LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თოლია” – თავისუფლებას და სიყვარულს მიეძღვნა ეს სიმღერა

27
andreagvelesiani20

გადაცემა „რადიო დუეტის“ სტუმარი მსახიობი და მომღერალი ანდრია გველესიანი იყო, იგი „არ დაიდარდოს” სტუდიას გიტარით ეწვია და მსმენელს რამდენიმე სიმღერის ცოცხალი შესრულება შესთავაზა, გადაცემის ფარგლებში ასევე მისი საავტორო სიმღერის „თოლია” ახალი ვერსიის პრემიერა შედგა.

რა სიახლეებია შენსკენ საინტერესო?

ცოტა აცივდა, მე კი ახალი სიმღერის დაწერის პროცესში ვარ, რომელიც ახალ წელზე იქნება და ასეთი ამინდი მეხმარება, მთავარია მალე ითოვოს. როგორც ყოველთვის, ვცდილობ ყველაფერში პოზიტივი ვიპოვო. ჩემი პროფესია მსახიობობაა და ამით ვარ დაკავებული. ბოლოს იყო მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი“, რომელიც „ბლექ სი არენაზე” ვითამაშეთ და იმის შემდეგ რამდენიმე პრემიერა ჩემს თეატრში მქონდა. ჩემი პირველადი და მთავარი საქმე მსახიობობაა, მაგრამ რეალურად სულით მომღერალი ვარ, საბოლოო ჯამში გამოვიდა ისე, რომ მომღერალი-მსახიობი ვარ და ეს მომეხმარა იმაში, რომ მუზიკლში როგორც თევზი წყალში ისე ვგრძნობდი თავს.

რა სიახლეები იგეგმება თეატრში უახლოეს მომავალში ?

ახლახან გვქონდა „ჰელადოსის“ პრემიერა, ძალიან მაგრად ჩაიარა, აზერბაიჯანელმა რეჟისორმა დადგა და მიაღწია გამარჯვებას, რადგან პუბლიკამ საოცრად მიიღო, რთულია ბილეთების შოვნა, ანშლაგით მიმდინარეობს. იგეგმება „მეფე ლირის” დადგმა, ჩამოვიყვანეთ უკრაინელი რეჟისორი, რომელიც მოღვაწეობდა გერმანიაში და აქვს შთამბეჭდავი გამოცდილება, იქნება სულ სხვანაირი ლირი, საინტერესო, თანამედროვეობას მორგებული და იმედი მაქვს, რომ ეს სპექტაკლიც გაამართლებს. იანვრის ბოლოს წესით უნდა გამოვიდეს. თეატრალურ უნივესიტეტში იქნება კიდევ ერთი სპექტაკლი, „ტრამვაი, სახელად სურვილი”, ჩემთვის საყვარელი პიესაა და ასევე საყვარელ როლს ვთამაშობ, ძალიან მაგარ არტისტებთან ერთად მიწევს მუშაობა.

სიმღერების მხრივ რა ხდება, ჯერ მუსიკა იწერება შემდეგ ტექსტი, თუ როგორ?

ხან როგორ და ხან როგორ, ახლა ბოლო სიმღერაზე მუსიკა მზად არის, ტექსტზე ვმუშაობ და იმედი მაქვს მოვასწრებ ახალ წლამდე. ჩემი პირველი სიმღერაზე ”ჩემო გოგონა” ჯერ ტექსტი დაიწერა, შემდეგ მუსიკა. ბავშვობიდან სულ ვწერდი სიმღერებს, ტექსტებს და მერე ერთიანად გადავდგი ნაბიჯი. ერთ-ერთი სიმღერა, რომელიც დავწერე 12-13 წლის ასაკში, მინდა რომ ახლა ჩავწერო. მიხარია, რომ ხალხს მოსწონს და ამან უფრო მომცა სტიმული. რთული და სერიოზული განაცხადია, როდესაც ამბობ, რომ შენია და აჩვენებ აუდიტორიას.

ვინ ისმენს პირველად შენს სიმღერებს, ვინ არის მთავარი შემფასებელი?

საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც მე ვიღებ, გააჩნია სიმღერას, ვის მოვასმენინებ პირველად, ბოლო პერიოდში ჩემი მეუღლე ისმენს ყველა სიმღერას. ვცდილობ ბუნებრივი ორგანული დავწერო, პირველ რიგში ჩემთვის და შემდეგ იმ აუდიტორიისთვის ვისთვისაც ვწერ, მინდა იყოს ბუნებრივი და ძალიან ღრუბლებშიც არ ავფრინდე.

იგეგმება თუ არა რაიმე ღონისძიება, სადაც შენს სიმღერებს შეასრულებ?

ვაპირებ, გამოვუშვა ჩემი პირველი ალბომი, საავტორო სიმღერებით დაკომოპლექტებული, აუცილებლად გავმართავ პრეზენტაციას და ბენდთან და მუსიკოსებთან ერთად შევასრულებ ჩემს სიმღერებს. ასევე ვმუშაობ სხვა რამდენიმე კომპოზიტორთან. იშვიათად ემთხვევა ადამიანების გემოვნება ერთმანეთს, ალბათ იმიტომაც დავიწყე საავტორო სიმღერების წერა. ძალიან მაგარია არტისტისთვის, ხელოვანისთვის რაღაც შეგიქმნან. სამი სიმღერაა მზად სტუდიურად ჩაწერილი, იმედია სხვებიც ჩაიწერება და მომავალ წელს უკვე ალბომსაც გამოვუშვებ.

ახალი სიმღერა „თოლია“ რას გვეტყვი ამ სიმღერაზე?

ეს სიმღერა დიდი ხნის წინ დაიწერა, ეს იყო პერიოდი როდესაც საკმაოდ გვიან წავიკითხე თოლია ჯონათან ლივინგსტონი, ამას კითხულობენ სკოლაში, მაგრამ მე გვიან ჩამივარდა ხელში, ამ წიგნმა მოახდინა შთაბეჭდილება და თოლიაზე, თავისუფლებაზე მომინდა დამეწერა, პირველი სტროფი დაიწერა სწორედ ამაზე, შემდგომში როდესაც გავიცანი ჩემი მეუღლე, მას შემდეგ დავწერე მეორე სტროფი და საბოლოოდ თავისუფლებას და სიყვარულს მიეძღვნა ეს სიმღერა, თან თოლიას ბევრი რამე დაემთხვა იმ პერიოდში, ჩეხოვის თოლიას ვთამაშობდით თეატრალურში. ძაან საკრალურია ეს სიმღერა, წინა სიმღერა რაც დავწერე, ძაან ვჩქარობდი, მქონდა კლიპი გადასაღები, ამ კლიპში ვთხოვე ზუსტად ხელი ჩემს მეუღლეს, ცუდი არ არის ვფიქრობ, თუმცა შემედგომში ვიმუშავეთ, ზაზა ხუბუკელაშვილთან ერთად მის სტუდიაში და ეს არის სულ ახალი ვერსია, ვფიქრობ მეტი დრაივია, პოზიტივი. ექსკლუზივი ეკუთვნის „არ დაიდარდოს” როგორც ყოველთვის.

დიდი მადლობა სტუმრობისთვის…

 

ანდრეა გველესიანი – თოლია

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ანდრია გველესიანი – იყო არა იყო რა. Live არ დაიდარდო

 

ანდრია გველესიანი – ჩემო გოგონა. Live

 

ანდრია გველესიანი. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები