ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ მედიცინის დოქტორმა, „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ პროფესორმა, ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგმა, „ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის“ წამყვანმა ექიმმა – მაკა ჯორბენაძემ არაერთ აქტუალურ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის მოზარდებში გახშირებულ გამონაყარზე.
სპეციალისტი ამბობს, რომ ასეთ დროს აუცილებელია სწორი დიაგნოსტირება და დროული მკურნალობა:
სქესობრივი მომწიფება მოზარდებში, ნორმა და დაგვიანება – რას გვირჩევს ბავშვთა გინეკოლოგი მაკა ჯორბენაძე
„რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ მენსტრუალური ციკლის მონიტორინგი, როდის ითვლება ციკლი დაგვიანებულად, რამ შეიძლება გამოიწვიოს მენსტრუალური ციკლის დაგვიანება ან გაქრობა, რა აუცილებელი კვლევები უნდა ჩაიტაროს ასეთ დროს მოზარდმა, რამდენად საყურადღებო პრობლემაა ჭარბი წონა, ჭარბი თმიანობა და გამონაყარი, რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა“ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ […]
„მოზარდობის პერიოდში იმდენად ხშირად არის ხოლმე გამონაყარი, რომ ამბობენ, თითქოს ნორმაა, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის ნორმა. რა საკვირველია, მნიშვნელოვანია ისიც, თუ რამდენად ჭარბად არის გამოხატული გამონაყარი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აუცილებლად საჭიროებს გამოკვლევას, ასევე დერმატოლოგების ჩართულობას. მნიშვნელოვანია, პროცესში რეპროდუქტოლოგის ჩართულობაც, რომ გაირკვეს, ხომ არ არის ეს გამონაყარი საკვერცხის პრობლემების მიერ გამოწვეული. თუ გამონაყარი საკვერცხის მიერ პრობლემებთან არის დაკავშირებული, ამას, რა თქმა უნდა, სწორი დიაგნოსტირება და დროული მკურნალობა სჭირდება, რომ ავიცილოთ გართულებები და გამონაყარმა უფრო მწვავე ხასიათი არ მიიღოს“.
კითხვაზე: „ჰორმონალური დისბალანსის და სხვადასხვა ტიპის პრობლემების დროს, როცა ექიმი მედიკამენტური მკურნალობის დანიშვნის გადაწყვეტილებას იღებს, მშობლებს უჩნდებათ შიშები პრეპარატებთან დაკავშირებით. რომ აგვიხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაციის გაზიარება და რამდენად მნიშვნელოვანია კონკრეტული პრობლემის წინააღმდეგ მიმართული მედიკამენტის მიღება იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ გარკვეული გართულებები?“- მაკა ჯორბენაძემ უპასუხა:
„ძალიან ხშირად, მოსახლეობას აქვს მოსაზრება, რომ ჰორმონალური პრეპარატის მიღება საშიშია. ეს საშიშია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს არ სჭირდება და საჭირო არ არის. ზედმეტად არცერთი წამლის მიღება არ არის სასურველი.
მინდა ვთქვა, რომ როცა ჰორმონალური პრეპარატები არ არსებობდა, სხვადასხვა პათოლოგიების დროს, ბევრად რთული და საშიში მკურნალობის მეთოდები იყო. მაგალითად, საკვერცხის კისტა რომ ავიღოთ, ამ დროს, მკურნალობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ჰორმონალური პრეპარატია. თუ პაციენტი ჰორმონალურ პრეპარატს არ მიიღებს, მისი კისტა შეიძლება გაიზარდოს და მას ოპერაციული ჩარევა დასჭირდეს. ადრე, როდესაც ჰორმონალური პრეპარატები არ არსებობდა, ასეთ პაციენტებს ქირურგიული ჩარევა უტარდებოდათ. შესაბამისად, ჰორმონალურმა პრეპარატებმა ძალიან კარგი მკურნალობის მეთოდი მოგვცა.
ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა სისხლდენებიც, რაც ძალიან ხშირია მოზარდობის ასაკში, რაზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. აღსანიშნავია, რომ ბავშვები ამას ხშირად უმალავენ მშობლებს, რადგან რატომღაც, ეშინიათ ექიმთან წასვლის. მინდა, მოზარდებს ვუთხრა, რომ პირველ რიგში, ყველაფერი უთხრან დედას, რადგან ხშირად არის ხოლმე დაგვიანებული შემთხვევები. აღნიშნული პრობლემის დროსაც, პირველ რიგში, ჰორმონალური თერაპია გვჭირდება ხოლმე. ჰორმონალური თერაპიის არსებობამდე, აქაც ქირურგიული ჩარევა იყო ხოლმე საჭირო.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჰორმონალური პრეპარატის სწორად დანიშვნას. სწორად მიმართული და დანიშნული პრეპარატი საშიში არ არის. რა თქმა უნდა, არ შეიძლება, აღნიშნული პრეპარატის თვითნებურად მიღება, ასევე არ შეიძლება, პრეპარატის თვითნებურად შეწყვეტაც, ამან შეიძლება, სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანოს პაციენტი.
როცა პრეპარატი შესაბამისი, კვალიფიცირებული სპეციალისტის მიერ არის დანიშნული, რა თქმა უნდა, საშიში არ არის“, – ამბობს ექიმი.