როგორ გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა და როგორ გავწმინდოთ ჩვენი ორგანიზმი - ანზორ ოდიშარიას რეკომენდაციები
15 ივნისს თაკო მელიქიშვილის და ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას გადაცემის „გზაჯვარედინი“ მთავარი თემა ჯანმრთელობა, ჯანმრთელობის გაუმჯობესება და ორგანიზმის გაწმენდა გახლდათ. რადიოს მსმენელმა ბევრი საჭირო რჩევა და რეკომენდაცია მიიღო.
ანზორ ოდიშარია: ჩვენი დღევანდელი თემაა ჯანმრთელობა. როცა ჯანმრთელობის პრობლემა ჩნდება, ეს არის ნიშანი იმის, რომ სხეული ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და ფუნქციას. სხეულის დანიშნულება ენერგიის გამომუშავებაა, რათა შემდგომ ადამიანმა ეს ენერგია სხვა საქმეში გამოიყენოს. როცა ეს ფუნქცია და ენერგიის წარმოქმნა ბრკოლდება, მისი ორგანიზმი ზიანდება. ფერხდება ყველა ის სფერო, სადაც გამომუშავებული ენერგია იყო საჭირო, შესაბამისად, ორგანიზმი აღარ არის ისეთი გამართული, როგორიც მანამდე იყო. გასათვალისწინებელია, რა ფუნქცია, მიზანი და მისია აქვს ამ ორგანიზმს და რა რაოდენობის ენერგია სჭირდება მას ამ ყველაფრის შესასრულებლად. ორგანიზმი ენერგიას საკვებიდან, წყლიდან, გარემოდან იღებს. ჩვენი ენერგიის 60% საკვებიდან მოდის, ენერგიის დანარჩენი ნაწილი წყლიდან და სტიქიური ენერგიიდან მოდის. ჩვენი ძირითადი სასიცოცხლო ენერგია მიწიდან მოდის, აქ იგულისხმება ყველაფერი ის, რაც მიწაზე იზრდება, მოიპოვება. გასათვალისწინებელია, რომ ორგანიზმს არ უნდა მივაწოდოთ იმაზე მეტი საკვები, ვიდრე მას ესაჭიროება, მნიშვნელოვანია ზომიერება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გამომუშავებულ ენერგიას ვერ დახარჯავს. როდესაც გამომუშავებული ენერგია ბოლომდე არ იხარჯება, სხეული მას სხვადასხვა „ბლოკებში“ ათავსებს, რის შედეგადაც ჩნდება სხვადასხვა პრობლემები, წონის მატება და ა.შ. არასწორია საკვების მიღების შემდეგ ძილი და მოდუნება, ეს იგივეა, რომ ავტომობილში ჩავასხათ საწვავი და გავაჩეროთ. გირჩევთ, რომ საკვების მიღებისას ზომიერად დანაყრდეთ, ოდნავ მშიერიც კი დარჩეთ.
როგორ უნდა ვიკვებოთ სწორად?
სანამ საკვების მიღებაზე გადავალთ, ჯერ იმისგან უნდა გავიწმინდოთ, რაც უკვე მივიღეთ, უნდა მოვახდინოთ დეტოქსი. ამისთვის ჩვენი კლასიკური მედიცინა ბევრ მეთოდს გვთავაზობს. კუჭ-ნაწლავის დეტოქსი მნიშვნელოვანია. დეტოქსისთვის რომელი პროცედურის ჩატარება იქნება თქვენთვის უმჯობესი და სწორი, ამის შესახებ შეგიძლიათ ექიმისგან მიიღოთ რეკომენდაცია. რაც შეეხება კვებას, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ორგანიზმის მოსმენა, რადგან ორგანიზმი თავად გვიკარნახებს, რა საკვები ესაჭიროება. ოდნავ შიმშილის მდგომარეობაში თავისით მოდის გონებაში კონკრეტული საკვები, ეს შეიძლება კრემიანი ფუნთუშაც იყოს, რომელიც არც თუ ისე სასარგებლოა, მაგრამ იმ მომენტში თქვენთვის საჭირო იქნება, რადგან ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმს გლუკოზა აკლია და მისი მოთხოვნილება აქვს. სხეული ზუსტად გეტყვით რა და რა რაოდენობით სჭირდება. თუ თქვენ ღამის 3 საათზე გაქვთ ჭამის მოთხოვნილება, მაშინ უნდა მიიღოთ საკვები, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ემოციურად, გემოსთვის, საკვები უნდა მიიღოთ იმ შემთხვევაში თუ ეს ორგანიზმს სჭირდება.
დეტოქს პროცედურის გარდა კიდევ როგორ არის შესაძლებელი ორგანიზმის გაწმენდა?
შემდეგი პროცესია ვარჯიში, ფეხით სიარული. ამის შემდეგ კი მოდის წყალი. აუცილებელია სუფთა წყლის მიღება და ამ შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა ვუსმინოთ ორგანიზმს, ის თავად გვეტყვის რამდენ წყალს საჭიროებს. კარგი იქნება, თუ კვირაში ერთხელ მაინც გექნებათ მიწასთან, ხეებთან კონტაქტი და შეიგრძნობთ ბუნების ენერგიას, ასე თქვენი სასიცოცხლო ენერგია გაუმჯობესდება. ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია ბუნებასთან მყარი კავშირი. თუ დღის განმავლობაში ბევრ გონებრივ სამუშაოს ვასრულებთ და ბევრ რესურსს ვხარჯავთ, მაშინ სხეულს აუცილებლად სჭირდება ტონუსში მოყვანა. უმჯობესია, დაძინებამდე 3 საათით ადრე დავხარჯოთ ენერგია, ვივარჯიშოთ, ვისეირნოთ, დავკავდეთ სხვადასხვა ფიზიკური აქტივობით, რომ სხეული დაძაბულ, ენერგეტიკულად სავსე მდგომარეობაში არ დავაძინოთ. შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი ეს არის საცხოვრებელი ადგილი, მიწა, ქალაქი. შეიძლება კონკრეტულმა ქალაქმა და ადგილმა ცუდად გახადოს ადამიანი და ცუდად აისახოს მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ალერგია ერთ-ერთი მანიშნებელია იმის, რომ კონკრეტულ ადგილს ვერ ეგუება თქვენი ორგანიზმი. თუ ჩვენ ცუდად დეკემბრის 21-დან თებერვლის 2 რიცხვამდე პერიოდში ვხვდებით, ეს პრობლემა არ არის, რადგან ამ პერიოდში სამყაროს ენერგია სუსტია, არ გვიცავს სტიქიური ენერგიები და სუსტია ადამიანის იმუნური სისტემაც. თუ წელიწადის განმავლობაში 4 თვეზე მეტხანს არის ალერგიული მდგომარეობა, პრობლემები, გართულებები, უძილობა და ა.შ. და ეს სტრესული გარემო ჩვენზე უარყოფითად მოქმედებს, მაშინ საცხოვრებელი ადგილი უნდა შევიცვალოთ, რადგან სხვა შემთხვევაში ჯანმრთელობის პრობლემები შეგვექმნება. თუ თქვენ ემიგრაციაში წახვედით და 9 თვის მერე ჯანმრთელობის პრობლემები დაგეწყოთ, ამის მიზეზი შეიძლება სწორედაც რომ საცხოვრებელი ადგილი იყოს, ამიტომაც წყალი, მიწა და ადგილი, სადაც ვცხოვრობთ ჩვენთვის მისაღები უნდა იყოს. შემდეგია საგვარეულო და ფსიქო-ემოციური პრობლემები. ჯანმრთელობის პრობლემა შეიძლება განპირობებული იყოს ენერგეტიკული, მენტალური, ფსიქო-ემოციური კოდირებით. თქვენი სხეული პირდაპირ ასახავს თქვენი ცხოვრების წესს, თქვენს მენტალურ მდგომარეობას. მენტალური პრობლემების გამოსწორებამ შეიძლება ბოლომდე ვერ გამოასწოროს ჯანმრთელობის პრობლემა, რადგან შედეგი უკვე დამდგარია, მაგრამ რეაბილიტაციას, სწორ გზაზე წაყვანას, დაავადების შემსუბუქებას ხელს შეუწყობს. არასწორია ჯანმრთელობაზე ჩაციკვლა და მუდმივად სხვადასხვა დაავადებებზე ფიქრი.
ალკოჰოლური სასმლის მიღება როგორ აისახება ადამიანზე?
ზომიერი ყველაფერი კარგად აისახება და უზომო ყველაფერი მავნეა.
ჯანმრთელობის მხრივ როგორი პერიოდია ახლა სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნებისთვის?
ახლა იდეალური პერიოდია ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.
რა პერიოდშია დაძინება სასურველი?
23:00-დან 03:00 საათამდე პერიოდი არის ის მონაკვეთი, როდესაც აუცილებლად უნდა გვეძინოს. ცოტა ხნით დღის და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება დაძინება, მთავარია ენერგიულად ვიგრძნოთ თავი. როდესაც ერთხელ გაგვეღვიძება, მეორედ ძილის შებრუნება არ არის საჭირო, რადგან ბევრი ძილი ეზოთერულად არ არის მიღებული.
როგორც ვიცი, გაღვიძების შემდეგ ეგრევე წამოდგომა არ არის კარგი…
ნამდვილად, არ არის სასურველი. უმჯობესია, კარგად მოხდეს გამოფხიზლება, ჩვენი ორგანოების გამოღვიძება. ჩვენს ორგანიზმს არ უნდა მივაყენოთ სტრესი, ჩვენი სხეულის რიტმი მის ფუნქციას უნდა აჰყვეს. როდესაც ლოგინიდან წამოვდგებით, სასურველია, ღრმად ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, ასე ჩვენს სხეულში სასიცოცხლო ფუნქციას, ენერგიებს ვაღვიძებთ.
გადაცემის აუდიოჩანაწერი
“გზაჯვარედინი”. მეთექვსმეტე გადაცემა – ანზორ ოდიშარიასა და თაკო მელიქიშვილთან ერთად.