LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ნიშნავს ადამიანის დაბადების თარიღი და ნუმეროლოგიური კოდი – ანზორ ოდიშარიას და ვენგო ლომთაძის განმარტებები და რეკომენდაციები

20
გზაჯვარედინი

24 თებერვალს თაკო მელიქიშვილის და ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას გადაცემას „გზაჯვარედინი“ ნუმეროლოგი და ფსიქოლოგი, ვენგო ლომთაძე სტუმრობდა. გადაცემის მთავარი თემა დაბადების თარიღი და ადამიანის ნუმეროლოგიური კოდი გახლდათ.

 ანზორ ოდიშარია: კვლავ ვაგრძელებთ წინა გადაცემის თემას და ისევ ნუმეროლოგიური კოდების გამოთვლაზე ვისაუბრებთ, განვმარტავთ, თუ რას ნიშნავს ჩვენი დაბადების რიცხვი. ჩვენ დავიბადეთ კონკრეტულ დღეს, კონკრეტულ თარიღში და ეს ყველაფერი შემთხვევით არ მომხდარა, ამას ყველაფერს მნიშვნელობა აქვს.

11 რიცხვში დაბადებულ ადამიანებს განსაკუთრებული ქარიზმა აქვთ. არიან დამაჯერებლები, ადვილად შეუძლიათ კომუნიკაცია და მარტივად უყოლიებენ ადამიანებს. არიან ძალიან სამართლიანები და ვერ იტანენ უსამართლობას. თუ რაღაცის სწამთ და სჯერათ, მათი გადარწმუნება ძალიან რთულია. შეიძლება არაადეკვატურადაც ამტკიცონ ის, რაც მათ სიმართლე ჰგონიათ. ძალიან ძლიერი შინაგანი სიჯიუტე აქვთ. არიან ძალიან მზრუნველები. მათ შეეფერებათ იურიდიული საქმიანობა, საორგანიზაციო საქმე. არის გუნდური მოთამაშე. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სოციუმი.

12 რიცხვში დაბადებულ ადამიანებს შინაგანი ბედნიერების, ინტელექტის მომენტი აქვთ, მაგრამ სამყარო მათ რაღაცნაირად უყურებს, თან მფარველობს და თან მუდმივად გამოხდების წინაშე აყენებს. ამ ადამიანების ცხოვრებაში მუდმივად არსებობს რაღაც აუხსნელი პროცესები. ხშირად უხდებათ ფიქრები, მათ სამყარო პირდაპირ ესაუბრებათ. მარტივად შეიძლება აღმოჩნდნენ გამოუვალ მდგომარეობაში, ჩიხებში. არიან ძალიან ემოციურები და მგრძნობიარეები. მიდრეკილნი არიან, რომ თვითონ იტვირთონ სხვა ადამიანების სირთულეები. ეს ადამიანები ხშირად თავიანთი გადაწყვეტილებების მსხვერპლები ხდებიან, რადგან ისეთ ვალდებულებებს იღებენ, რომლებიც შეიძლება ბოლომდე ვერ მიიყვანონ. არის ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური ნიშანი, განსხვავებული თვალით შეუძლია სამყაროს დანახვა. ძირითადად ამ ადამიანებს თავად გარშემომყოფები უქმნიან პრობლემებს. მათთვის კარგია სამედიცინო მიმართულება, ამ რიცხვში დაბადებულები ხშირად არიან სამღვდელო პირებიც და ხშირად მუშაობენ მოდის და ესთეტიკის სფეროშიც.

13 რიცხვში დაბადებულ ადამიანებს, როგორც წესი, ცოტა რთული ცხოვრება აქვთ ხოლმე. მათთან ძალიან ხშირია ხოლმე უკონტროლო მოვლენები. ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები ხშირად არიან პროფესიონალები, ისინი ხშირად ამტკიცებენ, რომ პროფესიულ კარიერაში ძალიან ძლიერები არიან. საწყის მომენტში ხშირად აქვთ სიზარმაცე და თვითკმაყოფილების მომენტი, მაგრამ ცხოვრება არ აძლევთ დასვენების საშუალებას, მათ მუდმივად უნდა ამტკიცონ, რომ ძლიერები არიან. აქვთ ძალიან კარგი ადაპტაციის უნარი, რადგან მათ ბავშვობიდან უწევთ, რომ ახალ სიტუაციებს შეეჯახონ. მოსწონთ, როცა ადამიანებში რაღაცის ცვლილებაა ახდენენ. არიან საოცარი კრიზის მენეჯერები, მათთვის შესაფერისია საჯარო სამსახურიც, პოლიციაც.

14 რიცხვში დაბადებულ ადამიანებს ახასიათებთ პრაქტიკულობა, გონივრულობა, პრაგმატულობა. როგორც წესი, ძალიან ძლიერი სექსუალური ენერგია აქვთ. არიან ჟინიანები, არ ტყდებიან და მუდმივად ცდილობენ, რომ რაღაც გააკეთონ. პარტნიორებისადმი მესაკუთრეობის მაღალი მაჩვენებელი აქვთ. მიისწრაფვიან საკუთარი სტატუსის აწევისკენ და ახალ ეტაპზე გადასვლისკენ. ადვილად იმსახურებენ ადამიანების პატივისცემას. ახასიათებთ შინაგანი მერყეობა, უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება. აქვთ მუდმივი ზრდის სურვილი. არიან ძალიან ფეთქებადები. არიან საკუთარი საქმის პროფესიონალები. საკმაოდ ფართო პროფესიული ასპარეზი აქვთ.

15 რიცხვში დაბადებულ ადამიანებს ძალიან კარგი კავშირების დამყარების უნარი გააჩნიათ. შეუძლიათ დაუახლოვდნენ ადამიანებს, მოიპოვონ მათი ნდობა, თანაუგრძნონ, დაეხმარონ. როგორც წესი, ძალიან თანამდგომი ადამიანები არიან. ხშირად ეს ადამიანები კავშირების მსხვერპლებიც ხდებიან, ხვდებიან ცუდ ადამიანებს, ემსგავსებიან მათ. ადამიანები ხშირად ტოვებენ კვალს მათ ფსიქიკაზე და ცხოვრებაზე. ძალიან ხშირი და მწვავე პრობლემაა ის, რომ სხვა ადამიანების ზეგავლენის ქვეშ ექცევიან. მათ ხშირად სურთ სხვისი გამოსწორება, სხვისი დახმარება და ეს მათთვის ერთგვარი მახეა. ვერ არჩევენ ხოლმე, რა უნდათ სხვებს მისგან, რადგან ჰგონიათ, რომ ყველას ის უნდა, რაც თავად სურთ, ამიტომ მათი მოლოდინები შეიძლება იმდენად არასწორი და არაადეკვატური იყოს, რომ შემდეგ იმედი გაუცრუვდეთ. არიან იდეალური თანამშრომლები, რადგან კომპანიის გულები არიან, თავიანთი ყოფნით სოციუმს ახალისებენ და აერთიანებენ. ახასიათებთ სწრაფი ხასიათის ცვალებადობა იმის მიხედვით, თუ როგორ ემოციურ იმპულსს აძლევს სხვა. მათი ტიპაჟის ბოლომდე დაჭერა მათთვისაც კი არ არის მარტივი. ურთიერთობები მათი სუსტი ადგილია, თუმცა ასევე არის ძლიერი მხარეც, ანუ აქ ერთიანდება მათი სისუსტე და სიძლიერე. მათთვის ძალიან კარგი ბიზნესი. ყველაფერი ის, რაც ფულს, ძალაუფლებას, სტატუსს უკავშირდება, მათთვის საყვარელია.

16 რიცხვში დაბადებულ ადამიანებს, როგორც წესი, ძალიან ჯიუტი, მებრძოლი ხასიათი აქვთ და მათთან დაპირისპირებაში შესვლა კარგი არ არის. ხშირად ძალიან ტრავმული გამოცდილებები აქვთ ბავშვობიდანვე. კარიერის მხრივ კონკრეტული მიმართულებით თუ მიდიან, ხშირად პოულობენ საკუთარ ადგილს და ძალიან მაღალ სტატუსსაც იმსახურებენ. მათთვის პროფესიის მიმართულებით კარგია ფსიქოლოგია, სამედიცინო მიმართულება, სოციოლოგია, ასტროლოგია. ამ ადამიანებისთვის მთავარია საკუთარი საქმით საკუთარი თავი გამოხატონ, სამსახური მათთვის მხოლოდ შემოსავალი არ არის.

17 რიცხვში დაბადებული ადამიანები ცდილობენ, რომ სამყაროში არსებული ყველა ის მგრძნობიარე იმპულსი დაიჭირონ, რაც მათ ცხოვრებას აზრს მისცემს. ისინი ცდილობენ, რომ სამყარო მაქსიმალურად მრავალფეროვანი იყოს მათთვის. როგორც წესი, პატრიოტიზმის განსაკუთრებული გრძნობა ახასიათებთ, ასევე არიან ეკლესიურები. მათ არ შეუძლიათ რწმენის და მსოფლმხედველობის გარეშე. არიან ძალიან ოპტიმისტები. ახასიათებთ ნოსტალგიურობა. მათთვის კარგია ბიზნეს საქმიანობა, ფინანსების მიმართულება, ინჟინერია.

18 რიცხვში დაბადებულ ადამიანებს ყველაზე ძლიერი დაცვის ინსტინქტი აქვთ, საკუთარ სივრცეში რაღაცნაირად ქმნიან დაცულობის და უსაფრთხოების განცდას. მათ შეუძლიათ უსაფრთხოების გამო თავიანთი მიზნები ჩააცხრონ და უარი თქვან განვითარებაზე. ზრუნავენ სხვა ადამიანებზე. ხშირად არიან კაპრიზულები და ხისტები. მათთვის შესაფერისია სპორტი, იურიდიული მიმართულება, ფსიქოლოგია, კულინარი. კომფორტის ზონიდან თუ გამოვლენ, ყველაფრის ათვისება შეუძლიათ. აკლიათ თავდაჯერებულობა და სჭირდებათ ისეთი ადამიანები, ვინც მათ თავდაჯერებულობას შემატებს. არასდროს პატიობენ ღალატს.

19 რიცხვში დაბადებული ადამიანები სოციალურად ძალიან ნათელი და აქტიური ადამიანები არიან. არიან მეგობრების, მოვლენების ცენტრში. არიან ძალიან გახსნილები, გულღიები, მაგრამ ამავდროულად არიან ეგოისტები იმ მხრივ, რომ არ უნდა მოაკლოთ ყურადღება. უმნიშვნელო რამ შეიძლება ეწყინოთ, მაგრამ ამასაც იტყვიან ან გაგრძნობინებენ, რომ ეწყინათ. რაღაცნაირი ღია, ნათელი პიროვნებები არიან. ქმნიან სანდოობის, საყრდენის შეგრძნებას. თუ მათ იციან, სად უნდა იყვნენ, რა უნდა აკეთოთ, მაშინ ძალიან წარმატებულები არიან. ძალიან ცუდ დღეში ვარდებიან, თუ მათი ოცნებები, სურვილები არ რეალიზდება, თუ ფანტაზიორობენ და რეალობისთვის შეუსაბამო მიზნებს ისახავენ. მათი პროფესია უნდა ემსახურებოდეს დიდ იდეას, ადამიანების კეთილდღეობას.

20 რიცხვში დაბადებულ ადამიანებს ძალიან ძლიერი შეგრძნებები, ემოციური სამყარო აქვთ, ოღონდ არიან ძალიან ჩაკეტილები. სანამ თავს კომფორტულად არ იგრძნობენ, არ გაიხსნებიან და არ გამოხატავენ ემოციებს. ხშირად ძალიან საინტერესო სცენარებით ვითარდება მათი ცხოვრება. მუდმივად ვითარდებიან და ძალიან ბევრ რამეს ედებიან. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია მენტალური ჯანმრთელობა. მათთვის აუცილებელია მოქმედება, თუ უმოქმედოა, ყველაზე ცუდ ემოციურ მდგომარეობაშია. თუ ის მოქმედებს, რაღაცისკენ მიისწრაფვის, ის კმაყოფილია. მთავარია ჰქონდეს ქაოსის შეგრძნება. მათთვის შესაფერისია მენეჯმენტის, ფინანსების მიმართულებები, ასევე ფსიქოლოგია, რადგან აქვთ უნარი, შეცვალონ სხვა ადამიანების ცხოვრება.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები