პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარისა და „ქართული ოცნების“ წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დღეს, 18 ნოემბერს, დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების ექიმებს შეხვდებიან. ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
სარჯველაძის ინფორმაციით, ეს იქნება შეფასებითი ვიზიტი. მათ შორის, შეფასება შეეხება იმ პეტიციასაც, რომელიც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა მიერ შემუშავდა და რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიზნით, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანის მოთხოვნით ხელს 1383 მოქალაქე აწერს.
„იმ ფონზე, როდესაც სამედიცინო თემებთან დაკავშირებით ინფორმაციის დამატებითი წყაროები გაჩნდა, დღეს გვაქვს დაგეგმილი, მათ შორის, კომიტეტის ფორმატში, რომ ვიზიტი გვქონდეს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალთან.
ძირითადად შეფასებითი ვიზიტი იქნება და მათ შორის, ამ პეტიციასთან დაკავშირებით, რომ სწორი, მწყობრი პოზიცია გვქონდეს ჩამოყალიბებული. ასევე, არის საუბრები ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რომ ისინიც იყვნენ ჩართული პროცესში და ველოდებით მათგან თანხმობას და პოზიციას ამის ირგვლივ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, გუშინ, 17 ნოემბერს სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა მის მიერ შექმნილი მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და გლდანის მე-18 დაწესებულებაში არსებული პირობების მის საჭიროებებთან თავსებადობას ეხება. დასკვნაში ექიმებმა მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი დაკავების დღიდან, 1-ლი ოქტომბრიდან, უკვე 49-ე დღეა შიმშილობს. ის მზადაა, შეწყვიტოს შიმშილობა იმ შემთხვევაში, თუკი მას სამოქალაქო ტიპის, მულტიპროფილურ საავადმყოფოში გადაიყვანენ.