LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არგენტინის პრეზიდენტი რუსული ვაქცინით აიცრა

126
FORTUNA.GE-

“ვაქცინაცია გვეხმარება, ვიბრძოლოთ კორონავირუსის წინააღმდეგ. გავაკეთოთ ეს!” – მოუწოდა საზოგადოებას არგენტინის პრეზიდენტმა და საკუთარ მოსახლეობას მაგალითიც თვითონ მისცა – ალბერტო ფერნანდესმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა “Sputnik V” გაიკეთა.

რამდენიმე ლათინოამერიკული ქვეყნიდან არგენტინა არის ერთ-ერთი, რომელიც საკუთარ მოსახლეობას რუსული ვაქცინით ცრის.

ქვეყნის ჯანმრთელობის მარეგულირებელი სააგენტოს მიერ დამტკიცებული ვაქცინით 60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებს ცრიან.

61 წლის ფერნანდესმა მადლობა გადაუხადა ვაქცნის მწარმოებელ კვლევით ცენტრს, ასევე სამედიცინო პერსონალს და თქვა, რომ ვაქცინა ეფექტიანია.

პრეზიდენტის განცხადებით, პანდემიის პერიოდში, ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია, მოსახლეობის რაც შეიძლება დიდმა ნაწილმა მიიღოს კოვიდვაქცინა.

მას შემდეგ, რაც არგენტინის მედიცინის, სურსათისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ეროვნულმა ადმინისტრაციამ ვაქცინის გამოყენებაზე ნებართვა გასცა, ქვეყანამ “Sputnik V”-ს  600 000 დოზა შეიძინა.

ვაქცინის 300 000 დოზა არგენტინამ გასული წლის დეკემბერში მიიღო, მეორე ნაწილით კი უკვე 16 იანვარს მომარაგდა.

საერთო ჯამში, არგენტინა “Sputnik V”-ს ვაქცინის 10 მილიონი დოზის შეძენას აპირებს.

პრეზიდენტის სურვილია, რუსულის პარალელურად, ქვეყანაში სხვა ვაქცინებიც შეიტანონ.

არგენტინის მარეგულირებელმა ორგანოებმა ასევე ნებართვა გასცეს “ასტრაზენეკას” ვაქცინის გამოყენებაზე. ქვეყანას მწარმოებელ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებული აქვს ვაქცინის 22 მილიონი დოზის მიღებაზე.

მსოფლიო კოვიდრუკაზე არგენტინა ინფიცირების მაჩვენებლით მე-12 ადგილზეა – მილიონზე მეტი შემთხვევითა და 46 ათასზე მეტი გარდაცვლილი ადამიანით.

რაც შეეხება რუსულ ვაქცინას “Sputnik V”, ის ასევე დამტკიცებულია ვენესუელაში, პარაგვაიში, თურქმენეთში, ბელარუსსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში.

გუშინ კი, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის, უნგრეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც მის გამოყენებაზე პირველადი ნებართვას გასცა.

 

უნგრეთის წამლის მარეგულირებელი ორგანოები “Astrazeneca”-ს და “Sputnik V”-ს გამოყენებაზე პირველად ნებართვას გასცემენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები