საქართველოში წარმოებული შავი პურის დიდი ნაწილი შეღებილია. ამის შესახებ ”ფორტუნას” მომხმარებელთა ფედერაციის პრეზიდენტმა მადონა კოიძემ განუცხადა.
მისი თქმით, საკვები დანამატები და საღებავები სხვადასხვა პროდუქტში მთელ მსოფლიოში გამოიყენება, მათ შორის ჩვენთანაც. ”შეღებილი პური ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ქვეყანაში არ არსებობს ლაბორატორია, სადაც გაირკვევა, რა ტიპის საღებავებს იყენებენ წარმოებაში,” – აღნიშნა კოიძემ.
მომხმარებელთა ფედერაციის პრეზიდენტის განმარტებით, საქართველოში ჭვავის ფქვილი ძალიან მცირე რაოდენობით შემოდის, ბაზარი კი შავი პურითაა გაჯერებული.
”საქართველოში წარმოებული შავი პურის ნიმუშები ცოტა ხნის წინ გერმანიის ლაბორატორიაში გაიგზავნა, პასუხი საინტერესო იყო. აღმოჩნდა რომ საქართველოში წარმოებულ პურში ჭვავის ფქვილის მხოლოდ კვალი აღნიშნება,” – განაცხადა კოიძემ.
”ფორტუნა” სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელსაც ესაუბრა. როგორც სურსათის დეპარტამენტის რისკების მართვისა და კონტროლის სამმართველოს უფროსმა თამთა მიქანაძემ განაცხადა, ამჟამად სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად პურის ტექნიკური რეგლამენტი მუშავდება, რომლის ამოქმედების შემდეგ საქართველოში პურის ხარისხის კონტროლი შესაძლებელი გახდება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სააგენტოს ინფორმაციით, პურის ხარისხი ახლაც მოწმდება, თუმცა მხოლოდ პესტიციდების, რადიაციული ფონის, მძიმე მეტალებისა და სხვა ტოქსიკური ელემენტების შემცველობა. ”ამ მხრივ დარღვევები, ჯერჯერობით, ადგილობრივ წარმოებაში არ დაფიქსირებულა,” – განაცხადეს სააგენტოში.