მირჩია, თავი გამომეცადა.

პირველად, როდესაც სცენაზე გამოვედი, ძალიან ვღელავდი, მაგრამ სიმღერის დაწყებისთანავე დავმშვიდდი და ვმობილიზდი. მიხაროდა ის, რომ „რანინას“ სცენაზე პირველად ვიდექი.

თინათინი:

პირველი გამოსვლის დროს მათეს გვერდს ნიკოლოზ ხარატი უმშვენებდა, რამაც ძალიან გააძლიერა. ჩვენთვის საყვარელი მომღერალია და გვინდოდა, ოდესღაც დუეტში მასთან ემღერა. პირველივე გამოსვლაზე ასეც მოხდა…

მათე, როგორი გარემოა „რანინაში“? როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება პროექტში მონაწილეობის პარალელურად?

„რანინაში“ ძალიან კარგი გარემოა. გავიჩინე ახალი მეგობრები – „რანინელები“, ასევე ძალიან კარგი მუსიკოსები. რეპეტიციებზე ყოველდღე დავდივარ და ძალიან მიხარია კონცერტებზე გამოსვლა, რაც ძალიან დიდი გამოცდილებაა ჩემთვის.

მათე მარტიაშვილი & „შავნაბადა“ – „ოღონდ შენთან მამყოფინა“ 🎼

#რანინა მათე მარტიაშვილი & Shavnabada • შავნაბადა – „ოღონდ შენთან მამყოფინა“ 🎼

Posted by რანინა • 1tv.ge on Saturday, April 20, 2024

ფოლკლორის ტურის შემდეგ ყველა შენზე ლაპარაკობს… სიმღერა ვინ შეგირჩია? როგორი იყო ანსამბლთან ერთად სცენაზე გამოსვლა?

ეს სიმღერა შეარჩია დავით ცინცაძემ. ის არის, ჩემი აზრით, პროფესიონალი. მითხრა, რომ ძალიან მომიხდებოდა და მართალიც აღმოჩნდა. ანსამბლთან ერთად რომ გამოვედი, ღელვა მომემატა, არ ვიცი, რატომ, მაგრამ თან, ძალიან კარგი იყო. „შავნაბადა“ რომ მიმშვენებდა გვერდს, ძალიან მეხმარებოდნენ, უფრო მობილიზებული გავხდი. ძალიან მომეწონა მათთან ერთად გამოსვლა, უფრო განსხვავებული იყო.

შენმა ამ შესრულებამ 7000-ზე მეტი გაზიარება დააგროვა ორ დღეში… როგორი შეგრძნებაა, რომ შენი ნამღერი ამდენმა ადამიანმა ასე ახლოს მიიტანა გულთან?

ასე არასდროს მომხდარა… პირველ-მეორე ტურში ჩემს შესრულებებს არ ჰქონდა ამდენი გაზიარება. როცა ეს შესრულება „ფეისბუქზე“ დაიდო, ნახევარ საათში უკვე 500 გაზიარება ჰქონდა. ვიფიქრე, ეს რანაირად მოხდა-მეთქი. გამიკვირდა. ჩავხედე, ვინ აზიარებდა, იყვნენ ნაცნობები, მაგრამ იყვნენ უცნობებიც. სრულიად უცხო ადამიანები მწერდნენ, რა კარგად იმღერე, დიდი მოლოდინი გვაქვს შენ მიმართო… ეს სიტყვები ძალიან მახარებს.

დედიკო რას გირჩევს, როცა ამ კომენტარებს კითხულობ ხოლმე?

დედა სულ მეუბნება, რაც უნდა მოხდეს, გადავალ შემდეგ ტურში თუ ვერ გადავალ, წინ დიდი მომავალი მაქვს და ამით არაფერი გადაწყდება. ასევე დედა სულ მარიგებს, როგორ უნდა მოვიქცე. თან, ახლა რომ პოპულარული ვარ, მჭირდება დარიგება. დედასაც ჰქონდა ასეთი დრო და…

თინათინი:

და თქვი პირდაპირ, რას გეუბნები ხოლმე, რომ თავში არ უნდა აგივარდეს… როცა ადამიანებისგან ამხელა სიყვარულსა და სითბოს იღებ, მშვიდად უნდა მიიღო…

მათე, პოპულარული გავხდიო, ამბობ, ეს რაში გამოიხატება?

მწერენ უცხო ადამიანები „ფეისბუქზე“, მიმატებენ სოციალურ ქსელში, ქუჩაში მაჩერებენ, ფოტოებიც გადამიღეს. მეკითხებიან ხოლმე, შენ მათე ხარო? ძალიან მომწონს ეს მდგომარეობა. ასეთი პოპულარული არასდროს ვყოფილვარ…

თინათინ, შვილის მუსიკალური მომზადება მთლიანად შენი დამსახურებაა თუ სხვა პედაგოგიც ჰყოლია?

ჩემი ძალიან დიდი წვლილია, მაგრამ არ მინდა, რამდენიმე ადამიანს საკუთარი დამსახურებაც დავუკარგო, მიყვარს, როცა მცირე წვლილსაც ვახსენებ ხოლმე. მე სტუდიაც მაქვს და ბავშვებთან ინდივიდუალურადაც ვმუშაობ, მაგრამ საკუთარ შვილთან, მოგეხსენებათ, ცოტა რთულია პედაგოგის როლში ყოფნა. რაღაც ეტაპზე მათე ჩემთვის სანდო ადამიანებს მივაბარე – მათგან ერთ-ერთია არაჩვეულებრივი ქალბატონი, მანანა ბალამწარაშვილი. მცირეხნიანი პრაქტიკამ გვქონდა მანანასთან, ასევე ნანა დაუშვილთან. მათე სწავლობს 27-ე მუსიკალურ სკოლაში, სადაც ფორტეპიანოზე დაკვრას ასწავლის ქალბატონი ნანა ხმალაძე, საოცარი პროფესიონალი. მათე ჩასვეს ნიჭიერთა პროგრამაში, რადგან ამბობენ, რომ ძალიან კარგი ხელი აქვს და წინ უსწრებს თავისი განვითარების ეტაპს… ვოკალურ განვითარებაში ლომის წილი ჩემია, მაგრამ ყველამ შეიტანა პატარ-პატარა წვლილი. ფოლკლორული ინსტრუმენტებიც მინდოდა ესწავლა ჩემს მეგობართან, თამაზ ჯამაგიძესთან, ცოტა ხანს უკრავდა, თუმცა დიდი ინტერესი არ გამოუჩენია. უფრო მეტად კლასიკური შემსრულებელია და მუსიკასაც ასეთს უსმენს.

ადრე მათეს ძალიან აკლდა გამბედაობა. ხშირად მითქვამს, დედიკო, შენ იმხელა მუსიკალური მონაცემები გაქვს-მეთქი… გამბედაობა მცირე ასაკში მეც მაკლდა, რაც ამ გადასახედიდან არ მომწონს… უფრო მეტის გაკეთება შემეძლო, მაგრამ ჩემმა გულუბრყვილო და თავმდაბალმა ხასიათმა თავისი როლი ითამაშა და უკან დამხია, დამაკარგვინა ბევრი შესაძლებლობა. როცა ჩემს მეგობართან, სოფო ამირეჯიბთან ერთად სტუდია შევქმენი, მათე მივიყვანე და ვუთხარი, რომ იქ ძალიან განვითარდებოდა. როგორც კი დაინახა, რომ სხვა ბავშვები მისმენდნენ, დაინახა, რომ თურმე შეუძლია, დედიკოს დაეყრდნოს. ეს მათესთვის ძალიან დიდი მოტივაცია იყო. დაიწყო და დაიწყო სიმღერა. ავითარებდა ინსტრუმენტულ შესაძლებლობებს და ვოკალურსაც…

როგორც დედა, რა თქმა უნდა, ძალიან ამაყი ხარ, მაგრამ როგორც მომღერალი, რას იტყვი მის შესრულებაზე ფოლკლორის ტურში?

ეს ძალიან რთულია. მიუხედავად იმისა, რომ დედა ყოველთვის სუბიექტურია, მუდამ ვცდილობ, ჩემს შვილს მოვუსმინო, როგორც მუსიკოსმა და მომღერალმა. ვფიქრობ, მიკერძოების უფლება არ მაქვს. სხვათა შორის, ხანდახან ვატარებ ხოლმე კრიტიკის ქარცეცხლში, ისევ და ისევ იმიტომ, რომ გაიზარდოს. ადეკვატურად იღებს ჩემს შენიშვნებს. ეს ის ტური იყო, რომლისთვისაც „შავნაბადას“ და პირველ რიგში, დათო ცინცაძეს ზღვა მადლობა მინდა გადავუხადო. საშემსრულებლო მანერა, ტემბრი იყო მათესი, მაგრამ სიმღერის არჩევანს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

მინდა ვაღიარო, რომ ასეთ გამოხმაურებას მაინც არ ველოდი. ვერ აგიწერთ, როცა ეს სიმღერა შეასრულა, რა ხდებოდა დარბაზში, – ინგრეოდა. არ შემიძლია, „რანინას“ ვოკალის პედაგოგებს, მანანა მორჩილაძეს, ქეთი ჯავახიშვილსა და ნინო ჩაჩუას მადლობა არ გადავუხადო იმ დიდი შრომისთვის, რომელსაც მათეში დებენ. ყველა პედაგოგი ძალიან აღელვებული იყო, ეს რა გვიქენი, მათეო… მე კი მიწას ვეღარ ვგრძნობდი, დავფრინავდი… საკუთარი წარმატება დამავიწყა. შეიძლება, არ ჟღერს კარგად, მაგრამ ჩემი ეგო დაკმაყოფილდა ჩემს შვილში. რაც მე დავიკელი ცხოვრებაში, არ გავაკეთე და შემეძლო, მათემ ეს ყველაფერი ლანგარზე დადებული მომართვა. მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ეს არ არის თინას სურვილი. ეს არის მათეს სურვილი. მათეს ბედნიერება ჩემთვის მთავარია.

მათე, მუსიკოსობა გინდა?

მინდა, გავხდე მუსიკოსი და ვუკრავდე როგორც ფორტეპიანოზე, ასევე გიტარაზე, დრამზე. მაქვს ჰობი, მიყვარს სპორტი, დავდივარ ფეხბურთზე. არ ვიცი, ასაკის ბრალია თუ არა, მაგრამ უცებ შემიყვარდა. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის გიორგი მამარდაშვილი. მეც კარებში ვდგავარ და ჩემი აზრით, კარგად ვთამაშობ. დედა და მამა სულ მაფრთხილებენ, რომ თითებს გავუფრთხილდე და არ დავიზიანო…

მათე, შენი პატარა ძმაც ემზადება „რანინაში“ მონაწილეობისთვის…

მანაც მიიღო „რანინაში“ გამოსვლის გადაწყვეტილება და ვფიქრობ, თავის სიტყვას იტყვის.

როგორ ფიქრობ, შენი სიტყვა როგორი იქნება „რანინაში“? გვიპირებ კიდევ გაოცებას?

ჩემი აზრით, ყველას გაგაოცებთ და ჩემი სიმღერით კიდევ დაგატკბობთ!..

თინათინი:

800 ბავშვიდან ათეულში მოხვედრა უკვე ძალიან დიდი გამარჯვებაა. მათეს სულ ამას ვეუბნები, რომ რაც უნდა მოხდეს, რაც უნდა გადაწყვიტოს ჟიურიმ, აქ ყოფნა უკვე დიდი გამარჯვება და დღესასწაულია ჩვენთვის. მათეს, ალბათ, აქვს იმის პოტენციალი, რომ იყოს ხუთეულში.

მათემ რომ გაიმარჯვოს, ალბათ, განგიახლდება შენი გამარჯვების შეგრძნებებიც…

განმიახლდება კი არა, ალბათ, გადამიფარავს!.. ჩემი გამარჯვება უკან გადაინაცვლებს და მათესი წინ წამოიწევს. მეტირება ხოლმე, ჩემს მეუღლეს სულ უკვირს, რა გატირებსო, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს სიხარულის ცრემლებია. მართლა არ მეგონა, თუ ხალხისგან მათე ამხელა სიყვარულსა და სითბოს დაიმსახურებდა. მინდა, „რანინას“ სულისჩამდგმელს, ლანა ქუთათელაძეს დიდი მადლობა გადავუხადო. სხვათა შორის, ბევრი იმ ადამიანიდან, ვინც ახლა „რანინაშია“, „ჯეოსტარშიც“ იყო. კიდევ იქ იყვნენ მარინა ბერიძე და ნატო მეტონიძე. მახსოვს, ნატოს როგორ ვუყვარდი და თბილ სიტყვებს არ იშურებდა ჩემ მიმართ…

მათე უკვე შერჩეული ჰყავდათ, როცა კორიდორში გავიარე და მანანა მორჩილაძემ გამაჩერა, აქ რა გინდაო… ვუპასუხე, ჩემი მათეა აქ-მეთქი და მახსოვს მისი გაოცება.

არ გითქვამს წინასწარ, რომ შენი შვილი შესარჩევ ტურში მონაწილეობდა?

არა და ვფიქრობ, ეს არის სწორი. აქ საჭიროა აბსოლუტური გამჭვირვალეობა და ობიექტურობა, მით უმეტეს, როცა ბავშვებს ეხებათ. ვამაყობ, რომ მათე არის მათე და თინა არის თინა…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: ლაშა გაჩეჩილაძე

ფოტოსესია გადაღებულია რესტორანში ეთნოსი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები