სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა რადიო “ფორტუნასთან” გარემოს დაბინძურებაზე, ამ კუთხით არსებულ ვითარებაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ლევან დავითაშვილი თვლის, რომ ამ მრივ აუცილებელია საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა სამინისტრომ დაბინძურების მუდმივი მონიტორინგი.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ჰაერში ტყვია არ არის. თბილისში ის ძირითადად, ტრანსპორტის გამო, ხოლო რეგიონებში მტვრით ბინძურდება.
“საქართველოში ვითარდება ავტომატური ჰაერის მონიტორინგის სისტემა, რაც უფრო მეტი სადგური გვექნება, მეტი წერტილიდან გვექნება ინფორმაცია ჰაერის დაბინძურების შესახებ. გითხარით, რომ 2018 წელი იყო პირველი წელი, როდესაც ჩვენ შევძელით და შევიძინეთ მობილური ჰაერის სადგური, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია მობილურად მივიღოთ ინფორმაცია საქართველოს სხვადასხვა წერტილში ჰაერის დაბუნძურების შესახებ.
ტყვიის მიმართულებით ჰაერი ნორმაშია. არსებობს გარკვეული დამაბინძურებლები, მნიშვნელოვანია ამის გააზრება თუ რა დამაბინძურებლებია. ეს არის აზოტის დიოქსიდი, მისი გამოყოფა უკავშირდება ძირითადად, ავტოტრანსპორტით გადატვიღტულ ადგილებს, მაგრამ დანარჩენ საქართველოში ის რა თქმა უნდა, ნორმაში იქნება. აღმოსავლეთით კი ეს არის მყარი დამაბინძურებლები, ძირითადად მტვერს რასაც ვეძახით. ამ კუთხით, რა თქმა უნდა მეტი გამწვანება გვინდა და ეს მუნიციპალიტეტების პრიორიტეტია,” – განაცხადა მინისტრმა.
ტყვიით გაჯერებული ქართული საკვები - გამოკვლეულ ნიადაგებში ტყვიის მაღალი შემცველობა ფიქსირდება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, სურსათში ტყვიასთან ასოცირებული რისკის შეფასების ანგარიშს აქვეყნებს. გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, დასავლეთ საქართველოს დიდი ქალაქების ნიადაგების უმეტესობაში, ტყვიის შემცველობა გამოვლინდა. აბაშა, ბათუმი, ზესტაფონი, ზუგდიდი, ოზურგეთი, სენაკი, ფოთი, ქობულეთი, ბოლნისი – ამ ქალაქებში, რამდენიმე ადგილიდან აღებული ნიმუშებიდან უმეტესობაში, ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმას აღემატება. განსაკუთრებით პრობლემურია, ბოლნისის რაიონი და სენაკი. სენაკში […]
რაც შეეხება “ფორტუნას” კითხვას, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში, ნიადაგში ტყვიის აღმოჩენის შესახებ დავითაშვილმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ კონკრეტული ადგილებია და არა საქართველოს დიდი ტერიტორია.
“ეს არის მცირე ლოკაციები. დაბინძურება კონკრეტულ ფაქტებს უკავშირდება. ჩვენ ვაგრძელებთ კვლევებს და ამისთვის შევქმენით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, ლაბორატორიები. ასევე, გაჩნდა ახალი ინფორმაციული პლატფორმა, რომელიც ყველა დაინტერესებული ადამიანის ჩართულობას უზრუნველყოფს. ყველანაირი გარემოსდაცვითი ინფორმაცია საჯარო და ხელმისაწვდომია,” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა “ფორტუნასთან”.
კითხვაზე არის თუ არა ნიადაგში პრობლემები ტყვიის მხრივ, მინისტრი აცხადებს, რომ ნიადაგში სხვადასხვა პრობლემებია, ზოგან ნაყოფიერების კუთხით, ზოგან – დაბინძურების.
“მნიშვნელოვანია გამოსწორების ღონისძიებები, მნიშვნელოვანია მიზეზების აღმოფხვრა. ამ კუთხით 2019 წელს “გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონმდებლობა” შედის ძალაში. ის მნიშვნელოვანწილად პრევენციას გაუკეთებს ისეთ საქმიანობებს, რომელიც დაკავშირებულია დაბინძურებასთან, მიტოვებასთან, მათ შორის წიაღისეულის მოპოვების სფეროში. ძირითადი დამაბინძურებელი ხომ ეს არის? ასე რომ, ეს მთელი დღის წესრიგია ჩვენი სამინისტროსთვის,” – აღნიშნა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა, სურსათში ტყვიასთან ასოცირებული რისკის შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა. ამ მონაცემებით, დასავლეთ საქართველოს დიდი ქალაქების გამოკვლეული ნიადაგების უმეტესობაში, ტყვიის შემცველობა გამოვლინდა. აბაშა, ბათუმი, ზესტაფონი, ზუგდიდი, ოზურგეთი, სენაკი, ფოთი, ქობულეთი, ბოლნისი – ამ ქალაქებში, რამდენიმე ადგილიდან აღებული ნიმუშებიდან უმეტესობაში, ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმას აღემატება. განსაკუთრებით პრობლემურია, ბოლნისის რაიონი და სენაკი.