LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მქონდა შემოქმედებითი არასასურველი პაუზა… იმდენად მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩემთვის სიმღერა, რომ მის გარეშე უბრალოდ არ შემიძლია – თინა ჭულუხაძე

13
თინა-ჭულუხაძე

10 თებერვალს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ თინა ჭულუხაძე და დათო კაკაბაძე სტუმრობდნენ. გადაცემაში თინას, ანსამბლ „ლიახვის“ და დავით არჩვაძის ერთობლივი ნამუშევრის, „სამაჩაბლო“ პრემიერა შედგა.

თინა, გავიხსენოთ „ჯეოსტარის“ პერიოდი. გარდა „ჯეოსტარისა“, სხვა პროექტში თუ მიგიღია მონაწილეობა?

თინა: ალბათ, ეს იყო ყველაზე ლამაზი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. 15 წლის ვიყავი მაშინ და ეს იყო ჩემს ცხოვრებაში რაღაც განსხვავებული, გიგანტური ნაბიჯი, საერთოდ რომ არ წარმომედგინა, რომ ასეთ წარმატებას მივაღწევდი. ძალიან დიდ ძალაა მაძლევდა ხალხის სიყვარული. ქუჩაში მაჩერებდნენ და მეუბნებოდნენ, იცი, როგორ მიყვარხარ, გგულშემატკივრობ. მღელვარებასთან და პასუხისმგებლობასთან ერთად, ლამაზი გამოდის ეს ყველაფერი. ის ოდნავი მღელვარებაც უხდება სცენას, რაღაც სხვანაირ ემოციას აძლევს.

შენი სურვილი და გადაწყვეტილება იყო პროექტში მონაწილეობის მიღება თუ მშობლებმა გირჩიეს?

თინა: ჩემი სურვილით ნამდვილად არ ყოფილა. მორცხვი ბავშვი ვიყავი და ცოტა მერიდებოდა ამბიციური ნაბიჯები, მაგრამ მყავდა ანსამბლის ხელმძღვანელი და მან მითხრა, რომ ტარდება რაღაც კონკურსი და სასწრაფოდ უნდა ჩამოხვიდეო. მე არც მიფიქრია, რომ ასეთი სერიოზული კონკურსი იქნებოდა, თან 15 წლის ბავშვს არც მქონდა სცენაზე დგომის დიდი გამოცდილება. რომ ჩავედი და დავინახე ბანერები, რომ ასეთი კონკურსი ტარდებოდა, ძალიან შემეშინდა, უკან დავიხიე და ვუთხარი, რომ არ შევიდოდი, რადგან დიდი კონკურენცია იყო და არ ამიყვანდნენ. მან მითხრა, დამიჯერე, შენ გაქვს მონაცემებიო. მახსოვს ნატო მეტონიძის და ნიკა მემანიშვილის სახე, როგორც კი ვიმღერე, სახე გაებადრათ. სიმღერა, რომელმაც პოპულარობა მომიტანა მერაბ მერაბიშვილის „პირიმზე“ იყო. არ ვიცი, ეს სიმღერა რამდენად ჯდებოდა კონკურსის ფორმატში, მაგრამ ეს იყო ჩემი, რაღაცნაირად ორგანული იყო.

ალბათ, რთულიც იქნებოდა კონკურსის პერიოდი.

თინა: კი, ყველაფერთან ერთად რთულიც იყო, რადგან მე იქ ვიზრდებოდი. სიმართლე რომ გითხრათ, მაშინდელ ჩემს ნამღერებს ძალიან ბევრს ვერც ვუსმენ, მაგრამ ტურიდან ტურამდე იმდენად ვიზრდებოდი, რომ უკვე ვგრძნობდი თავდაჯერებულობას, ვვითარდებოდი ვოკალურად და ეს იმხელა სტიმულს და ძალას მაძლევდა, რომ ძალიან მომწონდა ეს პროცესი.

რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში ბოლო 15 წლის განმავლობაში, ახლა რას საქმიანობ და რამდენად ხარ ჩართული ქართულ შოუბიზნესში?

