LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიუხედავად იმისა, რომ ახლა სადაც ვმღერი, ჯაზის ადგილია, მაინც მთხოვენ ხოლმე, რომ „თეთრი კლავიშები“ შევასრულო…“ – მანანა კიკილაშვილი

12
მანანა-კიკილაშვილი

24 თებერვალს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ მომღერალი მანანა კიკილაშვილი სტუმრობდა, რომელმაც თავის მუსიკალურ შემოქმედებაზე, კარიერაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გადაცემაში სიმღერის „არ მოვალ“ პრემიერა შედგა.

მანანა, რა სიახლეებია შენს საქმიანობაში?

საბედნიეროდ, მე ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს. უმეტეს დროს ვუთმობ ჩემს საქმეს, სამეცნიერო სფეროს, რის გამოც მოვადუნე ყურადღება თავის დროზე მუსიკის მიმართ.  იმას ვერ ვიტყვი, რომ მოყვარული მომღერალი ვარ, პროფესიონალი მქვია, რადგან დიპლომირებული ვარ ამ სფეროშიც და შემიძლია ამით ვიამაყო, თუმცა მაინც ორი საქმის ერთდროულად, ინტენსიურად კეთება ძალიან რთულია, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ. ჩანაწერები, რაც მაქვს, საკმაოდ დამიგროვდა და მინდა, რომ ავარჩიო სიმღერები, რომელთაც თავს მოვუყრი და ერთ ალბომად გამოვცემ.

რამდენი სიმღერა შევა აღნიშნულ ალბომში?

8 მაინც.

ვისაუბროთ სიმღერაზე „თეთრი კლავიშები“, პირადად თქვენთვის დაიწერა ეს სიმღერა?

ეს სიმღერა ნატო გელაშვილმა დაწერა ძალიან ადრეულ ასაკში. ეს სიმღერა უბრალოდ ერთ-ერთი იყო იმ სიმღერებს შორის, რომელიც მე მოვისმინე, როდესაც ნატოსთან მივედი და ვარჩევდი, რომელი სიმღერა მემღერა. ეს სიმღერა რატომღაც ყველაზე ახლოს მოვიდა ჩემთან. ეს იყო ჩვეულებრივი რომანსი, რომლის პირველი არანჟირებაც ირაკლი მენთეშაშვილმა გააკეთა. ამ სიმღერაზე კლიპიც მაქვს გადაღებული, რომელმაც ძალიან ბევრ კონკურსში გაიმარჯვა. ეს ნამუშევარი მაშინვე ძალიან შეიყვარა ხალხმა და ჩემს სავიზიტო ბარათად იქცა, ასევე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემი ცხოვრების წარმართვაში. მიუხედავად იმისა, რომ ახლა სადაც ვმღერი, ჯაზის ადგილია და ბატონ ოთარ მაღრაძესთან ერთად ლაივში ვასრულებ ჯაზურ კომპოზიციებს, რომელიც ძალიან საინტერესოა, საბოლოო ჯამში, მაინც მთხოვენ ხოლმე, რომ „თეთრი კლავიშები“ შევასრულო. სხვათა შორის, ახლა უფრო არის ისეთი სიტუაცია, რომ ქართული სიმღერის მოსმენა უნდათ და ძალიან მიხარია. იყო რაღაც პერიოდი, როცა სამწუხაროდ, საერთოდ აღარ იყო მოდაში.

როგორ შეიქმნა სიმღერა „არ მოვალ“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება?

რა თქმა უნდა, ეს სიმღერა ახალი არ არის, მაგრამ ჩვენი ძალიან საინტერესო ვერსია გვაქვს გაკეთებული, რომელიც არცერთ ვერსიას არ ჰგავს. ჩაიწერა ცირა ბზიშვილის სტუდიაში. მე და გიორგი ერთად ვარჩევდით სიმღერას, რა შეიძლებოდა, რომ შემესრულებინა და რატომღაც ამ სიმღერაზე შევაჩერეთ არჩევანი. ბატონმა ჯუმბერ ჯანდიერმა, არ დაიზარა და ყველანაირი ვერსია მოგვასმენინა, თვითონაც დაუკრა და გვქონდა ბედნიერება, რომ თავად ავტორს მოესმენინებინა ეს სიმღერა. სიმღერის ტექსტი მორის ფოცხიშვილს ეკუთვნის. ახალი ვერსია და არანჟირება ცირა ბზიშვილს.

 

მანანა კიკილაშვილი – არ მოვალ

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები