LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც ადამიანი მუდმივად ცუდის მოლოდინშია, ისეთი კოდი აქტიურდება, რომ წარუმატებლობებს იზიდავს“ – ანზორ ოდიშარია

47
გია-ჯაჯანიძე

31 მაისს თაკო მელიქიშვილის და ანზორ ოდიშარიას გადაცემას „გზაჯვარედინი“ გია ჯაჯანიძე სტუმრობდა. გადაცემის მთავარი თემა შიშები და მათი მოგვარების გზები გახლდათ.

 

ანზორ ოდიშარია: დღეს, ჩვენი გადაცემის თემა ისეთ საინტერესო მიმართულებას ეხება, როგორიც ადამიანის შიშებია. ვისაუბრებთ დაჩაგრულობის, შეურაცხყოფის შიშზე. ადამიანები ხშირად ცხოვრობენ ამ შიშით და ბევრ ცუდ რამეზე მიდიან, რადგან ჰგონიათ, რომ მათ სამყარო და სხვა ადამიანები ებრძვიან. მე ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი მხვდება, რომელსაც მუდმივი დაძაბულობა აქვს, თითქოს, ისინი ყველასგან და ყველაფრისგან თავს იცავენ და სულ საფრთხის მოლოდინში არიან.

გია ჯაჯანიძე: ადამიანს, როცა ჰგონია, რომ ყველა მას ებრძვის, რომ ის არ უყვართ, ჩემი აზრით, მაღალი თვითშეფასება აქვს. ჩვენ ამ ადამიანებს სწორი მიმართულება უნდა მივცეთ. ასეთი ადამიანები ხშირად იკეტებიან, ვერ აღწევენ წარმატებას, არიან მარტო.

ანზორ ოდიშარია: ამ ყველაფერს მეორე მხარეც აქვს. არ გამოხატავენ ინიციატივას, რადგან ფიქრობენ, რომ შეიძლება ცუდი კომენტარი, საფრთხე წამოვიდეს. უამრავი ქალბატონი და მამაკაცია, რომელიც არ მიდის მერე ადამიანის გასაცნობად, არ ეუბნება მას კომპლიმენტს, რადგან რეაქციის ეშინია. სამსახურში ეშინიათ ინფორმაციის გაზიარების, რადგან ფიქრობენ, რომ არასწორი დამოკიდებულება წამოვა. ეშინიათ თავიანთი უნარების, შესაძლებლობების,  პოტენციალის გამოხატვა, რადგან გარემოსგან გრძნობენ, რომ ისინი დაპატარავებულები, შემცირებულები, არიან და ეს უკმარობა შიგნით იმდენად ტოქსიკურია და იმდენად დიდ პრობლემას ქმნის, რომ ადამიანი ავადდება.

გია ჯაჯანიძე: უარესსაც ვიტყვი… მე რამდენიმე ადამიანი ვიცი, ფსიქიატრთან რომ აღმოჩნდა, იმის გამო, რომ ეგონა, ყველა მის წინააღმდეგ იყო. ასეთი ადამიანი იმდენად ითრგუნება, რომ წინ ვერ მიდის. მე რომ ვეჭვობდე, რომ ვიღაცას არ ვუყვარვარ, მივალ და პირდაპირ ვეტყვი, იმავეს ვურჩევ სხვებსაც.

ანზორ ოდიშარია: როდესაც ადამიანი მუდმივად დაძაბულია და მუდმივად ცუდის მოლოდინშია, ამ დროს ისეთი კოდი აქტიურდება, რომ წარუმატებლობებს და უბედურებებს იზიდავს. ასეთი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა იმდენად ვითარდება და ნორმა ხდება, რომ ადამიანი ყველაფრიდან ემოციურ ნეგატივს იღებს. ჩვენ შეგვიძლია ჩვენს ირგვლივ შევქმნათ ისეთი სიტუაცია, რომ გადავამოწმოთ და ადვილად შევაფასოთ ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები. დაშლილად, რომ შევხედოთ ამ საკითხს, სიყვარული არის მიღება და ასეთი ადამიანები სიტყვაში სიყვარული, ალბათ, იმას გულისხმობენ, რომ უნდათ, სხვებისთვის მისაღებნი იყონ. ამ კომპლექსის გამო ისინი საკუთარ თავში ბარიერს აშენებენ, ფიქრობენ, რომ მიუღებელნი, სუსტები, საცოდავები და ა.შ. არიან. რაც შეეხება გამოსწორების გზებს, უნდა მივხვდეთ, რომ არავინ არის ვალდებული ვუყვარდეთ ან ვძულდეთ.

როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს შიშის პრობლემა?

ანზორ ოდიშარია: პირველ რიგში, უნდა ვაღიაროთ, რომ გვეშინია, რაც ძალიან მარტივია, რადგან ამას ისედაც ყველა ამჩნევს. მეორე, უნდა ვიფიქროთ იმაზე, განა რა მოხდება ისეთი გარდაუვალი, როცა ჩვენ ემოციებს გამოვხატავთ. როცა ამ კითხვებს უპასუხებთ, მიხვდებით, რომ რეალურად არაფერია ისეთი საშიში, რის გამოც შეიძლება თავი შეიკავოთ. შეიძლება ყველას უთხრათ, რომ არ მოგწონთ, არ მოგწონთ, გინდათ ურთიერთობა, არ გინდათ. თუ თქვენ იმაზე ზრუნავთ, რომ ყველასთან კარგი გამოჩნდეთ, უნდა იცოდეთ, რომ ვერ გამოჩნდებით. ვიღაც გაგლანძღავთ, ვიღაცას ეყვარებით, ვიღაც თქვენი მეგობარი იქნება, ვიღაც მტერი, ასეა მოწყობილი. ყველასთვის კარგი ვერ იქნებით, ამიტომ უკეთესია, იყოთ ნამდვილი, ვიდრე ხელოვნური.

გია ჯაჯანიძე: ზოგი იგონებს, რომ დათრგუნულია, რომ ეშინია, იმისთვის, რომ მის პარტნიორს, გვერდით მყოფს თავი შეაცოდოს. ამით მანიპულირებენ.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები