LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის თუ არა ლისზე არსებული ტკიპები ბორელიოზის გადამტანი? – პასუხი დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან

874

ლისის ტბაზე არსებული ეპიდემიის შესახებ ბოლო კვირის განმავლობაში, სოციალურ ქსელში ინფორმაცია რამდენჯერმე გავრცელდა. FB მომხმარებლებმა დაწერეს, რომ ამ ტერიტორიაზე ტკიპის აკვრის შედეგად, რთული ინფექციები განუვითარდათ.

“ფორტუნამ” ინფორმაციის გადამოწმება რამდენიმე უწყებასთან სცადა. საბოლოოდ, ოფიციალური პასუხი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მივიღეთ.

როგორც “ფორტუნას” ცენტრიდან აცნობეს, ლისის ტბის მიდამოებში შემდეგი სახეობის იქსოდისებური ტკიპები ბინადრობენ, ეს ტკიპები ასევე გავრცელებულია მთელ საქართველოში: Dermacentor marginatus, Hyalomma marginatum, Boophilus calcaratus, Ixodes ricinus, Rhipicephalus sanguineus. ამათგან ლაიმის ბორელიოზის გადამტანი შეიძლება იყოს Ixodes ricinus.

რაც შეეხება შემთხვევებს, მიმდინარე წელს სულ საქართველოში რეგისტრირებულია 34 შემთხვევა, აქედან თბილისში 10. მათ შორის ყველაზე ახლოს ლისის ტბასთან, ნუცუბიძის მე3 მ/რ-ში – 1 შემთხვევა.

„მსგავსი შემთხვევა დაფიქსირებულა საქართველოში. ლაიმის ბორელიოზის ყველა შემთხვევა შესწავლილია ეპიდემიოლოგიურად.ლაიმის დაავადების 1 შემთხვევა ნუცუბიძის პლატოზე ეპიდემიად ნადვილად ვერ შეფასდება. ტკიპები, როგორც მოგეხსენებათ, ბუნებაში იყო, არის და იქნება. რომელიც ეპიდემიის საშიშროებას არ ქმნის“,– განაცხადეს დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

მათი ცნობით, ტკიპების მიკვრის შემთხვევების რეგისტრაცია არ ხდება, არც საქართველოში და არც არსად განვითარებულ ქვეყნებში. ზოგიერთი ქვეყნის კვლევით დადგენილია, რომ ტკიპის ნაკბენის შემდეგ ბორელიოზი ემართება 1-1,6 %- ს.

მათივე ინფორმაციით, 12 მილიონიან პენსილვანიაში (აშშ) წელიწადში ლაიმის ბორელიოზის 4-7 ათასი შემთხვევა აღირიცხება, 6,5 მილიონიან მასაჩუსეტის შტატში 3-4 ათასი შემთხვევა. გერმანიაში კი 50-60 ათასი შემთხვევაა ყოველწლიურად.

პ.ს. ბორელიოზი, იგივე ლაიმის დაავადება,საკმაოდ ფართოდ გავრცელებული ინფექციაა, რომლიც გადაიტანება ტკიპების მეშვეობით.

თამთა უთურგაშვილი

magti 5g