თინა: საერთოდ, არ მინდა ხოლმე გახსენება ცოტა ცუდი, ტკივილიანი წლების, მაგრამ ეს ჩემი ცხოვრების თანმდევია, რადგან ჩემმა ოჯახმა პირველად 1991 წელს დაკარგა ყველაფერი ქალაქ ცხინვალში. მაშინ დედა ჩემზე იყო ორსულად და ასე ვთქვათ, დაბადებიდან დევნილის სტატუსი მხვდა წილად. შემდგომ უკვე 2008 წელს, როცა ახალი გამარჯვებული ვიყავი „ჯეოსტარის“, მოხდა ისე, რომ აბსოლუტურად ყველაფერი დავკარგეთ და ნულიდან დავიწყეთ ცხოვრება, ამიტომ ასე ვთქვათ, აღარ გვემღერებოდა. ძალიან რთული პერიოდი იყო ჩემთვის, ვიყავი აბიტურიენტი და ვხედავდი, როგორ უჭირდათ დედიკოს და მამიკოს ცხოვრების თავიდან დაწყება, ფაქტობრივად მეორედ. მოგეხსენებათ, ფინანსებიც აუცილებელი არის, რომ შემოქმედებითად აქტიურად განავითარო შენი თავი. მქონდა შემოქმედებითი არასასურველი პაუზა, მაგრამ შემდეგ მოხდა ისე, რომ ცოტა ხანში ოჯახიც შევქმენი, არაჩვეულებრივი 2 ვაჟი და საოცარი მეუღლე მყავს, რომელიც გვერდში მიდგას და რაღაცნაირად პრიორიტეტებში პირველი ოჯახი დავაყენე. ამანაც თავისებურად წაიღო პაუზა და გაგრძელდა ასე, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩემთვის სიმღერა, რომ მის გარეშე უბრალოდ არ შემიძლია და პერიოდულად გამოვანათებ ხოლმე.

დათო, როგორ დაიწყო შენი და თინას მეგობრობა და თანამშრომლობა?

დათო: ჩვენი მეგობრობა ანსამბლ „ლიახვიდან“ დაიწყო, იქ გავიცანი თინა და იქ შედგა ჩვენი პირველი შემოქმედებითი ურთიერთობა.

თინა: დათოს არაჩვეულებრივი პირველი ხმა და ძალიან ლამაზი ხმის ტემბრი აქვს. გვაქვს ერთობლივი ახალი სიმღერები და მომავალში კიდევ ვაპირებთ  ჩაწერას.

ვისაუბროთ ახალ სიმღერაზე „სამაჩაბლო“.

თინა: არ ვიცი, ალბათ, მთელი ცხოვრება მინდოდა, რომ სიყვარულით, სიმღერით მოვფერებოდი ჩემს კუთხეს, ჩემს სამაჩაბლოს და დაიბადა ასეთი იდეა. მე და დავით არჩვაძე ვსაუბრობდით, რომ რაღაც სიმღერა გვინდოდა სამაჩაბლოზე. დათომ მითხრა, შენ უნდა იმღერო, სხვამ ვინ უნდა იმღეროსო. მამა პეტრე კოლხის ლექსზე შედგა ეს არაჩვეულებრივი სიმღერა. ჩაიწერა მარიკა ქაცარავასთან. არანჟირება მიშა ვაწაძეს ეკუთვნის. ჩაიწერა ისევ და ისევ ჩემს არაჩვეულებრივ ბიჭებთან, ანსამბლ „ლიახვთან“ და დავით არჩვაძესთან ერთად. საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა ამ სიმღერას, ყველას ძალიან მოეწონა. გავიხარეთ, რადგან ჩვენი სურვილი, რომ ყოფილიყო ლამაზი სიმღერა სამაჩაბლოზე, ახდა.

როგორია სამომავლო გეგმები?

უახლოეს პერიოდში კიდევ ვაპირებთ დავით არჩვაძესთან ერთად სიმღერის გაკეთებას და ჩემს ანსამბლთან ერთად სულ ვქმნი ახალ-ახალ სიმღერებს და ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე ძალიან ლამაზი ნამუშევარი ჩაიწერება.

 

თინა ჭულუხაძე, დათო არჩვაძე & ანს. “ლიახვი” – სამაჩაბლო

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები