ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „საგარეო საქმეთა მინისტრის“ ინალ არძინბას განცხადებით, ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერამდე, აფხაზეთის ხელისუფლება საქართველოსთან ომის ალბათობას შეაფასებს, როგორც მაღალს.
აღნიშნულის შესახებ არძინბამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა და თქვა, რომ ისინი გამოდიან იქიდან, რომ საქართველო ამ შეთანხმებას ხელს არ აწერს.
„ვიდრე საქართველოსთან ჟენევის დისკუსიებზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას მოვაწერთ ხელს, (რომელიც ჯერ კიდევ არ არის ხელმოწერილი) ჩვენ მივიჩნევთ, რომ საქართველოსთან ომის ალბათობა მაღალია. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ საქართველო ამ შეთანხმებას ხელს არ აწერს“, – განაცხადა არძინბამ.
მისი თქმით, აფხაზეთი მზადაა, აღნიშნულ შეთანხმებას ხელი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე მოაწეროს, რომელიც ოქტომბრის დასაწყისშია დაგეგმილი.
„ოქტომბრის დასაწყისში, სავარაუდოდ, 5-6 რიცხვში იგეგმება ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი. ჩემი აზრით, ეს არის დიდი შესაძლებლობა საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებისთვის.
თუ საქართველო მშვიდობისკენ არის მომართული, მაშინ ამ შეთანხმებას მოაწერს ხელს, თუკი არა – ეს ნიშნავს, რომ ის არ მოაწერს ხელს ამ შეთანხმებას. შემიძლია ოფიციალურად განვაცხადო, რომ ჩვენ მზად ვართ ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას.“ – აღნიშნა არძინბამ და დასძინა, რომ აშშ ახორციელებს ზეწოლას საქართველოზე, რათა ე.წ.მეორე ფრონტი გაიხსნას.