LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ინარჩუნებს წონას სოფო ბედია: „ვცდილობ, წონა არ გამექცეს ისე, რომ მერე პრობლემა იყოს ფორმაში ჩადგომა…“

1402
სოფო ბედია

სოფო ბედიამ ახლახან გაგვიზიარა ფოტო, რომელიც ახალი კლიპის გადაღებიდან არის. კლიპს „Bedia Studio“-ს ბავშვებთან ერთად იღებს და მაყურებელს მალე წარუდგენს. სოფო ახალ ფოტოებზე შესანიშნავ ფორმაშია. მომღერალი fortuna.ge-ს სიახლეებზე ესაუბრა.

სოფო ბედია:

ვიღებ კლიპს Bedia Studio-სთან ერთად. სიმღერას ჰქვია „მომენდე“, რომლის მელოდიისა და ტექსტის ავტორიც გახლავთ კაკი ბოლქვაძე. რეჟისორიც ის არის, ხოლო ოპერატორები არიან ბესარიონ კვარაცხელია და ზვიად კარტოზია. სტუდიისთვის ჩემს ბავშვებთან ერთად ყოველ წელს ვიღებთ ხოლმე ვიდეორგოლებს, ჩემს ბავშვებთან ერთად მეც ვმღერი.

ბავშვებს თავად ამეცადინებ?

მე და კაკი ერთად ვამეცადინებთ. ჩემს სტუდიაში 30 ბავშვია და შაბათ-კვირას მათთვის გაკვეთილების ჩასატარებლად აუცილებლად ვიცლი.

სოფო, ფოტოზე, რომელიც კლიპის გადაღებიდან გაგვიზიარე, აშკარად ჩანს, რომ კიდევ უფრო მეტად დაიკელი წონაში. გაგვიზიარე, როგორ ახერხებ ფორმის შენარჩუნებას?

წონას მუდმივად ვაკონტროლებ. ვიცი, რა მასუქებს და რა მახდუნებს, მაქვს ჩემი კვების რაციონი. ძირითადად, სწორ კვებაზე ვარ – მოხარშული, გრილზე შემწვარი. შაქარს საერთოდ არ ვიღებ. მარილსაც ზომიერების ფარგლებში. თუ ტკბილი მომინდა, შავ შოკოლადს მივირთმევ. პერიოდულად მიწევს ისეთ სიტუაციაში ყოფნა, სადაც სწორი კვების რეჟიმს ვერ ვიცავ. გერმანიაში გახლდით და ისეთ კვებაზე ვიყავი, ცოტა მოვიმატე. როგორც კი დავბრუნდი, ისევ დავიწყე დიეტის დაცვა, რადგან ვცდილობ, წონა არ გამექცეს ისე, რომ მერე პრობლემა იყოს ფორმაში ჩადგომა…

გერმანიაში გასტროლის შესახებაც მოგვიყევი…

ახლახან მე ნინო ჩხეიძე და ნიკა არაბიძე ვიყავით გერმანიაში, იყო შეხვედრა ჩვენს ემიგრანტებთან. ოთხსაათიანი კონცერტი გავაკეთეთ, არც შეგვისვენია – თუ სიმღერა, თუ იუმორი, შეჯიბრება და პრიზები, ყველაფერი ამშვენებდა ამ საღამოს. მოვეფერეთ ჩვენს ემიგრანტებს, კონცერტიდან ისეთი ბედნიერები მიდიოდნენ, რომ ტიროდნენ, ხშირად ჩამოდით და ჩაგვიტარეთ ასეთი ბედნიერი კონცერტებიო.

სოფო, ახალ სიმღერებზე მუშაობ?

ძალიან ბევრ ახალ სიმღერაზე ვმუშაობ. არ ვჩერდები. ვცდილობ, მაქსიმალურად ბევრი ვაკეთო, სანამ ახალგაზრდა ვარ და ენერგია მაქვს, სანამ ხმაც მიწყობს ხელს. იმდენად მიყვარს ჩემი საქმე, რომ ამის გარეშე, ალბათ, ვერც ვიცოცხლებ.

ბოლო ათი წელია,უფრო მეტად გავაქტიურდი, ვნანობ, რომ ბევრს არ ვაკეთებდი ადრე, მაგრამ ალბათ, ეს ცხოვრებისეული პრობლემებით იყო გამოწვეული. ახლა უფრო გალაღებული ვარ, ბედნიერი, ოჯახი ხელს მიწყობს. მყავს კაკი ბოლქვაძე, რომელიც ყოველთვის ცდილობს, ახალი სიმღერებით გამანებივროს. ყველა ხელოვანს უნდა ჰყავდეს ერთი ასეთი ადამიანი.

ახლა ვწერ ბოშურ სიმღერას, ცირა ბზიშვილი მიკეთებს არანჟირებას. ვწერ თბილისზე ახალ სიმღერას და ასევე გია დავითიანთან ვაკეთებ დუეტს, სასწაულ კომპოზიციას…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები