LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთხწლიანი მეგობრობის მანძილზე რამდენიმე კარგი სიმღერა ჩავწერეთ – ცირა ბზიშვილი და ლიკა დოლიძე ორი ახალი სიმღერის პრემიერით ,,არ დაიდარდოში”

28
dolidzebzishvili

29 ოქტომბერს “არ დაიდარდოს” გადაცემას “რადიო დუეტი თაკოსთან ერთად” კომპოზიტორი ცირა ბზიშვილი და მომღერალი ლიკა დოლიძე სტუმრობდნენ ორი ახალი სიმღერის პრემიერით.

– სასიამოვნოა, რომ ახალი კომპოზიციის “უსიტყვო სიტყვები” სატელევიზიო პრემიერა უკვე შედგა. საინტერესოა, როგორ გაჩნდა სიმღერის ჩაწერის იდეა?

– (ლიკა დოლიძე) პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ცირას, რომელმაც მართლაც არაჩვეულებრივი სიმღერა შექმნა და მე მომანდო მისი შესრულება. ცირა არა მხოლოდ უნიჭიერესი კომპოზიტორი, არამედ ბრწყინვალე ადამიანია, ამიტომ ძალიან მახარებს მასთან მეგობრობა. პირველივე მოსმენით მომეწონა სიმღერა “ნუ მეტყვი” და გადავწყვიტე მასთან მუშაობა, მოგვიანებით წვეულებაზე შევხვდით ერთმანეთს, გავბედე, გავიცანი და ვუთხარი, რომ ძალიან მინდოდა მისი სიმღერა ჩემს რეპერტუარში ყოფილიყო.

– (ცირა ბზიშვილი) ოთხწლიანი მეგობრობის მანძილზე რამდენიმე კარგი სიმღერა ჩავწერეთ. ყველა მომღერალს თავისი გემოვნება აქვს, ამიტომ მიდგომა და სიმღერის შერჩევაც ინდივიდუალურად სჭირდება, რადგან უამრავი ნიუანსია გასათვალისწინებელი ხმის ტემბრით დაწყებული შესრულების მანერით დასრულებული. განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოვეკიდე ლიკასთვის სიმღერის დაწერას და საკმაოდ დიდხანს ვიმუშავე, თუმცა პანდემიამ ყველა ჩვენი გეგმა ჩაშალა. საბოლოოდ სიმღერის სატელევიზიო პრემიერა გია ჯაჯანიძის გადაცემაში შედგა, როცა პატარა შემოქმედებითი საღამო გაკეთდა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ლიკას არაჩვეულებრივი ხმის ტემბრი, რომელიც ძალიან უხდება მის ხასიათს, ამიტომ ყოველთვის ბრწყინვალედ გადმოსცემს სიმღერის ხასიათს და ემოციას.

– ლიკა, რამდენად ახლოსაა ახალი სიმღერა შენს ხასიათთან?

– საბედნიეროდ, ცირამ კარგად იცის, როგორ მოარგოს სიმღერა მომღერალს. ,,უსიტყვო სიტყვები” სწორედ ის კომპოზიციაა, რომელმაც ყველა ქალის სათქმელი თქვა. ძალიან მომწონს ცირასთან მუშაობა და საოცრად კომფორტულად ვგრძნობ თავს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის მისი შენიშვნები და ყოველთვის ვითვალისწინებ, რადგან ავტორმა ყოველთვის უკეთ იცის, როგორ უნდა შესრულდეს მისი სიმღერა. ვფიქრობ, ახლო მომავალში კლიპსაც გადავიღებთ, რომელიც ადრეც ვგეგმავდით, თუმცა გარკვეულმა მოვლენებმა შეგვიშალა ხელი.

– (ცირა ბზიშვილი) სხვათა შორის, არასდროს არ გვიმსჯელია რა შინაარსის ან სტილის იქნებოდა სიმღერა. ლიკამ სრული თავისუფლება მომცა და ზუსტად ის დავწერე, რაც მის ხასიათს მოერგებოდა.

– ცირა, რატომ გადაწყვიტე უკვე პოპულარული სიმღერის “არ დაგივიწყებ” ახალი ვერსიის ჩაწერა?

– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ რვა წლის წინ სწორედ ამ სიმღერით შედგა ჩვენი და რადიო “არ დაიდარდოს” ნაცნობობა. ჩემთან სტუმრად მოსულმა გიორგიმ მშვენიერაძემ მოისმინა სიმღერა, ძალიან მოეწონა და რადიოშიც მომიწვია. მართალია, თავიდან უარზე ვიყავი, მაგრამ დღეს ბედნიერი ვარ, რადგან პრაქტიკულად სწორედ ამ სიმღერით დაიწყო  ყველაზე აქტიური პერიოდი ჩემს შემოქმედებაში. სიმღერამ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა არა მხოლოდ მელომანებში, არამედ მუსიკოსებში. ბევრმა ცნობილმა მომღერალმა შეასრულა საკუთარი ვერსიით, მე კი, მხოლოდ მაშინ გადავწყვიტე, როცა გია ჯაჯანიძემ მიმიწვია საკუთარ გადაცემაში. ჩავთვალე, რომ ყველასთვის ნაცნობი სიმღერის შეთავაზებას, ახლის გაკეთება ჯობდა და სიმღერა ახალი არანჟირებით ჩავწერე. სხვათა შორის, გიას გადაცემაც სულ რამდენიმე დღეში გავა ეთერში.

 

ლიკა დოლიძე – უსიტყვო სიტყვები

 

ცირა ბზიშვილი – არ დაგივიწყებ (2021 ვერსია)

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ცირა ბზიშვილი & ლიკა დოლიძე. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები