LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვცდილობ, ეს ტკივილის, მონატრების და დანაკარგის შეგრძნება და ენერგია საქმეში ჩავდო… ჩავწერე სიმღერა, გამოვუშვი წიგნი მამას შესახებ…“ – ქეთი წიკლაური

26
ქეთი-წიკლაური

28 ოქტომბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ქეთი წიკლაური სტუმრობდა, რომელმაც თავის შემოქმედებაზე და წიგნზე „თემურ წიკლაური – ხმა ალია სულისა“ ისაუბრა.

ქეთი, როგორია სიმღერის „იასამანი“ ისტორია?

ეს სიმღერა „ივერიას“ რეპერტუარიდანაა, მას მამიკო ასრულებდა. ძალიან ლამაზი მელოდია აქვს, რომანტიკულ-ლირიკულია და ყოველთვის ძალიან მომწონდა. მთელი ცხოვრება ვუსმენდი და რაღაც მომენტში მისი შესრულება მომინდა. ეს სიმღერა რუსულად იყო და ქართული ტექსტის გაკეთება გადავწყვიტე. ლექსი თინა ნაცვლიშვილმა დაწერა, მუსიკის ავტორი ბატონი ჯემალ სეფიაშვილია. ტექსტი ძალიან ორგანულად დაჯდა და ფაქტობრივად ისეთი შეგრძნებაა, რომ საერთოდ ახალი სიმღერაა. მინდა აღვნიშნო, რომ ეს სიმღერა საკმაოდ დიდი ხნის წინ გავაკეთე, სადღაც 10 წელი უკვე ნამდვილად ვმღერი, მამას სოლოკონცერტზე და ვარსკვლავის გახსნაზეც შევასრულე, უბრალოდ, ახლა უფრო გარეკლამდა, რადგან ძალიან შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში „ფეისბუქი“, ინტერნეტი. მე და ჩემი შვილი ირმა სოხაძესთან ვიყავით გადაცემაში სტუმრად, იქ შევასრულეთ ეს სიმღერა და რაღაცნაირად უფრო აიტაცა ხალხმა.

როგორი იყო ხალხის რეაქცია?

მინდა გითხრათ, რომ გავოცდი 2 დღეში თითქმის 100 000 ნახვა ჰქონდა. ნამდვილად გამიკვირდა, რადგან ჩემთვის არ იყო ახალი ეს სიმღერა, უბრალოდ შევასრულე.

ალბათ, ასეთი, ხალხისთვის ნაკლებად ნაცნობი, ბევრი სიმღერაა…

დიახ, ეს სიმღერაც და „მეეტლეც“ მამას რეპერტუარიდანაა. ახლა კიდევ 2 სიმღერას ვაკეთებ მამას რეპერტუარიდან, მუშაობის პროცესში ვარ.

როგორი იყო მამის გარდაცვალების შემდგომი პერიოდი?

ეს ჩემთვის ყოველთვის აქტუალური თემა იქნება ცუდი გაგებით, ალბათ, არასდროს განელდება. ყოფით დეტალებს გვერდს ავუვლი და არ დავიწყებ რაღაცების მოყოლას, უბრალოდ ვიტყვი, რომ ვცდილობ, ეს ტკივილის, მონატრების და დანაკარგის შეგრძნება და ენერგია საქმეში ჩავდო და ასე გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ, ჩავწერე სიმღერა, გამოვუშვი წიგნი მამას შესახებ…

მოგვიყევით აღნიშნული წიგნის შესახებ.

წიგნს „თემურ წიკლაური – ხმა ალია სულისა“ ჰქვია და უკვე გაყიდვაშია. ის შედგება მაგალითებისგან, რომელიც ასახავს ხალხის სიყვარულს თემურის მიმართ, მასში არის ლექსები, ბარათები, წერილები, რომელთაც მთელი ცხოვრება უძღვნიდნენ თემურს. წიგნში ბევრი საინტერესო მასალაა შეტანილი. ჯერჯერობით ძალიან პატარა ტირაჟით არის გამოსული, რადგან ფინანსებთან დაკავშირებული მომენტი იყო, მაგრამ როდესაც ეს ტირაჟი გაიყიდება და შემდეგს დავბეჭდავ, მინდა, რომ ისეთი ინტერნეტ გაყიდვა გავაკეთო, რომ მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან იყოს შესაძლებელი მისი შეძენა, რადგან ვიცი, როგორ უყვარდათ ემიგრანტების მამიკო და როგორი გულში ჩამწვდომი და ძვირფასი სიმღერები ჰქონდა თემურს ზუსტად მათთვის.

პატარა ეპიზოდს ხომ ვერ გაიხსენებდით თქვენი ბავშვობიდან?

იმდენია, რომ ალბათ, იმ ბავშვებს, რომელთაც გვქონდა ბედნიერება და კულისებში გავიზარდეთ, ასე ცალ-ცალკე გახსენება გაგვიჭირდება, მაგრამ ხშირად მითქვას და ალბათ, კიდევ ბევრჯერ ვიტყვი, რომ ყოველთვის რაღაც გასაოცარი, განსაკუთრებული ატმოსფერო იყო „ივერიაში“. ეს იყო ერთი დიდი გაუთავებელი ზეიმი და რა თქმა უნდა, ერთი დიდი ოჯახი. ძალიან მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან. წყენა, გულში ჩადება, არასდროს ასეთი რამ არ ყოფილა, მხოლოდ სითბო, ემპათია, ყურადღება, უდიდესი სიყვარული და პატივისცემა ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ.

დღევანდელ დროს რომ შეადაროთ, დღესაც იგივე ხდება შოუბიზნესში?

რა თქმა უნდა, დღევანდელ დროსაც ხდება ასე. მე ვფიქრობ, რომ და ადამიანები ფაქტობრივად არ იცვლებიან, თუმცა ადრე უფრო სხვა ურთიერთობები იყო. შეიძლება ეს სურათი ასეთი სინათლით გაჯერებული და ძალიან ინტენსიური იმიტომ არის ჩემს მეხსიერებაში, რომ ეს ძალიან ხშირად ხდებოდა, შეიძლება იმიტომ, რომ სხვა დრო იყო და ძალიან ხშირი იყო კონცერტები, სპექტაკლები, გასტროლები. ახლა ეს ყველაფერი ცოტა დახშულია ჩვენს ქვეყანაში რაღაც პრობლემების გამო, თუმცა მსოფლიოშიც შეიცვალა საერთოდ ესთეტიკა, მსახიობების, არტისტების, მომღერლების გამოსვლა და ყველაფერი შეიცვალა ინტერნეტის გამო. ახლა ყველას აქვს საშუალება ტელეფონით ჩართოს ლაივი და გამოხატოს თავი. შესაძლოა სიმღერა „იასამანი“ იმიტომ არ იცოდა მსმენელმა, რომ არ იყო გარეკლამების ამდენი საშუალება.

თავად რამდენად აქტიური ხართ სოციალურ ქსელში?

შეიძლება ვიღაცასთან შედარებით მეტად აქტიური ვარ და ვიღაცასთან – ნაკლებად, მაგრამ, ვცდილობ, რამდენადაც გამომდის ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე. დღესდღეობით ამის გარეშე არცერთი ადამიანი არ არსებობს. ეს არის ურთიერთობის, ინფორმაციის წყარო და ძალიან დიდი პლატფორმაა, მით უმეტეს არტისტებისთვის, იმისთვის, რომ გამოხატონ თავი და მიაწოდონ ხალხს თავისი შემოქმედება.

როგორ ახერხებთ, რომ სულ კარგ ფორმაში ხართ?

რა გითხრათ, ვცდილობ ვივარჯიშო, აქტიური ცხოვრების სტილით ვიცხოვრო. ვიყენებ ელემენტარულ მოვლის საშუალებებს, სიმართლე გითხრათ, რადიკალური საშუალებებისთვის და ინექციებისთვის ჯერ არ მიმიმართავს. ჯერ ერთი, რომ მეშინია ცვლილებების, არ ვიცი, როგორი იქნება შედეგი და მივიღებ თუ არა მას, თან ფინანსურადაც, რა თქმა უნდა, რთული საკითხია. ასეთ ჩარევებს არტისტისთვის ორი მხარე აქვს, შეიძლება უცებ გაგაახალგაზრდაოს და გაგალამაზოს, მაგრამ დაგიხშოს მიმიკა. არავის მინდა ვაწყენინო, მაგრამ ჩემი თვალთახედვით, ვინც ხშირად მიმართავს რადიკალურ მეთოდებს, ყველა ერთმანეთს ჰგავს, მე კი უფრო ინდივიდუალიზმის მომხრე ვარ. მომწონს ადამიანები, რომლებიც ინდივიდუალურობას ინარჩუნებენ. ქალი უნდა გამოიყურებოდეს მოვლილად, მაგრამ ადეკვატურად. რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს, მთავარია თავად იგრძნონ თავი კარგად და კომფორტულად.

როგორი ურთიერთობა გაქვთ თქვენს ყოფილ მეუღლესთან?

როგორი მოულოდნელი კითხვაა (იცინის) ძალიან ცუდია, რომ ბოლო დროს ხშირად ვერ ვურთიერთობთ, რადგან ამერიკაშია წასული. ის ძალიან წარმატებულია და ძალიან ვამაყობ და ბედნიერი ვარ, კიდევ უფრო დიდ წარმატებას ვუსურვებ მას. კარგია, როდესაც ყოფილებთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებ (იცინის) მით უმეტეს, როდესაც შვილი გყავთ საერთო, ეს აუცილებელია, რადგან ამის გარეშე ძალიან ცუდია და რთულია,  პირველ რიგში ბავშვისთვის. წყვილმა უნდა მოახერხოს, რომ ეს ყველაფერი ბავშვმა მინიმალური დარტყმით გაიაროს.

 

ქეთი წიკლაური – იასამანი

 

გადაცემის აუდიჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები