LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„Areal“ – ქართული აუდიოგიდის „სტარტაპი“ ევროპისა და აზიის ბაზარზე გასვლას გეგმავს / “ბიზნესკურიერის“ პოდკასტი

80
@fortuna106.9 (9)

„არეალი“ – ციფრული გიდის პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმაა მუზეუმებისთვის. „არეალის“ იდეა საქართველოში მოგზაურობისას გაჩნდა. „სტარტაპერებს“ სამუზეუმო და კულტურულ ადგილებში განსხვავებული გამოცდილების მიღების სურვილი გაუჩნდათ, რაც აპლიკაციით სხვადასხვა სახის დინამიკური ინფორმაციის მიღებას ითვალისწინებდა.

ეს არის პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც კულტურულ და სამუზეუმო ადგილებში, ადამიანებს ციფრული გიდით სარგებლობა და ნებისმიერ ნახატზე თუ კულტურულ ობიექტზე, ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. „სტარტაპი“ საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი სამუზეუმო გაერთიანების, საქართველოს ეროვნული მუზეუმის პარტნიორია, რომლის დახმარებითაც საქართველოს ძირითად მუზეუმებში ეს აპლიკაცია უკვე დაინერგა. პანდემიის შემდგომ კი უფრო მეტი მდებარეობის დამატება იგეგმება.

„სტარტაპი“ უკვე აქტიურად ოპერირებს რეგიონულ ბაზარზე და სამომავლოდ საზღვარგარეთ გასვლასაც აპირებს.

აღნიშნულ თემაზე რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში – „ბიზნესკურიერი“ „არეალის“ თანადამფუძნებელმა, რეზი ფარულავამ ისაუბრა.

– სხვადასხვა ქვეყნებში ამ პროგრამის მსგავსი ანალოგიები გვინახავს, თუმცა თქვენ მაინც გეგმაში გაქვთ საზღვარგარეთ გასვლა. რით არის გამორჩეული თქვენი აპლიკაცია, პლატფორმა და რით შეიძლება მოხიბლოთ არამხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი მომხმარებელიც?

– სწორად ახსენეთ, რომ „არეალის“ მსგავსი, მიახლოებული პლატფორმები სხვადასხვა ქვეყნებში არსებობს, მაგრამ ჩვენ დავინახეთ ერთი საკითხი, რომელიც დაკავშირებული იყო იმასთან, რომ მუზეუმებში არ იყო პერსონიფიცირებული და მომხმარებელს, აუდიო გიდის მომსახურების კუთხით, კონკრეტული ინტერაქციები არ ჰქონდა.

რას ვგულისხმობ ამაში: მათ არ შეეძლოთ, რომ აუდიოგიდი საკუთარი ტურის დინამიკაზე მოერგოთ. იგივე დისკომფორტი ვიგრძენით ჩვენც, როდესაც 11-17 წლის ასაკში, საქართველოს სხვადასხვა ადგილებში დავდიოდით და აუდიო გიდებს ვიყენებდით.

ვინაიდან და რადგანაც ტექნოლოგიები აპარატულ უზრუნველყოფაში წინასწარ იყო ჩაწერილი, კონკრეტული მომხმარებლის დინამიკაზე მორგებული „კონტენტი“ არ არსებობდა – მათ არ შეეძლოთ უბრალოდ ის, რომ დასწეოდნენ ტურს, რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა სხვა ექსპონატთან მისულიყვნენ და სხვა ინფორმაციის შესახებ ინფორმაცია მოესმინათ.

რაც ჩვენ გავაკეთეთ არის ის, რომ აპლიკაციას კონკრეტულ ნახატებზე შეუძლია კონკრეტული ინფორმაცია მოგაწოდოს. არ არის საჭირო, რომ მაინც და მაინც 2 საათიანი „კონტენტი“ იყოს. ასევე, მომავალში ვამატებთ „მეტავერსის“ ტექნოლოგიებიდან გამომდინარე, კიდევ ერთ სიახლეს, რომელიც კონკრეტულ მომხმარებელს მისცემს საშუალებას ნებისმიერ ნახატს დინამიკა თავად მოარგოს – მივიდეს ნახატთან, კამერით „დაასკანეროს“ და მხოლოდ იმაზე მიიღოს ინფორმაცია.

ანუ, ჩვენ რეალურად, მომხმარებელზე მორგებულ აუდიო გიდის სერვისს ვთავაზობთ, რომელიც არა რაიმე აპარატში, არამედ მობილურ ტელეფონში იქნება. მეორე საკითხი – ჩვენი მიზანია, რომ აპლიკაციაში ყველა მუზეუმის „კონტენტი“ მოიპოვებოდეს და ერთი „ფაზლის“  პრინციპით, მომხმარებელს შეეძლოს ნებისმიერ დროს, ერთი აპლიკაციიდან ნახოს, უამრავ მუზეუმსა თუ კულტურული მემკვიდრეობის ადგილზე „კონტენტი“. აქედან გამომდინარე მათ აღარ მოუწევთ ადგილზე მისვლა, აუდიო გიდის ქირაობა და ა.შ.

– ერთგვარად რომ შევადაროთ ნახატების/ექსპონატების „შაზამია“ არა?

– შეიძლება ასეც ითქვას, რომ ნახატების „შაზამია.“

– რაც შეეხება უცხოურ ანალოგიებსა და საერთაშორისო მიმართულებას – რომელი ქვეყნები იგეგმება და სად არის საშუალება, რომ უფრო ადვილად შევიდეს ქართული პროდუქტი?

– ზოგადად, მსგავსი აპლიკაციები ამერიკის შეერთებულ შტატებში და დასავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში შეგვხვედრია, რომლებიც ჩვენს კონკურენტებად შეიძლება აღვიქვათ. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული ტექნოლოგიებით მუშაობენ.

ჩვენთვის მთავარი მაინც არის ის, რომ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, ასევე შუა და დასავლეთ აზიის რეგიონში, ეს ტექნოლოგია შევიტანოთ, ვინაიდან აქ ძალიან ვითარდება ტურიზმი და კულტურული მემკვიდრეობის ინდუსტრია. შესაბამისად, ამ ტექნოლოგიაზე მოთხოვნა იქნება.

თუ თვალს გადავავლებთ, აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში, ბოლო 3 თვის განმავლობაში, ტურიზმი 32%-ითაა გაზრდილი, საუბარი მაქვს ევროპიდან წამოსულ ტურისტებზე. აქედან გამომდინარე, ნელ-ნელა ბაზარზე მოთხოვნა გაჩნდება და ჩვენც, პირველ რიგში, ამ ბაზარზე ვიქნებით წარმოდგენილი.

– გასაგებია, რომ მუზეუმებისთვის აპლიკაცია ცოტა მარტივი შეიძლება იყოს, თუმცა საინტერესოა, დავუშვათ მღვიმეებში, ნაკრძალებში და გარემოს დაცვითი ადგილებში თუ იქნება ინფორმაციის მიღება ხელმისაწვდომი?

– ზუსტად ესაა ჩვენი მიზანი, რომ როდესაც ვახსენებთ კულტურული მემკვიდრეობის ადგილებს, ზუსტად ასეთ ადგილებს ვგულისხმობთ. შესაძლოა, პირველ ეტაპზე, ამ ადგილებში, როგორც ზემოთ ვახსენეთ, „შაზამის“ ფუნქცია აპლიკაციას არ ჰქონდეს, დავუშვათ იგივე „დასკანერების,“ მაგრამ კონკრეტული ინფორმაციები ჩაწერილი იქნება, სადაც უკვე „ჯეოლოკაციის“ პრინციპით აპლიკაციამ ამოიცნოს, რა ტერიტორიაზე ვიყოფებით და ინფორმაციას იმ ტერიტორიაზე მოგაწვდით.

დავუშვათ ჩვენ თუ „ოკაცეს“ კანიონთან ვიმყოფებით, მოგაწვდით შესაბამის „კონტენტს.“ კანიონის „კონტენტზეც“ ინფორმაცია დანაწევრებული იქნება და მომხმარებელს შეეძლება 2-3 წუთიანი ინფორმაცია მიიღოს და 2 საათიან აუდიო გიდის ტურს არ უსმინოს.

– რაც შეეხება შინაარს და იმ ზღვა ინფორმაციას, რომელიც ამ აპლიკაციაში იქნება თავმოყრილი. გასაგებია, რომ ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობთ და ისინი ყველანაირ ინფორმაციას მოგაწვდიან, თუმცა, შეგროვება ალბათ, ცალკე თავის ტკივილია…

– თავიდან ჩვენს ტექნოლოგიას ყველა შეუშინდა, რადგან ეგონათ, რომ გიდებს ვანაცვლებთ ან პირიქით, მაგრამ რეალურად ასე არაა. სწორედ ამიტომ გიდებთან ვთანამშრომლობთ და მათ შეუძლიათ „კონტენტი“ თავად შექმნან, შესაბამისად, კონკრეტული ანაზღაურება გამოიმუშაონ.

აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი მიზანია, იდეები იყოს მაღალი ხარისხის, ასევე „კონტენტი“ და შესაბამისად მათი მომწოდებელი ადამიანები. იმისთვის, რომ მათი იდეები დავაგენერიროთ და მომხმარებელს შეეძლოს მათ მიერ მოწოდებული „კონტენტი“ აპლიკაციის მეშვეობით ნახოს. შესაბამისად, გიდებს შემოსავლის მიღების შესაძლებლობა ეძლევათ, ასევე იმ ტერიტორიებს, სადაც ეს „კონტენტი“ იქნება შეტანილი. მასალის პრობლემა კი, ამით წყდება.

– როგორ უნდა მოვიხმაროთ ეს აპლიკაცია, უნდა ჩამოვტვირთოთ?

აპლიკაცია სისტემაში მალე გაეშვება, ჩვენ ვგეგმავთ, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში აპლიკაცია „ეფლსთორისა“ და „ფლეისთორის“ მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომი იყოს. თავიდან გვინდა, რომ რამდენიმე ადგილზე – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, მუზეუმებზე და სხვა მსგავს ტერიტორიებზე იყოს ინფორმაცია, შემდეგში კი, ნელ-ნელა „კონტენტსა“ და სხვადასხვა მასალებს დავამატებთ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები